სტატიები

როდესაც ბავშვი ნახატით ლაპარაკობს – ნახატი, როგორც არაცნობიერის ენა

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ზიგმუნდ ფროიდის მიერ არაცნობიერის აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ადამიანზე. ფსიქოანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის შინაგანი ცხოვრება მხოლოდ ცნობიერი აზრებით არ განისაზღვრება, ჩვენს სურვილებს, შიშებს, სიმპტომებსა და ემოციებს ხშირად არაცნობიერი გამოცდილებები მართავს. ამ აღმოჩენამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ბავშვობას, რადგან სწორედ ბავშვობის პერიოდში ყალიბდება ადამიანის ფსიქიკური სამყაროს საფუძვლები.

ფსიქოანალიზისთვის ბავშვობა მხოლოდ ცხოვრების საწყისი ეტაპი არ არის. ბავშვობის გამოცდილება განსაზღვრავს ზრდასრული ადამიანის შინაგან სამყაროს, მის ურთიერთობებს, შიშებსა და სურვილებს. სწორედ ამიტომ ფროიდი ამბობდა, რომ „ბავშვი არის მოზრდილის მამა“ ანუ ზრდასრულ ადამიანში ყოველთვის აგრძელებს არსებობას ბავშვობის გამოცდილება.

ფსიქოანალიზის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო ის, რომ ბავშვსაც აქვს საკუთარი ფსიქიკური რეალობა. მანამდე ბავშვი ხშირად აღიქმებოდა, როგორც არასრულყოფილი ზრდასრული, რომელსაც უბრალოდ აღზრდა და დისციპლინა სჭირდება. ფსიქოანალიზმა კი აჩვენა, რომ ბავშვს აქვს საკუთარი ტკივილი, ფანტაზიები, შიშები და ტრავმები, რომლებიც ხშირად სიტყვებით ვერ გამოითქმის.

ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მოსმენას. ბავშვი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის, თუმცა საკუთარ მდგომარეობას თამაშით, ნახატით, დუმილით ან სიმპტომით გამოხატავს. სწორედ ამიტომ ბავშვთა ფსიქოანალიზში თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მელანი კლაინმა, რომელიც ბავშვთა ფსიქოანალიზის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, თამაშის ანალიზი სიზმრის ანალიზს შეადარა. მისი აზრით, ბავშვი თამაშის დროს საკუთარ არაცნობიერ სამყაროს „დგამს სცენაზე“. ამავე მნიშვნელობისა და სიმბოლოების მატარებელია ნახატიც, რადგან ბავში სწორედ ნახატის საშუალებით შეიძლება ამჟღავნებდეს იმას, რაც მისთვის გამოუთქმელია ვერბალურად. ნახატი კი, ფერითა თუ ფორმით, შინაარსითა თუ იდეით შეიძლება გამოხატავდეს, იმ ემოციურ და ფსიქოლოგიურ ველს, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ბავშვი. 

წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფრანსუაზ დოლტოს იდეებსაც. დოლტომ  შეცვალა საზოგადოებაში ბავშვის აღქმა. მისთვის ბავშვი დაბადებიდანვე სუბიექტია, არსება, რომელსაც საკუთარი განცდები და შინაგანი სამყარო აქვს. დოლტო მიიჩნევდა, რომ ბავშვთან სიმართლის დამალვა ხშირად სწორედ სიმპტომების, შფოთვისა და ფსიქიკური ტკივილის წყარო ხდება. მისი აზრით, ოჯახში უთქმელი სიმართლე ყველაზე ხშირად ბავშვის ფსიქიკაში ბრუნდება, ის თუ გამოხატული არ არის სიტვით ხშირად შეიძლება ნახატის სიმბოლოებში მჟღავნდებოდეს. 

ფრანგული სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მოდ მანონია, რომელიც ბავშვის სიმპტომს მთლიანად ოჯახის ფსიქიკურ ისტორიასთან აკავშირებს. მისი ხედვით, ბავშვი ხშირად გამოხატავს იმ კონფლიქტებს, რომლებსაც ოჯახი ვერ აცნობიერებს ან ვერ ამბობს. ბავშვი თითქოს ოჯახის უხილავ ტკივილს ატარებს, ეს დამალული თუ ვერ აღმოთქმული ემოციები კი ნახატის ფორმით ახდენს კულტივირებას.

კრებულში განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვთა ფსიქოანალიზის ისტორიის აღწერაც. ტექსტი გვიყვება „პატარა ჰანსის“ შემთხვევაზე, ის იყო პირველი ბავშვი, რომელთანაც ფროიდმა ფსიქოანალიტიკური მეთოდი გამოიყენა. პატარა ჰანსი ცხენების შიშით იტანჯებოდა და მისი ფობია იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას მთლიანად განსაზღვრავდა. სწორედ ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ბავშვის სიმპტომს ყოველთვის აქვს ფსიქიკური მნიშვნელობა და ის შემთხვევითი არასოდეს არის, სწორედ აღნიშნულ ნახატს შეხვდებით ჩვენი გამომცემლობის წიგნის ყდის დიზაინზეც. 

წიგნი გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება. ავტორები აკრიტიკებენ მხოლოდ ბიოლოგიურ და მედიკამენტურ მიდგომებს, რომლებიც ბავშვის სიმპტომს მხოლოდ დიაგნოზად აღიქვამენ. ფსიქოანალიზი კი ცდილობს ბავშვის მოსმენას, მისი თამაშის, სიტყვების, დუმილისა და შიშების გაგებას ნახატებზე დაყრდნობით, და არა მარტო. 

ბავშვის ნახატი ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები, როგორც უკვე ავღნითნეთ, ფსიქოანალიტიკოსები აღწერენ, როგორ გამოხატავენ ბავშვები საკუთარ შიშებს, სურვილებსა და შინაგან კონფლიქტებს თამაშით, ფანტაზიითა და ნახატებით. განსაკუთრებით საინტერესოა სოფი მორგენსტერნის იდეა, რომლის მიხედვითაც ბავშვი საკუთარ „ნამდვილ მეს“ ყველაზე უშუალოდ სწორედ ნახატში ავლენს.

„ის რის თქმასაც ან დაწერასაც ბავშვი ვერ გაბედავდა,

საკუთარ ნახატებში ისე ამჟღავნებს, რომ ვერც კი წარმოუდგენია

თუკი ამის აღმოჩენა შეუძლია სხვას. ნახატებში,

ის თავს უფლებას აძლევს იყოს თავისი თავი, რისკავს და

გამოხატავს თავის „ნამდვილ მე-ს“.   (სოფი მორგენსტერნი)

ფსიქოანალიზისთვის ბავშვის ნახატი უბრალოდ ფერებისა და ფორმების ერთობლიობა არ არის, ის შინაგანი სამყაროს ენაა. ხშირად ბავშვი იმას, რასაც ვერ ამბობს ან ვერ ბედავს, ქაღალდზე გადმოსცემს. სწორედ ამიტომ ბავშვთა ფსიქოანალიზი ცდილობს მოუსმინოს არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ბავშვის სამყაროს აღქმის ფორმებს, რომელიც მის ნახატებია ასახული. 

ბავშვის მიერ დახატულ ფიგურებში, ფერებში, გამეორებად ფორმებსა თუ ცარიელ სივრცეებში ფსიქოანალიტიკოსები ხშირად ხედავენ შფოთვას, მარტოობის განცდას, ოჯახურ დაძაბულობას ან იმ ემოციებს, რომლებსაც ბავშვი საკუთარ თავშიც კი ვერ აცნობიერებს. ზოგჯერ ერთი შეხედვით უბრალო ნახატი შეიძლება ბავშვის შინაგანი სამყაროს ყველაზე გულწრფელი გამოხატულება აღმოჩნდეს.  სწორედ ამიტომ ფსიქოანალიზი ბავშვის ნახატს არასოდეს აღიქვამს მხოლოდ თამაშად, ის მას ბავშვის არაცნობიერის კარიბჭედ მიიჩნევს, სადაც სიტყვების მიღმა დამალული განცდებია. 

წიგნი, განკუთვნილია  არა მხოლოდ ფსიქოლოგებისთვის, არამედ მშობლებისა და პედაგოგებისთვისაც. ის გვახსენებს, რომ ბავშვი არ არის უბრალოდ აღსაზრდელი ობიექტი,  ის არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი შინაგანი სამყარო აქვს, ჩუმი ხელოვნების ფორმა, კი რომელიც ხატვაა, ერთ-ერთი დასაყრდენია მივუყურადოთ იმ არაცნობიერ განცდებს, შიშებსა თუ ტრავმებს, რომელსაც ბავშვი შესაძლოა  სხვაგვარად ვერ გამოხატავდეს.