სტატიები

ოცდამეთოთხმეტე საღამო – გიორგი სუხიტაშვილი

ისეთი ნისლი იყო ჩამოწოლილი, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებში იცის. მე მაინც იმედი მქონდა, რომ ამ ღამესაც მოვიდოდა ჩემი მყუდრო მარტოობის ერთადერთი თანაზიარი. საღამოსკენ ჰაერი თანდათან გამჭვირვალე გახდა და დავინახე როგორ ივსებოდა ჩემი ოთახი ვერცხლისფერი შუქით. ადრე, ძალიან ადრე, მითხრა მთვარემ, სპარსეთის მიწებიდან დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალმა უდაბნოს ჩავუარე. გზად, მარილიან ტბაში რომელიღაც დინებიდან შემთხვევით მოხვედრილი ერთადერთი თევზი შევნიშნე. საბრალო აქეთ-იქეთ აწყდებოდა, გასასვლელს ეძებდა.

ბოლოს პირი წყლიდან ამოჰყო და დამშვიდებული მამაცურად წავიდა ფსკერისკენ. შორს, ღამის სიმშვიდეში ჩაძირული ქალაქი მოსჩანდა. მისკენ მიმავალი ზეთისხილის ბაღებთან შევყოვნდი და ერთ სცენას დავაკვირდი. შემდეგ ქალაქის დიდებული ტაძრის ოქროსფერ გუმბათზეარეკლილი საკუთარი თავი დავინახე და მოედანზე მდუმარედ მდგარი რომაელი ჯარისკაცის ჯავშანიც გავანათე.

ცოტა მოშორებით, პატარა, ღარიბული სახლის ერთ-ერთ ოთახში საწოლზე ციცქნა სხეული იწვა და მაღალი სიცხისგან კრუნჩხვები ეწყებოდა. ხელში ხისგან გამოთლილი ცხენი ჩაებღუჯა. ფანჯრიდან შეჭრილ ჩემს სხივებზე კიდევ ერთხელ შეხედა თავის საყვარელ სათამაშოს და დავინახე როგორ გაუნათა თვალები ამ პატარა სიხარულმა. სახლის გარეთ ორი ქალი იჯდა. ყური მოვკარი ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს:

“მეშინია რომ ამ ღამეს ვერ გადაიტანს, ღმერთო ნუთუ არ უნდა არსებობდეს რამე წამალი”, ამბობდა ერთი, დარდით გათანაგული ხმით.

“იქნებ ამ ღამესვე მოგვეძებნა ის წინასწარმეტყველი ხალხი ამდენს რომ ლაპარაკობს მასზე”, უთხრა მეორემ, უფრო ხანშიშესულმა.

“მოვძებნი, ახლავე როგორმე უნდა ვიპოვო, იქნებ მოვუსწრო ბავშვს”, თქვა პირველმა, სახლში შევარდა, მხრებზე მოსასხამი მოიფარა და ღამის ქალაქში გაუჩინარდა.

არ ვიცი იპოვა თუ არა, მითხრა მთვარემ. მე სულ ის კაცი მახსენდება იმ ღამეს ზეთისხილის ბაღში რომ ლოცულობდა და შემდეგ აღარასდროს მინახავს. დროდადრო ამომხედავდა ხოლმე, თითქოს მემშვიდობებოდა, ერთხელ ცრემლიც კი წამოუვიდა. ერთადერთი კითხვა მაწუხებს მას შემდეგ,

ნუთუ არა აქვს ნოსტალგია, ნუთუ აღარ უნდა ჩემი დანახვა?