სტატიები

„როგორ მოვიპაროთ დრო – პრაქტიკული სახელმძღვანელო მილენიალებისთვის” – მარიამ მახარაძე

ავტორის სტილი დაცულია

– დე, ტელეფონს მათხოვებ? – მეკითხება ჩემი 6 წლის შვილი და უკვე მექანიკურად ვიმეორებ დღეში ათასჯერ ნათქვამ ფრაზებს: რომ სულ ეკრანი უნდა, თვალები ეტკინება, ასე ვერ იქნება ჭკვიანი, ადვილად ღიზიანდება და ა.შ., მაგრამ მერე მახსენდება, რომ თუ ეკრანს არ ვათხოვებ, ვერ მოვასწრებ საუზმეს, სამსახურამდე ცოტა სახლის მილაგებას, ტანსაცმლის გაუთოვებას და ცოტა ხანი ამოსუნთქვას. კბილებში გამოვცრი: 10 წუთი და უკვე ვიცი, რომ ვერ შევასრულებ.

საათს ვუყურებ 7:45. თუ ლილის 20 წუთი მაინც ეძინება, ძიძის მოსვლამდე ცოტა სახლის მილაგებას და რაც მთავარია მშვიდ საუზმეს მოვასწრებ. გონებაში ვანაწილებ რა დრო დამჭირდება ყველა მოქმედებისთვის. ჩაის დასალევად და საჭმელად 7 წთ გამოვყავი. ბევრი არ არის, მაგრამ გუშინ მაგდენიც არ იყო. მიყრილი ტანსაცმლის დალაგება დავიწყე, თან წუთებს ვითვლი, რომ არ დამაგვიანდეს. სათამაშოების დასალაგებლად 2 წთ მაქვს, მაგრამ ლეგოს ფეხს ვადგამ და აქედან წუთნახევარი ტირილის შეკავებაში გადის. ჭურჭელს ზერელედ ვრეცხავ რომ საუზმეს მივუსწრო. არის, მოვასწარი, შემიძლია დავჯდე 7 წუთი, სქროლვით და ავოკადოს ტოსტით ვისიამოვნო. წუთების განაწილება სამსახურში მასწავლა დროის მართვის ქოუჩმა. ახლა ხომ ყველაფერს ქოუჩი ჰყავს. წუთნახევრის შემდეგ ლილის ტირილის ხმა ისმის. ჯანდაბა, ისევ მშიერი უნდა წავიდე და სამსახურის აპარატიდან რაღაც ჩამოვაგდო.

ლილი ხელში ამყავს, ვამშვიდებ, მაგრამ თამაშს ვერ ვასწრებთ. ვპირდები, რომ როგორც კი მოვალ, ვეთამაში. ჩემი 1 წლის გოგონა დიდი ლურჯი და მოწყენილი თვალებით მიყურებს. ორივემ ვიცით, რომ ვიტყუები. სამსახურიდან მოსული ისეთი დაღლილი ვიქნები მუშაობის, საცობის და სიცხის შემდეგ, რომ ერთი სული მექნება ორივე ბავშვმა როდის დაიძინოს, რათა ისევ დავალაგო სახლი, ვიწუწუნო რომ დავიღალე, ბავშვების დაძინების შემდეგ ტელეფონი ვსქროლო და დილით შესიებული თვალებით გავიღვიძო. ასე დაუსრულებლად.

– 10 წუთი გავიდაააა ! ვღრიალებ და ალექსანდრეს ტელეფონს ვართმევ. თან ფეხზე ვიცმევ და თან ვცდილობ ატირებული ლილი ტანსაცმლიდან მოვიშორო. 3 წუთში თუ სახლიდან გავალ, ავტობუსს მივუსწრებ და არ დამაგვიანდება. თუ არადა, 15 წუთი მაინც მომიწევს ლოდინი. ალექსანდრე ნაწყენია, მაგრამ მაინც მიყვება თავის თამაშზე რაღაცას. მეჩქარება, მერე მომიყევი ვეუბნები და გავბრივარ. ცოტა ჩქარი ნაბიჯით თუ ვივლი, 3 წუთში ჩავეტევი.

მოვასწარი! ცოტა კი ვირბინე, მაგრამ ავტობუსში ვარ. დაახლოებით 40 წუთი მაქვს სამსახურის გზაზე. ეს დღის ჩემი საყვარელი მონაკვეთია, რადგან შემიძლია მუსიკას ვუსმინო, ხოლო თუ დასაჯდომი ადგილიც მერგო, ცოტა წიგნიც წავიკითხო. ამ 40 წუთში ვიბრუნებ ხოლმე თავს. დღეს არ გამიმართლა, ვერ დავჯექი, მაგრამ მუსიკის მოსმენაც მომენატრა. Spotify, რომელიც უკვე კარგად იცნობს ჩემს გემოვნებას, Pink-ის Family Portrait-ს მთავაზობს და აქ გული მიჩუყდება. მახსენდება, რომ დილით ლილის ვერ ვეთამაშე, ალექსანდრეს მობილური მივაჩეჩე და მერე მის ამბავს არ მოვუსმინე, ხოლო ჩემი ქმრის ნათქვამზე, რომ ის კაცები, რომლებიც დილით ცოლს კოცნიან უფრო დიდხანს ცოცხლობენ, გაღიზიანებულმა ავღნიშნე, რომ მეჩქარება და სისულეებისთვის დრო არ მაქვს.

ყოჩაღ მარიამ, ახლა დარჩენილი დრო ზედმეტ ფიქრს უნდა დავუთმო ვარ თუ არა კარგი დედა და ცოლი.

სრულად წაიკითხეთ აქ: როგორ მოვიპაროთ დრო