სტატიები

სიღრმის ფსიქოლოგია და თერაპიის ძირითადი პრინციპები

სიღრმის ფსიქოლოგია და თერაპიის ძირითადი პრინციპები

სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპია არ არის სიმპტომატური მკურნალობის მეთოდი, ანუ არ არის მხოლოდ ავადმყოფობის სიმპტომის მოხსნაზე ორიენტირებული მიდგომა, არამედ პიროვნების ზრდაზე, თვითრეალიზაციასა და ინდივიდუაციაზე მიმართული პროცესია. ამიტომ ამ სფეროში მომუშავე ფსიქოთერაპევტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დინამიკურ ფსიქოთერაპიაში სხვადასხვა სახის თერაპიულ ტექნიკას შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია: 1. თერაპევტის ცნობიერების დონე, მისი სულიერი სიმწიფის ხარისხი; 2. თერაპევტის საკუთარ ავთენტიკურ „მე“-სთან იდენტიფიცირების უნარი და დონე; 3. მედიტაციური ცნობიერების დონე, რომელიც გულისხმობს სხეულის შეგრძნებების, ემოციებისა და აზრების სრულ განცდას. ამავე დროს მათგან დიზიდენტიფიცირებას, მათი განკითხვისა (judging) და მოქმედებაში მოყვანის (acting out) გარეშე; ამ მეთოდით მკურნალობის დროს ფსიქოთერაპევტი არ უნდა იყოს ორიენტირებული რეზულტატზე, ანუ ფსიქოთერაპევტი არ უნდა ცდილობდეს პაციენტის „აწყობაშეკეთებას“; მკურნალობის პროცესში წინასწარი ცოდნისა და გეგმის არ არსებობა ხელს უწყობს ღრმა შემოქმედებითი, სამკურნალო, სპონტანური პროცესის აღმოცენებას.

დინამიკური ფსიქოთერაპია ავადმყოფობას განიხილავს არა როგორც მხოლოდ პათოლოგიას, არამედ სულიერი ზრდის გზაზე კრიზისულ მდგომარეობას. ფსიქოთერაპევტს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის თავისი პაციენტის მსგავსია. თერაპია არის ურთიერთაღმოჩენისკენ მიმართული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მოგზაურობა და არა ავტორიტარულ ურთიერთობებზე აგებული პროცესი, სადაც ფსიქოთერაპევტი წარმოადგენს ავტორიტეტს, რომელიც ურჩევს პაციენტს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ფსიქოთერაპია არ არის მარტივი და სწორხაზოვანი, როგორც ის მეცნიერული განვითარების დასაწყისში მიაჩნდათ, არამედ დიალექტიკური პროცესია. ეს უკანასკნელი ანტიკურ ფილოსოფოსებთან საუბრის ხელოვნებას გულისხმობდა, ხოლო შემდგომ ფსიქოთერაპიაში მან ახალი სინთეზის შექმნის პროცესის მნიშვნელობა შეიძინა.

თუ ჩვენ პიროვნებას, იუნგის მსგავსად, განვიხილავთ როგორც ფსიქიკურ სისტემას, მაშინ, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანთან ურთიერთობს, ეს სისტემა შედის რეციპროკულ რეაქციაში სხვა ფსიქიკურ სისტემასთან, ანუ ყალიბდება ურთიერთობა. ეს თვალსაზრისი შორს არის ფსიქოთერაპიის შესახებ იმ შეხედულებისგან, რომელიც მას განიხილავს როგორც სიმპტომის მოხსნის მეთოდს, რომელიც სტერეოტიპულად ყველამ შეიძლება გამოიყენოს სასურველი რეზულტატის მისაღებად. არსებობს ფსიქოთერაპიული მეთოდების ძალიან დიდი არსენალი. თითოეული მათგანი ეყრდნობა პიროვნების ფსიქოლოგიურ მოდელს და ზემოქმედების განსხვავებულ საშუალებებს. ამიტომ ყველა მათგანს პრეტენზია აქვს, რომ ის ყველაზე უფრო სწორი და ეფექტიანია. ამგვარად ეს ემსგავსება კვანტურ ფიზიკაში არსებულ სიტუაციას, სადაც სინათლის ბუნების შესახებ ორი საპირისპირო, წინააღმდეგობრივი თეორია არსებობს. მეცნიერებაში წინააღმდეგობრივი პოზიცია მიანიშნებს, რომ შესასწავლი საკითხის გაგება შესაძლებელია მხოლოდ ანტინომიების გზით. ფსიქიატრიაში ერთ-ერთი ასეთი ანტინომია არის ფსიქიკისა და თავის ტვინის მიმართების საკითხი, რომელიც განიხილავს ფსიქიკის ფუნქციონირება თავის ტვინზეა დამოკიდებული, თუ პირიქით.