სტატიები

ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება ბავშვებში – ნინო ბუაძე

ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულ და ეტაპობრივ მიდგომას. ბავშვის გარემოში ყველამ თანაბრად უნდა გაიზიაროს მისი მდგომარეობა. განათლების სისტემაშიც  ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მულტიმიდგომა, რათა ბავშვს ერთიანობის განცდა ჰქონდეს, გრძნობდეს, რომ ყველა სფეროში მხარს უჭერენ და აღიარებენ მის უნარებს, ხოლო იმ ქცევას, რომელიც სოციალურად მიუღებელია, თანაბრად უარყოფენ.

ყურადსაღებია ბავშვის განსხვავებულობის პატივისცემა, მისი პირადი სივრცის დაცვა. ყველასათვის ცნობილია თომას ედისონის ისტორია, რომლის მოსმენაც ბავშვებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს: თომას ედისონს სკოლის პედაგოგმა წერილი გაატანა დედასთან. ბიჭმა დედას სთხოვა წაეკითხა ხმამაღლა, დედამ წერილის შინაარსი ასე გააცნო: თქვენს შვილს განსაკუთრებული შესაძლებლობები და უნარები აქვს. ჩვენს სკოლაში ვერ ვახერხებთ მისი შესაძლებლობების რეალიზებას, ამიტომ, ვფიქრობთ, უმჯობესია მან სახლში მიიღოს ინდივიდუალური განათლება. აღნიშნული შინაარსი ბავშვისთვის თვითაღქმას, ბუნებრივია, არ დააზიანებდა, პირიქით.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა ედისონი უკვე ცნობილი ადამიანი გახდა, დედის ნივთებში ეს წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა: „თქვენი შვილი  არის უუნარო, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ მის განათლებას, ამიტომ გთხოვთ მასზე თავად იზრუნოთ სახლში.“ დედას სჯეროდა, რომ მისი შვილი არ იყო „უუნარო“, უბრალოდ, განსხვავებული მიდგომა სჭირდებოდა. „ჩემი შემოქმედი დედაა. მან გამიგო და მომცა ჩემი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა“, – ამბობდა თომას ედისონი. აშკარაა, მის განსაკუთრებულობას დედა სხვანაირად ხედავდა, ამიტომ იმდენად ჯანსაღი ფორმით მიაწოდა ინფორმაცია შვილს, რომ მან საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა.

არის ასეთი ცნობილი ფრაზა: „ურთიერთობა კურნავს და ურთიერთობა აავადებს ადამიანს“ (კარლ როჯერსი). არსებობენ ადამიანები, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიისგან ფიტავენ სხვებს, ახასიათებთ მუდმივი კრიტიკა, უარყოფა, წუწუნი. მეორე მხრივ, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ აღიარება და დაჯილდოება, საკუთარი თავის მიმართაც პოზიტიურად არიან განწყობილნი. ადამიანს მუდმივად სჭირდება უკუკავშირის მიღება და ძლიერი მხარეების აღნიშვნა, სწორედ ეს ასაზრდოებს თვითშეფასებას.

მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს ინდივიდი საკუთარ თავს გარედან − როგორც ანარეკლს, რომლისაც სჯერა, თუ რომლისაც ეშინია; რომლისაც რცხვენია, თუ რომლითაც ამაყობს… ამის შესაბამისად აღიქვამს გამოწვევებსაც − მათში ხედავს ახალ შესაძლებლობას საკუთარი უნარების გამოცდისთვის, ახალი ემოციების მიღებისა და წარმატების მიღწევისთვის ან შიშით აღებს ახალი შესაძლებლობების კარს. ამიტომ საკუთარი თავის რწმენაზე დგას მოვლენის შეფასებაც. უყურო სირთულეს, როგორც ახალ გამოწვევას − ეს ხედვა ცხოვრების საყრდენია.

 

ამონარიდი ნინო ბუაძის წიგნიდან – „აღზრდის ფსიქოლოგია“