აზროვნების აკადემია ბევრ საინტერესო წიგნს სთავაზობს მკითხველს. ამჯერად შესაძლებლობა გაქვს, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთო და მიხაელ ენდეს შემოქმედებას გაეცნო, ძალიან საინტერესო და უკვე პოპულარული წიგნი “მომო” გადაშალო და პირველივე გვერდებიდან ამფითეატრის ნანგრევებთან აღმოჩნდე – იქ, სადაც წიგნის მთავარი პერსონაჟი პატარა ობოლი გოგონა ცხოვრობს. მომოს არაფერი აქვს გარდა იმისა, რასაც იპოვის ან სხვები აჩუქებენ, თუმცა ფლობს არაჩვეულებრივ უნარს – ყურადღებით უსმენს და კეთილ რჩევებს აძლევს ადამიანებს. ამის გამო მასთან ამფითეატრში ყოველთვის ბევრ ადამიანს მოჰკრავთ თვალს. სამყაროში, სადაც დრო დეფიციტია, ყველას აოცებს მომოს მზრუნველობა და სიკეთით სავსე საქციელი. ცდილობენ, მომოსთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდეთ, რადგან მასთან „სახლში” თავს კარგად გრძნობენ და კარგი იდეები მოსდით თავში.
მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. გოგონას გარშემო არაფერი რჩება მტვრის, ბეტონისა და ხავსმოკიდებული საფეხურების გარდა, რადგან ქალაქში, სადაც მომო და მისი მეგობრები ცხოვრობენ, რუხი ბატონები ჩნდებიან და ხალხის ძვირფას დროს იტაცებენ, აიძულებენ მათ, მხოლოდ სამუშაოზე კონცენტრირდნენ, რადგან შთააგონებენ მათ, რომ ბევრი მუშაობით შეძლებენ, დრო დაზოგონ და ის ბანკში შეინახონ. სინამდვილეში ამ დროით რუხი ბატონები სარგებლობენ და საშინელ მომავალს უმზადებენ ადამიანებს; ადამიანები კი იმ მიზნით, რომ დრო დაზოგონ, ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან და ერთად ყოფნა სიამოვნებას აღარ ანიჭებთ, მოგზაურობა, სეირნობა ზღვის ნაპირას, ჭიქა ღვინო და გემრიელი ვახშამი მათთვის სასიამოვნო აღარ არის, ყველაფრის მიზეზად კი გადაუდებელ საქმეებს ასახელებენ და ჩქარი ნაბიჯებით მიდი-მოდიან აქეთ-იქეთ.
შეგიძლია გაიხსენო ბოლოს როდის მოუსმინე მეგობარს? როდის მოინახულე მშობლები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ? მოისმინე მათი საჭიროებები? შეჩერდი გზად, სამყაროს სილამაზე რომ შეგემჩნია და ჩიტების ჭიკჭიკისთვის დაგეგდო ყური?
ვიცი, სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხს ყველა გავურბივართ. მომოსაც არა აქვს პასუხი, სად გაუჩინარდნენ მისი მეგობრები და რატომ დარჩა ნანგრევებში სრულიად მარტო, მაგრამ როდესაც რუხ ბატონებთან პირისპირ მოუწევს შეხვედრა და შეიტყობს, რა პრინციპით ართმევენ რუხი ბატონები ადამიანებს დროს, ძალიან მამაცი აღმოჩნდება და მათთან შებრძოლებას და ადამიანებისთვის მოპარული დროის დაბრუნებას დაისახავს მიზნად.