სტატიები

ეთნიკური ნარცისიზმი – გურამ მეგრელიშვილი

ეთნიკური ნარცისიზმი განსაკუთრებით მწვავედ ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო ვერაა. ამ დროს, საკუთარი სიღარიბის საკონპენსაციოდ, ადამიანთა ჯგუფები იწყებენ საკუთარი რასით, ეროვნებით, გვარითა თუ სხვა ჯგუფური იდენტობით ტკბობას და ამით იკმაყოფილებენ ვერრეალიზებულ სურვილებს. „შეიძლება წარმატებული არ ვარ, არც მდიდარი, მაგრამ მთავარია, სუფთა ჯიშის ქართველი ვარ და ღმერთმა დამიფაროს, რასობრივი და ეროვნული შერევებისგან, მეტიც, სხვა კუთხიდან არ მოვაყვანინებ ცოლს ჩემს შვილს!“ – მსმენია ასეთი ნათქვამები საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ეს სრულიად ადამიანურია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ „გვჭირს“ რამე და სხვას არ უნახავს მსგავსი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი დეპრესიის პერიოდმა წარმოშვა ამერიკის სამხრეთში რასიზმი და კანის ფერის ნიშნით ადამიანებზე უპირატესობის განცდა. მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმი დიდი გაჭირვებებისა და დამარცხებების შემდეგ ჩამოყალიბდა გერმანიასა და იტალიაში. სიღატაკემ და გაუნათლებლობამ ააგორა ახალი რასობრივი ზიზღის ტალღა ამერიკის მდიდარი სახელმწიფოს ღატაკ ფენებში, აფრიკელი შავკანიანებიც ზევიდან და ზიზღით უყურებენ მათ კონტინენტზე მომუშავე თეთრებს. ვინაა დამნაშავე ჩემს წარუმატებლობაში? – რასაკვირველია, ის, ვინც ჩემი წევრი არაა და სხვა ერთობას ეკუთვნის, მისი მოძებნა კი რთული არაა.

სამწუხაროდ, ეთნიკური ნარცისიზმის საკვები, ხშირად ის პოპულიზმია, რითაც საზოგადოებას მისი არაჯანსაღი წევრები უწყვეტ ჯაჭვად ვკვებავთ: მასწავლებლები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები თვითკეკლუცობის ისეთ დაფარულ ფორმებს მიმართავენ, რითიც ხალხის გულის მოგება ადვილია და ამით თავად მათ ეგოსაც სიამოვნებს.

ეროვნული ნარცისიზმის ნებისმიერი ფორმით გაღვივება ძალიან, ძალიან საშიში მოვლენაა. თუ ინდივიდუალური პოზიტიური, ზომიერი ნარცისიზმი ერთგვარი გადარჩენის ინსტიქტია და რაღაც მომენტამდე ადამიანურია, ინდივიდუალური შხამიანი ნარცისიზმი კი ერთ ადამიანს და მის გარშემო არსებულ მცირე ჯგუფს ვნებს მხოლოდ, ეროვნული, რელიგიური ნარცისიზმის ნებისმიერი ფორმა ადამიანთა მთელ ჯგუფს აფერხებს და აზიანებს. ეთნიკური და რელიგიური ნარცისიზმის ამოცნობა ძალიან რთულია, მხოლოდ გამორჩეული მოაზროვნეები ბედავენ და შემოგვძახებენ ხოლმე გამოსაფხიზლებლად, ამისთვის სხვადასხვა დროსა და საშუალებას ირჩევენ და, როგორც წესი, მათი ათეულობით წლის გასვლის შემდეგ გვესმის.

ყოველდღიურობაში კი, ასეთი მაფხიზლებლის ფუნქცია მასწავლებელმა უნდა იტვირთოს. საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც უნდა შეახსენოს მთავარი ადამიანური ამბავი – პიროვნული განვითარება და ცხოვრებაში რეალიზებულობა არ გადის ჯგუფურად თვითტკბობის ხაზზე. „ჩვენ“ თუ კარგები ვართ, არც სხვა არის „ჯაბანი“ და საკუთარის განდიდების ხარჯზე სხვისი დაკნინება უკეთეს შემთხვევაში – ჩიხი, უარეს მდგომარეობაში კი უფსკრულია.

სწორედ მასწავლებელმა უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და ცივსისხლიანობა, როდესაც უმთავრეს რამეს – ეროვნულ საკითხებს მიადგება. მხოლოდ ზომიერება, სწორი ანალიზი, კარგისა და ცუდის გარჩევადობა, დადებითის შექება და უარყოფითის დამალვა კი არა, განსჯა უნდა გახდეს პედაგოგისთვის ის საჯილდაო ქვა, რომელსაც მოსწავლესთან ერთად ფრთხილად და აუცილებლად დაეჭიდება.

 

ამონარიდი გურამ მეგრელიშვილის წიგნიდან როგორ ველაპარაკოთ შვილებს