სტატიები

განათლების ევოლუცია და მთავარი პრინციპები

მარტინ ლუთერი მიიჩნევდა, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი სოციალური წარმომავლობისა, უნდა შეეძლოს წიგნის დამოუკიდებლად კითხვა. ამ თეზისის დამკვიდრებას საუკუნეები დასჭირდა, მაგრამ დღეს, მსოფლიოს თითქმის ყველა ნორმალურ ან მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში, ეს ფუნდამენტური უფლება დაცულია. ლუთერი მიიჩნევდა, რომ ბავშვების განათლების პროცესში, ოჯახთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მიკროსოციალური უჯრედები, რასაც ის კომუნას და რელიგიურ თემს ეძახდა, ახლა ასეთი „უჯრედის“ ფუნქციას სკოლა ასრულებს.

ევოლუციის პროცესის ძალიან საინტერესო და ფაქტობრივად, რევოლუციური ფაზა ჯონ ლოკის მოსაზრებას უკავშირდება. სწორედ ამ ბრიტანელმა მოაზროვნემ წამოაყენა Tabula Rasa-ს იდეა და თქვა, რომ ადამიანი სუფთა დაფის პრინციპით იბადება და ყველა ადამიანი თანასწორია სასტარტო მონაცემით. სწორედ ამ იდეის პოპულარობამ შეუწყო ხელი საჯარო სკოლების შექმნის არსებობას, სადაც სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ერთნაირი ცოდნის მიღების პირობებში, მეტ-ნაკლებად თანაბრად განვითარდებოდა.

ლოკის კონცეფცია ცოდნის ადრეული ასაკიდან მიღებას ეფუძნებოდა, რასაც გვიანდელი ფსიქოლოგიური სკოლების წარმომადგენლები აქტიურად ავითარებდნენ.

თავად საშინელი მამა (ოთხივე შვილი მიუსაფარ ბავშვთა პანსიონში ჩააბარა), მაგრამ მაინც შეუდარებელი რესურსის „ემილის, ანუ აღზრდის შესახებ“ ავტორი ჟან-ჟაკ რუსო ფანტასტიკურ რამეს გვირჩევდა: განათლების სისტემის ცენტრში ბავშვის დაყენებას და ამ სისტემის მორგებას ბავშვის მოთხოვნილებებზე. ის გვირჩევდა, გაგვემხნევებინა ბავშვები წარმატების გზაზე მაშინაც კი, როცა ისინი ძალიან სუსტები და „უნიჭოები“ მოგვეჩვენებოდა. რუსოს აზრით, განთლების მიღება ტანჯვასთან კი არა, ბედნიერებასთან უნდა ასოცირდებოდეს. მის ამ აზრს ეყრდნობა თანამედროვე სკანდინავიური განათლების სისტემა და, ვფიქრობ, არც თუ ისე ურიგოდ.

შემდეგ გამოჩნდა იოჰან ჰეინრიხ პოსტალოცი, რომელიც საგანმანათლებლო სივრცისა და სახლის გარემოს მაქსიმალურად მიმსგავსების მომხრე იყო.

ყველა შემდეგი კონტრიბუტორი განათლების სისტემის დახვეწას შემდეგნაირად გვთავაზობდა:

ფრიდრიხ ფრობერი ითხოვდა მასწავლებლის გადამზადებას მაშინაც კი, თუ ის მაღალკვალიფიციური პედაგოგი იყო (მან შექმნა პირველი საბავშვო ბაღიც).

მარია მონტესორი მასწავლებელს როგორც სოციალურ ინჟინერს, ისე განიხილავდა. ის მიიჩნევდა, რომ ადამიანის განგანათლების ვითარება ემოციური ინტელექტის განვითარებით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მის ინტელექტუალურ განვითარებაზეც (რაღაც მსგავსს, ოღონდ მისთვის დამახასიათებელი სიხისტით ამბობდა ლევ ტოლსტოი ჩანაწერებში, რომ განათლება უზნეო ადამიანს – კიდევ უფრო უზნეოს და ზნეობრივს – კიდევ უფრო ზნეობრივს ხდისო).

ჟან პიაჟე მიიჩნევდა, რომ მოზარდი შემეცნებისას თავადაც რადიკალურად იცვლება და იცვლება სწრაფად. ამიტომ, მისი

თეორია ქცევის საკორექციოდ შემეცნების პროცესსაც გულისხმობდა. შვეიცარიელი ფსიქოლოგი და მასწავლებელი ფიქრობდა, რომ მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა სხვა დისციპლინის

შემეცნების პროცესშიც. პიაჟე ფიზიკურ აქტივობას სწავლის პროცესის შემადგენელ, მეტიც აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა.

დიმიტრი უზნაძე კი ფიქრობდა, რომ სწავლაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუ პედაგოგი აღსაზრდელის ბუნებას არ ჩასწვდა და შემეცნების პროცესი არ აქცია შემეცნებად. დიმიტრი უზნაძე, ალბათ, თეისტური ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ნიმუშია (შეიძლება არც მიეკუთვნებოდა ამ სკოლას, მაგრამ იდეურად ემთხვევა), როცა ამბობდა, რომ ამოსავალი წერტილი განათლების მიცემისას არა ის მოტივებია, რაც მასწავლებელს უნდა, არამედ რაც მოსწავლეს. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, ქვაკუთხედად არა ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომებს განიხილავს, არამედ ჯგუფისა და ბიუროკრატიულ, რეპორტებსა და ქაღალდომანიაზე დაფუძნებული სისტემის ინტერესებს.

ასეთ მიდგომას, ჩემი აზრით, მომავალი არ აქვს, რადგან უზნაძეს უფრო ვენდობი (ვინც საკითხს იკვლევდა), ვიდრე განათლების სფეროში დამკვიდრებულ ხშირად დილეტანტურ ექსპერიმენტებს. დიმიტრი უზნაძე კი ლამის საუკუნის წინ ამბობდა, რომ მასწავლებელი, სისტემა და მიდგომები ემპირიული ზედაპირიდან უფრო ღრმად, საკითხის არსობრივ ნაწილში უნდა ჩავიდეს, სადაც ყველა ბავშვი, თავისი ბუნებრივი მოცემულობით, კეთილი და სუფთაა.