ხშირად ხდება ხოლმე ასე – სასურველი, ძვირფასი და საჭირო შეხვედრების დრო იგვიანებს…
ასე დამემართა ზაირა არსენიშვილის წიგნებზეც. ისინი 90-იან წლებში დაიბეჭდა, მაგრამ მე ახლახან აღმოვაჩინე, ახალი გამოცემებით, როგორც მკითხველთა უმრავლესობამ. ასე მოხდა გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს მსოფლიოში გახმაურებულ საყმაწვილო წიგნზეც „მომო“, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში გამოცემულა ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანის თარგმანით, მაგრამ მე მხოლოდ ახლაღა ვნახე, როცა ეს წიგნი „აზროვნების აკადემიამ“ წელს ხელახლა გამოსცა. ტექსტში ჩართული რამდენიმე ლექსი კი გივი შაჰნაზარს უთარგმნია. ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანის გახლავთ აგრეთვე იმავე ავტორის მეორე, ასევე ძალიან გახმაურებული წიგნი „დაუსრულებელი ამბავი“ (გამომცემლობა „დიოგენე“).
ემოცია, რომელიც გერმანელი მწერლის, პოეტის, დრამატურგის და საბავშვო ავტორის, მიხაელ ენდეს „მომომ“ მაჩუქა, ბედნიერებით მავსებს, რადგან აღმოჩენებს მაკეთებინებს იმ საკითხებზე, რაც ამ ბოლო დროს მომეტებულად მაწუხებს და მაფიქრებს – სად მიდის ჩვენი დრო, ვინ გვპარავს მას? ვინ გვაიძულებს ასე ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობთ და ვერ მოვიცალოთ ვერც ერთმანეთისთვის, ვერც საკუთარი თავისთვის? „ადამიანი ხომ საკუთარ თავში დაგროვილ დროზე მნიშვნელოვანია!“
მე ვენდობი სწორ წიგნებს, მგონია, რომ მათი ავტორები ჩემი ძალიან ახლობლები არიან და თუნდაც მიღმიერი სამყაროდან მეხმარებიან სწორ ნავიგაციაში.
ეს წიგნი მაშინ დაწერილა როცა მე 12-13 წლის გოგონა ვიყავი, ვცხოვრობდი სხვა საუკუნეში სხვა ათასწლეულში, სხვა სახელმწიფოსა და სხვა ფორმაციაში. მას მერე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ახლა ცხოვრებაგამოვლილი ადამიანი ვარ, უამრავი ცვლილების, რეფორმის, გარდაქმნის მომსწრე, პირობითობების ლაბირინთებში გზის გამკვლევი და სრული უფლებაც მაქვს საბავშვო ლიტერატურას სარჩულის მხარეც დავუთვალიერო – ე. წ. უასაკო, სადიდო, საკაცობრიო, ურომლისოდაც წარმოუდგენელია კარგი საბავშვო ლიტერატურის კითხვა, შეფასება, გააზრება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საბავშვო წიგნი ყველა ასაკის მკითხველისთვის იქმნება „დიდ“ საკითხებზე სალაპარაკოდ. ხშირად და უმეტესად სწორედ საბავშვო წიგნებსა და ზღაპრებშია შეფარებული დიდი პრობლემები.
მაშ ასე, მე უკვე ბებია, საბავშვო წიგნის კითხვის ბედნიერი მკითხველი, კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ საბავშვო ლიტერატურა დიდებმაც აუცილებლად უნდა ვიკითხოთ. ისეთი ჩამთრევი სიუჟეტი აქვს „მომოს“, მხოლოდ დღენახევარი მოვანდომე ამ სოლიდური ზომის წიგნის წაკითხვას. კითხვა კი ყურადღებით მიყვარს, ფანქრით ხელში. გულზე მოსახვედრი და მნიშვნელოვანი აზრების, ხან კი აბზაცების, გზავნილების, აფორისტული ფრაზების გახაზვა-ჩანიშვნით.
პარალელურად გერმანელი მწერლის ბიოგრაფიული მონაცემების შეგროვება-დაგუგლვას ვიწყებ… ახლობელ ადამიანად მეჩვენება ავტორი, ჩემიანად… იქიდან, სულ სხვა სამყაროდან, დღევანდელობისთვის ძალიან გასაგებ ფრაზებს მიგზავნის. ზოგჯერ რა ადვილად ვაწვდენთ სხვადასხვა ეპოქისა და დროის, ეთნოსისა და პროფესიის ადამიანები ერთმანეთს ხმას. სულაც არ გამიკვირდა, რომ ისიც პოეზიით გატაცებული ადამიანი ყოფილა. ნოვალისიო, რილკეო, აბა, რა, აბა, რა, ე. ი. უხილავ გზათა მოლაშქრესთან მელის შეხვედრა. სანდო ხიდია ლიტერატურა… კარგმა მწერალმა კარგა ხნით ადრე იცის, რა მდგომარეობაში იქნება მომავალი, რაში დაჭირდება შეხიდება მომავლის ადამიანს…
და რადგან ახალმიღებული შთაბეჭდილება და ემოციაც არ მინდა გამინელდეს, წერას ვიწყებ…
„მადლიერი მკითხველისაგან 4-დან 70 წლის ჩათვლით“ – ეს წარწერა იტალიაში, ტოსკანას სოფელ კოლოდიში, კარლო კოლოდის დედულეთში, პინოქიოს სახელობის პარკშია წარწერილი პინოქიოს ერთ-ერთ ქანდაკებაზე.
დიახ, კარგი საბავშვო ლიტერატურა ყველასია, დიდების და პატარების, ყველა თავისი გამოცდილების შესაბამისად იღებს მისგან სიკეთეს, სიბრძნეს, რწმუნებას.
ენდეც ამასვე ამტკიცებდა: ჩემში არსებული ბავშვისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, 8-დან 80 წლამდე, ვყვები ჩემს ამბებსო.
მაგრამ ლიტერატურის კრიტიკა ასე არ ფიქრობს. მიხაელ ენდეც ხშირად გამოთქვამდა იმედგაცრუებას თავისი პერსონის მხოლოდ საბავშვო მწერლად აღქმის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზანი იყო კულტურულ პრობლემებზე და სულიერ სიბრძნეზე საუბარი ყველა ასაკის ადამიანებთან. გერმანიაში ზოგიერთმა კრიტიკოსმა მას ესკაპიზმში კი დასდო ბრალი.
ესკაპიზმი („გაქცევა, თავის გადარჩენა“) – ყოველდღიურობის უსიამოვნო ან მოსაწყენი ასპექტებისგან განრიდება, გაქცევაა, წარმოსახვითი ან გასართობი აქტივობების მეშვეობით, თავის გადარჩენაში რომ ეხმარება ადამიანს. ესკაპიზმი შეიძლება გამოვლინდეს მუდმივი დეპრესიული და სევდიანი გრძნობებისგან ყურადღების გადატანაში. ის შეიძლება ასევე გულისხმობდეს: პიროვნების მცდელობას, კრიზისისა და გაჭირვების ჟამს რეალური სამყაროდან ილუზორულ ხილვებში გადასვლისა.
ვინც მას ესკაპიზმში ადანაშაულებდა, ის იყო მისივე თანამედროვე. მე კი მას ახლა ვკითხულობ ტექნოლოგიურად ძალიან დიდი ცვლილებებით სავსე ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ და ვხედავ, რომ მას სხვა ფენტეზის შემქმნელ მწერლების მსგავსად, ჭვრეტისა და მომავლის წინასწარმეტყველების იშვიათი უნარი ჰქონია.
რა არის ენდეს ფენტეზის ნამდვილი არსი? დროში წინსწრების, წინასწარმეტყველების, ზუსტი პროგნოზირების და შეუმცდარი ხედვის მწერლური უნარი, ინტუიცია. რომელიც ჭვრეტს და ხედავს მომავალ საფრთხეებს! მაგრამ ამხელა მისიას კრიტიკოსთა აზრით საბავშვო მწერლები, ვითომდა, რას ზიდავენ?!
მიხაელ ენდეს 1985 წელს გულისწყვეტით დაუწერია: „ლიტერატურაში შეიძლება შეხვიდე თითქმის ნებისმიერი კარით, იქნება ეს ციხის კარი, საგიჟეთის კარი თუ ბორდელის კარი. არის მხოლოდ ერთი კარი, რომლიდანაც ლიტერატურაში ვერ შეაღწევ და ეს საბავშვო ბაღის კარია. ამ კარიდან შესვლას, საბავშვოს წერას კრიტიკოსები არასოდეს გაპატიებენ. დიდმა რადიარდ კიპლინგიმ ეს საკუთარ თავზე იწვნია.“
მაგრამ ამ საკითხზე ჩაღრმავება არაა ჩემი გამოხმაურების მიზანი, თუმცა კი მტკივნეული და საინტერესო თემაა. მხოლოდ იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ მეგონა, ეს ქართული კრიტიკის პრობლემა იყო და შევმცდარვარ.
ენდეს ნაწერები შეფასებულია, როგორც რეალობისა და ფანტაზიის სიურრეალისტური ნაზავი. მის წიგნებში სამყაროები ხშირად ასახავს ჩვენს რეალობას, ფანტაზიას იყენებს მზარდი ტექნოლოგიური ცვლილებათა ეპოქის, ანუ დღევანდელ საზოგადოების პრობლემებზე სასაუბროდ.
ამბობენ, რომ მის ნაწერებზე გავლენას ახდენდა რუდოლფ შტაინერი და მისი ანთროპოსოფია. ენდე ასევე ცნობილი იყო, როგორც ეკონომიკური რეფორმის მომხრე და ამტკიცებდა, რომ „მომოს“ წერისას მხედველობაში ჰქონდა ფულის დაბერების, ანუ დემურაჟის კონცეფცია. მისი შემოქმედების თემად დასახელებულია ფანტაზიისა და მაგიის დაკარგვა თანამედროვე სამყაროში.
ფაქტია, ის ძალიან საინტერესო, ფაქიზი სულიერი ხედვის შემოქმედია. ალბათ ამიტომაც, იგი ძალიან იყო დაინტერესებული გერმანულისაგან სრულიად განსხვავებული იაპონური კულტურით, ენით. და ესეც შემთხვევითი არაა, რომ დაქვრივების შემდეგ მან ცხოვრება დაუკავშირა იაპონელ მარიკო სატოს და საკმაოდ ინტენსიური კულტურული და საგამომცემლო პროექტები განახორციელეს ერთად იაპონიაში. იაპონელმა მკითხველმაც განსაკუთრებული ინტერესით მიიღო მისი წიგნები, რომლებიც იქ მილიონიანი ტირაჟებით იყიდებოდა.
მისთვის არაა სულერთი, რა გზას გადის ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური განვითარების ფაზაში ადამიანის სული, რა ემართება საზოგადოებას და როგორ თვალსა და ხელს შუა იცვლება ფასეულობები; როგორ იქცევა ადამიანებისთვის კეთილდღეობის სახელით ცრუ ღირებულებები წარმმართველ დომინანტად; როგორ იკარგება უმთავრესი ღირებულება – სიყვარული, ადამიანი, ნდობა, თანაგანცდა… მიხაელ ენდე 1995 წელს გარდაიცვალა და არ მოსწრებია ოცდამეერთე საუკუნეს, მაგრამ ზემოჩამოთვლილი ზუსტად ეხმიანება ჩვენი თანამედროვე დროის პრობლემებსა და კრიზისებს.
მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა გალერეას ამშვენებს მომო – პატარა გოგონა, „რომელსაც, რაც თავი ახსოვს, სულ დაბადებული იყო“, მაგრამ არავინ იცის, რა ხნისაა. ჩემთვის მომო თავად გულია, ადამიანის გული! ერთადერთს ამ სამყაროში გულს აქვს მოსმენის უნარი. აქვს უნარი გაგრძნობინოს არსებობის სიხარული, იბრძოლოს ბოლომდე და არ დაკარგოს შენი გადარჩენის იმედი. დიახ, მომოა ის მიტოვებული, უასაკო, უპატრონო, მოუვლელი, მზრუნველის გარეშე და მშობლის გარეშეც (იქნებ გამჩენი მამის გარეშეც?) დარჩენილი გული, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც გეხმარება სწორი გზით იარო. გულია, რომელშიც ცხოვრობს ყველაზე მართალი დრო, რეალური დრო. სიცოცხლის სამყოფელია გული, ღმერთის სამყოფელიც. გულს აქვს თავისი რჯული, აქვს თავისი კანონები, თავისი ძალა. გულიც ჯადოქარია. გულს ყველაფერი შეუძლია, რადგან მისი ხედვა, გულის თვალით ხედვაა ის გზა, ჭეშმარიტებისკენ რომ მივყავართ! სინდისის ხმაც ხომ გულში ცხოვრობს?! ერთგულებაც ხომ მხოლოდ გულს ძალუძს?!
მთელი ეს დიდი, საინტერესო, ექსპრესიული, ფათერაკებითა და სახასიათო პერსონაჟებით სავსე ტექსტი იმაზე გაფრთხილებაა, რა შეიძლება ადამიანს დაემართოს წარმატებისა და კეთილდღეობის გზაზე, რა საუნჯე შეიძლება დაკარგოს მან და ხშირად ნებაყოფლობით გახდეს გარკვეული ღირებულებების მონაც კი!
ბევრი მტკივნეული და დღევანდელი პრობლემა აქვს ავტორს ნაწინასწარმეტყველები. ის ნამდვილად თანამედროვე მწერალია! ფენტეზის, როგორც ჟანრის, საშუალებები დიდ წარმოსახვით სამყაროსა და ზღაპრული მოვლენების შემსწრედ გვაქცევს. მართლა იშლება ზღვარი მკითხველის ასაკობრივ კატეგორიათა შორის.
ეს ტექსტიც, რომლის შინაარსობრივ, სიუჟეტურ მხარეზე განგებ არ ვამახვილებ ყურადღებას, როგორც ყველა ზღაპრის ტექსტი, ცნობიერისა თუ ქვეცნობიერის დონეზე ითავსებს თერაპიული ზღაპრის როლსაც. განა ტყუილადაა არჩეული მომოს სამკვიდროდ დიდი ქალაქიდან მოშორებით მყოფი უძველესი ამფითეატრი?! ან განა ტყუილად ჰქვია კუს კასიოპეა?! ბევრი სიმბოლოა ამ წიგნში და უმთავრესი კი ის, რომ ჭეშმარიტება სწორედ უძველესი ხელოვნებიდან დღემდე, თანამედროვე ხელოვნების ჩათვლით, ადამიანებისადმი თანაგრძნობასა და ადამიანთა კათარსისს უნდა ემსახურებოდეს.
ჩვენც ხომ არ გვაიძულეს, სულის სოროებში შეძრომა? ჩვენც ხომ არ წაგვართვეს კუთვნილი დრო, კუთვნილი თავისუფლება, ჩვენც ხომ არ აგვიკრძალეს ადამიანად ყოფნის სიხარული? ჩვენი ქალაქიც ხომ არ დაიპყრეს ბეტონის ერთგვაროვანი კვარტლებითა და სწრაფი კვების ობიექტებით?
ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი დროა, რომლის გარშემოა შემოშენებული მთელი სიუჟეტი წიგნისა. ძალიან საინტერესო, დაძაბული თხრობა, მოვლენათა დინამიკური განვითარება აირეკლავს თანამედროვეობის ბევრ უმწვავეს პრობლემას.
40 ენაზე თარგმნილი ავტორია მიხეილ ენდე. მისი წიგნების 35 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული, დადგმულია არაერთი სპექტაკლი და გადაღებულია არაერთი ფილმი. ასეთი რამ კი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ე. ი. ის თავისი ხედვით, სათქმელით ყველა ენისა და კულტურის ადამიანისთვის ახლობელ თემებზე საუბრობს.
ნუ დატოვებთ ამ წიგნს წაუკითხავს. ჩაიხედეთ მის სარკეში, აუცილებლად მოგინდებათ თქვენი ცხოვრების შეცვლა, ურთიერთობების გადახედვა, გულის გამზეურება…
ახლოს გაიცანით ძალიან საინტერესო პერსონაჟი მომო, რომელიც თქვენც ისევე დაგიგდებთ ყურს, როგორც უსმენს თავის მეგობრებს, უცხო ადამიანებს, სიჩუმეს, ვარსკვლავებს, ბაყაყებს, ხეებს. ვიცი, ჩვენ ყველას გვაქვს დროის პრობლემა, მოუცლელობა რომ ჰქვია სახელად და ისე გადის ცხოვრება, ძალიან ძვირფასი ადამიანებისა და საყვარელი საქმეებისთვის, საკუთარი თავისთვისაც კი აღარ გვრჩება დრო.
იქნებ სწორედ ამ წიგნმა მოგქაჩოთ და მოგახედოთ გულისკენ? იქნებ თქვენი გული ჯერ კიდევ არაა ბრმა და ყრუ გულთა საძმოში? იქნებ, თქვენც შეძლოთ საკუთარი გულის მოსმენა? იქნებ თქვენს თავებსაც ჰკითხოთ: დაიტოვეთ ცხოვრებაში საოცნებო რამ ამბავი? თქვენც ხომ არ გემუქრებიან რუხი ბატონები და ხომ არ გართმევენ საკუთარი გამდიდრებისთვის დროსაც და სიყვარულსაც? რუხი ბატონები დროს წამლავენ და ეს მოწამლული დრო ყველას და ყველაფერს აავადებს. არჩევთ ერთმანეთისგან ნამდვილსა და ცრუს? იცოდით, რომ ისეთი სიმდიდრეც არსებობს, თუ სხვას არ გაუზიარებ, დაგტბორავს და წაგლეკავს?
გულით განუცდელი დრო ფუჭი დროა… სიცოცხლეც გულში სუფევს… დროის შესაგრძნობად ადამიანებს გული მოგვეცა.
გულისკენ მოსახედი დიდი წიგნია „მომო“…