სტატიები

ფსიქოლოგიურ საოცრებათა ქვეყანაში ზურაბ მხეიძესთან ერთად

ფსიქოლოგიურ საოცრებათა ქვეყანაში ზურაბ მხეიძესთან ერთად

ზურაბ მხეძის ლექციათა ციკლზე, უნებლიედ, გამახსენდა ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“,  რომელიც აგერ უკვე საუკუნე ნახევარია ბავშვების საყვარელი წიგნია. დიდებსაც ძალიან უყვართ ეს წიგნი, რადგან იქ მოულოდნელი კუთხით არის ნაჩვენები ყველასთვის ჩვეული სამყარო. ჩვეულში უჩვეულოს დანახვა არამარტო აინტერესებს ადამიანს, არამედ ეხმარება მას ცხოვრებაში. ეს კარგად იცის ზურაბ მხეიძემ  და ღიად აცხადებს: „როდესაც რაიმე თემაზე გესაუბრებით, ვცდილობ, განსხვავებული მხრიდან დაგანახვოთ. ასევე ვცდილობ, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გვისმენენ, პრაქტიკული იყოს ჩვენი ლექციები მათ შეძლონ ამ ყველაფრის ცხოვრებაში გამოყენება“.

ზურაბ მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ:  სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – თავისი ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და კაცსა შორის, ურთიეთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში… 

ადვილი დასანახია, რომ ლექციების თემატიკა ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგებს მოიცავს – ზოგად ფსიქოლოგიას, პიროვნების ფსიქოლოგიას, სოციალურ ფსიქოლოგიას, ეთნოფსიქოლოგიას, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას და ა.შ. ზურაბ მხეიძეს არ აშინებს დარგის საზღვრების გადალახვა, თუ კი ამას ითხოვს საკითხი. ამიტომაცაა, რომ ფსიქოლოგია, რომელზეც კრიტიკოსები ხშირად ჩივიან, რომ იგი დაქუცმაცებულია დარგების „სამთავროებად“, მხეიძის მონათხრობში გამოიყურება ცოდნის ერთ მთლიან სივრცედ. 

ზურაბ მხეიძის მიერ განხილულ ყოველ თემაზე უზარმაზარი ლიტერატურაა ფსიქოლოგიაში, სადაც სხვადასხვა ავტორები ბეჯითად არჩევენ ალტერნატიულ თეორებს. მხეიძე ამ ლაბირინთებისგან ტაქტიანად იცავს არაპროფესიონალ მსმენელს, გამოაქვს თეორიებიდან ძირითადი აზრი, აიარაღებს ამ აზრს მარტივი, გასაგები მაგალითით და დასკვნის გამოტანის საშუალებას მსმენელს უტოვებს. 

და რაც მთავარია – ზურაბ მხეიძესთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის აღმოჩენაა იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას სიახლის სიამოვნება ყოველთვის ახლავს, მაგრამ ამასთანავე იგი ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრი ინტელექტუალური სიამოვნების და პრაგმატული გასაღების პოვნა გელოდებათ ზურაბ მხეიძის წიგნში მოგზაურობისას. 

გზა დამილოცნია!