სტატიები

რატომ ვიტყუებით? – ზურა მხეიძე

რატომ ვიტყუებით? – ზურა მხეიძე

ტყუილი საინტერესო ფენომენია და მას ადამიანის ცხოვრებაში თავისი ფუნქცია აქვს. მიმაჩნია, რომ არასამართლიანად ვუყურებთ ტყუილს, რადგან ჩვეულებრივ სიტუაციაში, ადამიანის ორგანიზმი, რეაგირებს ცვლილებებზე, გარემოზე, ჩვენ არ ვღიზიანდებით. შესცივდა ადამიანს – ჩაიცვა, ეტკინა – გამოსწია ხელი, რომ მოერიდოს ტკივილის წყაროს. ანუ ორგანიზმი ადაპტირდება მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. ადამიანი სოციალური არსებაა და, შესაბამისად, ტყუილს გარკვეული ფუნქცია კი არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი გადაცემის თემა იყო ტყუილი და ინტერაქტივისთვის მთხოვეს, მომეფიქრებინა შეკითხვები, მე ორი კითხვა შევთავაზე – ა) რას იტყვით ადამიანზე, რომელიც იტყუება და ბ) მოგიტყუებიათ თუ არა თავად როდესმე. პირველი კითხვის პასუხები, მთლად წყევლა-კრულვა არ იყო, მაგრამ საკმაოდ მკაცრი და ზიზღის შემცველი იყო, მეორე კითხვაზე კი ძალიან საინტერესოდ ეცვლებოდათ სახე; და ყველას პასუხი იყო თითქმის ერთნაირი: დიახ, მაგრამ სხვისთვის ზიანი არ მიმიყენებია; მხოლოდ ერთმა ქალმა რესპოდენტმა თქვა, რომ არასდროს მოუტყუებია და შესაბამისად იქვე მოიტყუა.

 

გამოდის, რომ დამოკიდებულება ტყუილის მიმართ ორგვარია: ერთი მხრივ – ვბრაზდებით, რომ გვატყუებენ და მეორეს მხრივ – ჩვენ თვითონ ვიტყუებით. არის კიდევ ერთი საკითხი – მე გითხარით, რომ თავიდან შევეცდები არასტანდარტულად შევეხო თემას. რატომ იტყუება ადამიანი? იტყუება იმიტომ, რომ მოერგოს სიტუაციას. ანუ ტყუილი წარმოადგენს ადაპტაციას, ადამიანის ფუნქციას მოცემულ გარემოში. მაგალითად, სამსახურში თუ გეტყვიან, რომ არასაპატიო მიზეზით 5 წუთის დაგვიანების შემთხვევაში სამსახურიდან გაგაგდებენ, დარწმუნებული იყავით, რომ თანამშრომლების 80 პროცენტი მოიტყუება. რატომ? იმიტომ, რომ მე შევქმენი გარემო, სადაც მას სჭირდება ადაპტირება, რომ გადარჩეს. მე ვიღაცა ვაიძულე, რომ ტყუილი ეთქვა! ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე. ოჯახშიც ასე ხდება, მაგალითად, როცა მშობელი მკაცრია და შვილს უკრძალავს სადღაც სიარულს, ის უკვე აიძულებს ბავშვს, რომ თქვას ტყუილი, რათა სადმე წავიდეს. შესაბამისად, რატომ უნდა ვღიზიანდებოდეთ ჩვენ, მოზრდილი ადამიანები ტყუილზე, რომელსაც ადაპტაციის ფუნქცია აქვს?!

 

მნიშვნელოვანია ასევე ორმაგი სტანდარტით მიდგომა; რა ტყუილი – ეს არის რეალურის განსხვავებულად წარმოჩენა – მე რაღაცას გაჩვენებ, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვნახოთ მეორე ვარიანტი – ადამიანმა რომ სუნამო დაისხა, ამით რა გააკეთა? – მოიტყუა. თმები შეიღება – მოიტყუა, მაკიაჟი გაიკეთა – მოიტყუა! ჩვენ რეაგირება არ გვაქვს. არადა, უნდა ვუთხრათ – „წადი, შე მატყუარა!“ – ანუ ჩვენ თვითონ სადღაც ვუშვებთ ტყუილს და ჩვენ ეს გვინდა. მაგალითად, კინოს ვუყურებთ, სადაც ვიცით, რომ მსახიობი არ კვდება; მთელი ჯგუფია იქ – მსახიობი, რეჟისორი, გამნათებელი და ვინ აღარ. მაგრამ შენ ამაში ფულს იხდი, რომ ეს ემოცია მიიღო. იცი, რომ იქ არაფერი ისეთი არ ხდება, რასაც ხედავ, მაგრამ ფულს მაინც იხდი. ესე იგი, მე ტყუილში ვიხდი ფულს. ანდაც, ავიღოთ მასმედია – იქ რა, არ იტყუებიან? იცით, როდის იტყუებიან? ძველად სხვანაირად იყო – მოდიოდნენ და გიღებდნენ ისეთს, როგორიც ხარ. ახლა ჯერ უნდა გაგპუდრონ, ასე დაჯექი, კადრი უნდა ავიღოთ იქიდან… ყველა იტყუება, და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გვეშლება ნერვები?

 

ასე რომ, არაფერი გასაკვირი ტყუილში არ არის. როცა ტყუილზე დაკვირვება და შესწავლა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ძირითადად ორი მიმართულება აქვს: პირველი – ეს არის, ასე დავარქვათ, „შევინარჩუნო სტატუს-ქვო“, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიტყუები, იმიტომ, რომ თქვენ არ შეცვალოთ ჩემს მიმართ დამოკიდებულება უფრო უარყოფითად, ვიდრე მანამდე იყავით. მეორე ტიპის ტყუილი არის, როდესაც მე ვზრდი ჩემს სტატუსს; ანუ მე ვიგონებ ისტორიებს, იმ მიზნით, რომ თქვენზე მეტი შთაბეჭდილება დავტოვო. მეორე ტიპის ტყუილი გარკვეულ ასაკამდე დასაშვებია. თინეიჯერობის ასაკში დასაშვებია, კარგი, 18 წლის რომ ხარ, კიდევ დასაშვებია, შენს სტატუსს რაღაცას ჰმატებ, მაგრამ რაღაც ასაკს რომ მიუახლოვდები და კიდევ ასე იტყუები, ესე იგი ჯერ კიდევ პატარა ხარ; თქვენც შეხვდებოდით ასეთ დიდ მატყუარებს, ასაკით დიდებს, რომლებიც რაღაცებს ყვებიან სტატუსის ასამაღლებლად. ერთ-ერთი მოყოლის მანერაა ასეთი – ცნობილი ტიპების კნინობით ფორმაში მოხსენიება. ანუ მე უნდა ვთქვა და თან გიყვებით ისტორიას, „ობამაჩკამ“ გაირბინა და შემოვარდა ვიღაცა „პიტუკა“ ბრედი, ხომ იცი? შესაბამისად, მე ამით სტატუსს ვწევ – ნახე, ამ ხალხთან რა დამოკიდებულება მაქვს. ქართულ სინამდვილეში ხშირია კიდევ – ვინც არ უნდა ახსენო, ყველა „ჩემი ძმაა“; არადა, იმ „ძმას“ რომ ჰკითხო, ვერც იხსენებს, ეს ვინ არის; რატომ? ისევ სტატუსისათვის.

 

ერთხელ ახალგაზრდა კაცს ჰქონდა პრობლემა – ძალიან განიცდიდა, რომ დაბალი იყო, მაშინ დამაინტერესა ამ სიდაბლემ და აღმოვაჩინე, რომ დაბალი ტანის ადამიანი უფრო განიცდის, რომ დაბალია, ვიდრე საზოგადოებისგან გრძნობს რაიმე უხერხულობას. გამოკითხვებით ვნახე, რომ არავინაც არ უყურებს მაინც და მაინც, როგორც დაბალს, მაგრამ მას აქვს განცდა, რომ დაბალია. ამას რომ ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ დაბალი ტანის ბიჭების ტყუილები დაკავშირებულია ცემა-ტყეპასთან – სამი კაცი ცემა, ოთხი და ა.შ.. თან უფრო ვარჯიშობენ და უფრო განში გადიან და მზად არიან, არავინ დაჩაგროს, მაშინაც კი, როდესაც არავინ აპირებს მათ დაჩაგვრას. მაღალი ბიჭების ტყუილები ეხებოდა გოგოებს. მაღალი ტიპები არ იტყუებიან მაინცდამაინც, რომ ვინმე სცემეს და მიბეგვეს. სამაგიეროდ, იტყუებიან გოგონებთან მიმართებით. მას სჭირდება სოციალური სტატუსი და ამიტომ იტყუება. ამიტომ, ბავშვების ტყუილში უნდა გავარჩიოთ შემდეგი – პირველ ეტაპზე პატარა ასაკში ეს არის ფანტაზია და მათ სჭირდებათ განვითარება და მეორე – მათ სჭირდებათ სოციალური სტატუსი. ოღონდ ამ ეტაპების შემდეგ, ანუ ზრდასრულ ასაკშიც არ შეწყვიტა ტყუილი, საქმე სულ სხვა ფსიქოტიპთან გვაქვს. სტატუსის გაზრდის მიზნით აღარ უნდა მოიტყუო. ამ ორი ვექტორიდან გამომდინარე, სხვა მესამე მიმართულება ტყუილების, არ არსებობს.

 

ბავშვებთან დაკავშირებით, ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ თქვენ არკვევთ რამეს – სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ; ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, ბავშვი ისე კარგად გატყუებს, ანუ იმდენად კარგად წარმოიდგინა, რა ხდებოდა, რომ მერე თვითონ უჩნდება პრობლემა და თვითონ არ იცის, მოიტყუა თუ მართლა მოხდა. ბავშვების ტყუილი რთული თემაა, მათგან არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არა გაქვთ და მაინცდამაინც ბავშვისაგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი; არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას. საკუთარ შეცდომას გავიხსენებ – მაშინ ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ პულტი; მეუღლემ არაფერი იცოდა, ვინ დარჩა? – ბავშვი. და, აი, შეცდომა სადაა, ბავშვს არასწორად დავუსვი შეკითხვა: მამა, ხომ არ გადააგდე-მეთქი? ბავშვმა სასწრაფოდ დაადასტურა! სად გადააგდე? გამიყვანა აივანზე და გადამახედა; არაფერი არ ჩანდა; ვიყიდე ის პულტი და მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, საწოლებს შორის ჩავარდნილი. მაგრამ როცა ჩემმა მეუღლემ თვითონაც ჰკითხა, სად წაიღე პულტიო, ბავშვმა ისევ აივნისკენ მიუთითა. ანუ მან ეს ისტორია უკვე შექმნა; ფაქტია, რომ ბავშვების ჩვენებების გამო დაუჭერიათ კიდეც ადამიანი და ციხეშიც აღმოჩენილა. ძალიან კარგი მანიპულატორები არიან და თუ მიხვდა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე შეიძლება არასწორი მიმართულებით წაგიყვანონ. ამიტომ, ბავშვის ფანტაზიები კარგად გადავამოწმოთ ხოლმე.

 

ამონარიდი ზურა მხეიძის წიგნიდან – “სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“

შეიძინე წიგნი აქ