სტატიები

რეალობის ცხადგრძნობა – თეა გოგოტიშვილი

რეალობის ცხადგრძნობა – თეა გოგოტიშვილი

გეშტალტთერაპიის ტერმინი „კრეატიული მორგება“ გულისხმობს შემოქმედებით ადაპტაციას, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს აწმყოს მოცემული მომენტის ცხადგრძნობა, მისი ისეთად მიღება, როგორიც არის და „გადაწყობისკენ“  სვლა. ეს არ არის მხოლოდ ფიქრზე დაფუძნებული ცვლილება. გადაწყობა – რესტრუქტურიზაცია – გრძნობადი ჩართულობით, რეალობის ცხადად გრძნობაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. მხოლოდ ამ უნარის ამოქმედებით ახერხებს ადამიანი, რეალობა ისეთად დაინახოს, როგორიც არის და არა ილუზორულად, ანუ როგორსაც ის შეჩვეულია. ჩვენი გამოცდილება ინახავს განწყობებს, რომლებიც განმტკიცებული, გამყარებული, ანუ დაფიქსირებულია, გამეორებითა და ძლიერი შთაბეჭდილებებით დისპოზიციურ განწყობას ქმნის. დისპოზიციური განწყობა აქტუალურ სიტუაციაში მოქმედებს, როგორც შენახული, შეიძლება ითქვას, როგორც წინასწარი განწყობა, რომელიც ახალ რეალობას ილუზორულად აღგვაქმევინებს.

რაც უფრო მკვეთრია მოცემულ მომენტში დისპოზიციურ განწყობასთან განსხვავება, მაგალითად, შეჩვეულ ვითარებასთან კონტრასტი, მით უფრო განსხვავებულად, უცხოდ აღვიქვამთ ახალს და პირიქით, რაც უფრო მეტად ჰგავს ახალი ძველს, მით უფრო გვექმნება ნაცნობობის, სიახლოვის განცდა. ეს არის ჩვენი აღქმის თავისებურება (კონტრასტული და ასიმილაციური ილუზიები), რომელიც განწყობის ფსიქოლოგიაში დაადგინეს. განწყობის ეს კანონზომიერება, რომელიც ჩვენს აღქმას ახასიათებს და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიღწევაა, განსაზღვრავს, როგორ აღვიქვამთ რეალობას და ერთი სიტუაციიდან მეორეში გადასვლას „მძიმედ“ ვერგებით თუ „ხავერდოვნად“.

გეშტალტთერაპიაშიც ასიმილაციის ცნებას – მორგების მნიშვნელობის მქონე კონცეფტს – უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. უნდა ითქვას, რომ განწყობის თეორიასაც და გეშტალტთერაპიასაც საერთო „წინაპრები“ ჰყავს, მაგალითად, ვერტჰაიმერი, კოფკა, კელერი (გეშტალტფსიქოლოგი), კურტ ლევინი (ველის თეორია), მათ ბევრი საერთო, ფუნდამენტური ცნებები აკავშირებთ, რაც გვეხმარება, კარგად დავინახოთ, გავაანალიზოთ, ღრმად ჩავწვდეთ იმ ფენომენებსა და კანონზომიერებებს, რომლებიც ადამიანის ფსიქიკის, მისი ქცევის გასაგებად გასაღებს გვაძლევს. განწყობის ანთროპულ თეორიასა და გეშტალტთერაპიულ კონცეფციაზე დაყრდნობით აიხსნება, თუ რა გამოწვევებს ქმნის გარემო, მათ შორის, გარდატეხის, მკვეთრი ცვლილების მომტანი რეალობა და რა რისკებს უქმნის ის ადამიანის თვითშეფასებას.

ამონარიდი წიგნიდან „თვითშეფასება”