სტატიები

სტოიციზმი ცხოვრების წესის შესახებ

სტოიციზმი ცხოვრების წესის შესახებ

ისევე როგორც ბევრი სხვა ფილოსოფიური სკოლის, ასევე სტოიციზმის დანიშნულებაც არის ცხოვრების საუკეთესო წესისა და სტილის დემონსტრირება. სტოელების აზრით, დიდი კოსმიური ლოგოსის ასპექტი ჩვენშიც მყოფობს. ჩვენ ადამიანები მიკროკოსმოსები ვართ. არსებობს დიდი, მაკროკოსმოსი. ადამიანი არის მიკროკოსმოსი ამ მაკროკოსმოსში. თუ ყველაფერი პანთეისტურია და ყველაფერში არის ლოგოსი, იგი ჩემშიც უნდა იყოს. თუ მთელ სამყაროში არის მოწესრიგების ეს დიდი ცეცხლი, ჩემშიც იქნება მისი ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი ჩემში არის ჩემი რაციონალობა და ზნეობრივი პრინციპები, რომლებიც ასევე რაციონალურია. ამ ნაპერწკალს ვავლენ იმით, რომ სხვა იმპულსებს ამ რაციონალურობით ვძლევ და გონივრული პრინციპის მიხედვით ვცხოვრობ. თუკი ამ ლოგოსს მივესადაგები ჩემი შინაგანი ლოგოსით მაშინ ვიქნები მართალი ადამიანი. მე უნდა მინდოდეს, რომ ჩემი ცხოვრებისეული იმპულსი დავუკავშირო ლოგოსის იმპულსს, ანუ ვიცხოვრო ოპტიმალური ცხოვრებით. ბედნიერი მაშინ ვიქნები, როდესაც ჩემს ლოგოსს დავამთხვევ სამყაროსეულ ლოგოსს. სტოიკოსების ეს ხედვა განსხვავდება პლატონის ხედვისგან. პლატონთან მისწრაფებული ვარ ბედნიერებისკენ, ხოლო ბედნიერება ჩემს მიღმაა, იგი იდეების სამყაროშია. სტოიკოსებთან კი არაფერია მიღმიერი, სამყაროში მოქმედი ცეცხლი ჩემში, იმანენტურად უნდა აღმოვაჩინო და მოვიქცე ამ პრინციპის მიხედვით. ამით ვერაფერს მოვიგებ, ვერ დავიმკვიდრებ ადგილს ტრანსცენდენტურ, ექსტატურ სფეროში, ამ ლოგოსთან შერწყმას თავისთავადი მნიშვნელობა აქვს. მე უნდა ვისწრაფო, რომ ჩემში განვახორციელო ლოგოსის ეს მოქმედება. ჩემი ნამდვილი მე, საკუთარი თავი ვიპოვო. საკუთარ თავს მივაგნებ, თუკი სამყაროს აუცილებლობებს ვიპოვნი და მოვიქცევი ამ აუცილებლობების მიხედვით.

სტოელების აზრით, ბოროტება არ არის ის, რაც შეიძლება გარედან შეგემთხვას. ის, რაც სამყაროში ხდება არ არის ბოროტება. სამყაროში მიმდინარეობს მოვლენები, რომლებიც ჩემგან დამოუკიდებელია, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მე არ უნდა შემაწუხოს იმან, რაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, ეს სიბრიყვე იქნება. ნეტარი ავგუსტინე ძალიან კარგად იცნობდა სტოელების დოქტრინას და ბეჯითად მიჰყვებოდა მათ აზრებს. მას აქვს ასეთი მაგალითი: თუ ვინმემ ცილი დამწამა, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს: ავღელდე, შევწუხდე? რატომ უნდა შევწუხდე? თუ ამ ძაგებაში სიმართლეა მე მისი მადლიერი უნდა ვიყო, რადგან მან თვალი ამიხილა და ამით მომცა გამოსწორების შესაძლებლობა. თუ მან უსამართლოდ მაძაგა, მაშინ საერთოდ რატომ უნდა ავღელდე ამაზე – ეს ხომ მე არც მეხებოდა! პირველ შემთხვევაში მადლიერი უნდა ვიყო, მეორე შემთხვევაში ინდიფერენტული. არაფილოსოფიურად და ბრიყვულად მოვიქცევი, თუ მასზე გავბრაზდები და ჩხუბს დავუპირებ. შენ უნდა მიაღწიო უგრძნობელობას, აპათეიას. სტოელები ფიქრობენ, რომ შენი ცხოვრების კრედო უნდა იყოს: „არ აღელდე იმაზე, რაც შენზე დამოკიდებული არ არის.” როდესაც ვინმეს ეუბნები ან ურჩევ რაღაცას შენ არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ იგი მოგისმენს და გაითავისებს შენს ნათქვამს. მაგრამ ამაზე არ უნდა იდარდო, რადგან ეს უკვე შენზე არ არის დამოკიდებული. რაც გევალებოდა უკვე გააკეთე, დანარჩენზე არ უნდა აღელდე. სტოელები ფიქრობენ, რომ არის რაღაც, რაც ნამდვილად ჩემზეა დამოკიდებული და მის არ გაკეთებას გარე ფაქტორს ვერ დავაბრალებ. მე ყოველთვის ისე უნდა მოვიქცე, როგორც „ხამს“ ლოგოსის, რაციოს კარნახით, სადაც არ უნდა მიმიყვანოს ამან. დავუშვათ, რეპუტაცია შემელახა – მე მაინც ისე უნდა მოვიქცე, როგორც ლოგოსურ არსებას შეეფერება. ჩვენი „შინაგანი კაცი“, ის, რასაც შემდეგ პავლე მოციქულიც აღნიშნავს, არის ის ცეცხლი, ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც ჩვენშია. მეფე, მონა, წარჩინებული, გლეხი, სწავლული, უსწავლელი – ყველა თანაბარია, რადგან ეს რაციონალური პრინციპი ყველაშია.

ამიტომ სტოელებისთვის სოციალურ განსხვავებებსაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. სტოელ ფილოსოფოსთა შორის არის მონაც და იმპერატორიც. ეპიქტეტე მონა იყო, ხოლო მარკუს ავრელიუსი იმპერატორი. მაგრამ ეს უკანასკნელი არ იტყოდა, რომ იმპერატორობა მას ეპიქტეტეზე მაღლა აყენებს. ორივეში ეს ლოგოსი მოქმედებს, ორივეში გამომზეურებულია ლოგოსური ეს პრინციპი. ტკივილი შეიძლება გაშინებდეს, მაგრამ ტკივილის გამო ამ პრინციპს არ უნდა უღალატო. შესაძლებელია ტკივილის მენეჯმენტი გააკეთო, ხოლო აუტანელი ტკივილი დიდხანს არ გრძელდება და სიკვდილით უქმდება, მაგრამ ლოგოსური იმპერატივი სულ უნდა დაიცვა. ერთხელ ეპიქტეტეს ბატონის წინ აწამებდნენ, ფეხს უტრიალებდნენ, ხოლო ის ჯალათს ეუბნება: „თუ გააგრძელებ ფეხი მომტყდება“, ჯალათმა გააგრძელა და მართლაც მოტყდა, ეპიქტეტემაც დააყოლა: „აკი, გითხარი!” ეს ანეკდოტია, მაგრამ სტოიკოსების რეალურ ინტენციას უსვამს ხაზს: სტოიკოსები მართლა მუშაობდნენ ამაზე, მათთვის მთელი ცხოვრება ტრენინგი და საკუთარი თავის წვრთნა იყო, რათა შესძლებოდათ მაქსიმალურად კარგად ცხოვრება.

 

ამონარიდი ლევან გიგინეიშვილის წიგნიდან – „საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე“