“ღია სარკმლიდან მიცვალებული მხნეობას გვასწავლიდა,
ჩემი ვარდი მღვდლის ბაღიდან.”..
მაინც რა შეიძლება გიამბოს მთვარემ? ათასერთ ამბავზე ათასჯერ და მილიონჯერ მეტიც, ამ პატარა წიგნში კი ღამის თვალი ისეთ სათუთ ამბებს გვიყვება, ჩვენს სულსა და გულში რომ სამუდამოდ დაიდებს ბინას – დაგვაფიქრებს, თვალს აგვიხელს, შეგვცვლის…
ჰანს ქრისტიან ანდერსენი ყველამ საბავშვო ზღაპრებით გავიცანით (მსოფლიო სიბრძნეც ხომ ოდითგანვე ხალხური და გამოგონილი ზღაპრების მეშვეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას). თუმცაღა, ამ წიგში ანდერსენი მწერლისა და პოეტის მაგივრად, მხატვრის ამპლუაში გვევლინება, რომელსაც, უცხო ქვეყანაში სტუმრობისას, ძველი მეგობარი – მთვარე ბევრ საინტერესო და გულშიჩამწვდომ ამბავს უყვება.
ადამიანები ისე ვართ ჩაფლულნი ჩვენს ყოველდღიურ ქაოსში, რომ ხშირად ვერ ვამჩნევთ რაოდენ ამაოა ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი აკვიატება. ვერ ვამჩნევთ, რაოდენ სასტიკნი და უმოწყალონი ვართ.
ზოგჯერ საჭიროა საკუთარ თავს, შენს ცხოვრებას და ქმედებებს სხვისი თვალით შეხედო, რომ ცხოვრებისეული პრობლემების ლაბირინთიდან გასასვლელი იპოვო. სწორედ ამ გასასვლელის პოვნაში გვეხმარება მთვარის მოყოლილი ამბები.
ზოგი ისტორია სულს გითბობს, ზოგი გულს გტკენს და ამ ტკივილის მეშვეობით თვალს გიხელს, გაფხიზლებს, გზრდის, რომ უკეთეს ადამიანად იქცე.
ციური სხეულები არაერთ მწერალსა და პოეტს გაუცოცხლებია თავის შემოქმედებაში, მაგრამ მთვარე, რომელსაც ანდერსენი გვაცნობს სხვანაირია – ყველაზე ცოცხალია, გულისხმიერი, კაცთმოყვარე, მოსიყვარულე და მეგობრული…
კითხვის დროს ყველაფერს იმდენად რეალურად და მძაფრად შეიგრძნობ, რომ მკითხველსაც გგონია, თითქოს ციური მნათობი გელაპარაკება ავტორის მაგივრად.
“რა მიამბო მთვარემ” ეს ერთ-ერთი ის წიგნია, რომელიც (ვფიქრობ) ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული,
ის წიგნია, რომელიც გაკეთილშობილებს და სიყვარულს გასწავლის…