სტატიები

„ქართლის ხეობებს ასდის ნისლები” – ცოტნე ავსაჯანიშვილი

მანუჩარ ტაბლიაშვილი:

სოფელს ჩამოვუარე. მა სუ ტყე-ტყე ხო არ ვივლი კაცო, ხალხი იტყვის ეშინიაო და სირცხვილია რო გეშინია. თან მიყვარს სოფელზე გავლა. სიარულისას ფიქრი სულ სხვა ფიქრია. კრესლოში ჩამხობილი კაცი ეგრე ვერა ფიქრობსო, ასე იტყოდა ცნობილი ფილოსოფოსი პავლე ძამუკაშვილი და მე არცა მაქ უფლება რო არ დავეთანხმო და რომცა მქონდეს, მაინც ვეთანხმები იმიტო, რო ეგრეა. ფიქრის გარდა მგონი არც არაფერი დამრჩენია დაცარიელებულ, დენთით გაცხელებულ ქართლის ორღობეებში. ჩემი სიმშვიდე სიკვდილმისჯილის სიმშვიდესა გავს, რო იცის, ვერაფერს ვერ შევცვლიო და აღარც ნერვებს იწამლავს ტყუილი შიშებით და იმედებით. კიდე იმ კაცის სიმშვიდესა, ძალიან ბევრს რო გაირბენს, ყველა კუნთი ასტკივდება და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ჭიანჭველებით სავსე ხეს თუ მიეყუდება, ოღონდ ნატანჯი და გამოფიტული სხეული მოასვენოს. ისე კი, თითქოს სუ არ იცის სოფელმა, ომი როა. ჩამჯდარია აგვისტოს წითელ-ყვითელ ფერებში და თავს გასათხოვარი ლამაზივით იწონებს. ვზივარ ჩემთვის ლიახვთანა და ვფიქრობ, განა რა სამოთხე დახვდა პაპაჩემს ცაში ისეთი, ამას რო ჯობია. არადა, გელა მამაო სუ მაგას ამბობს, სამოთხე ესეთი და ესეთიაო. მა ეს თუ სამოთხე არ არი, რას გვეჯაჯგურებიან ის დედააძაღლებულები, მთები დაილია იქით თუ მდინარეები? და თუ სამოთხეა, მაშინ რაღაზე ვხოცავთ ერთმანეთს? აკი სამოთხეში მგელი და კრავი ბალახზე ქეიფობენ და ეგ ბალახიც არააქთ გასაყოფი იმდენიაო?!

ცოლ-შვილი ადრე გავხიზნე. სროლა რო აგვიტეხეს იმ დღეებში. მაგათ ადრევე ატეხეს სროლა, გაეროს დამკვირვებლებმაც კარგად იციან ეგა. ეს ფაქტი კარგად უნდა ურტყა ცხვირში ყველას, მერე რო არ მოგვიგონონ რამეები. ივლისი არ იყო მორჩენილი, ეგენი მთელ ლიახვის ხეობას გაუბიცებში რო გვაბანავებდნენ. ეხლა სოფელში ათი კაციღა ვიქნებით. მე და ბებრები. მე იმიტო, რო სოფლის რწმუნებული ვარ. მოხუცები კიდე ვერ მიდიან და განა იმიტო ვერ მიდიან, რო ფეხები არ ემორჩილებათ?! იმიტო ვერ მიდიან, რო აქედან თუ წავლენ, ეგ არი მაგათთვის სიკვდილი და ჩათვალე, რო აქ დარჩენით სიცოცხლეს იგრძელებენ. სანამ მოვა ოსი და რუსი, მანამდე ვიცოცხლებთ, მარა ეხლა რო გავიდეთ სოფლიდან, ეგრევე მოვკვდებითო, რომელაშვილი ზაურა იძახდა წუხელ, აკაციებთან რო ვბირჟაობდით. ისე კი, მოვლენ კიარა, მოვიდნენ და ეგ არი. დღეს თუ არა ხვალე, ეგენი აქ მოატალახებენ. უკვე მესმის მაგათი ქაჯური ყიჟინა. შეიძლება არც მესმის, მაგრამ ფსიქოლოგიურიაო, ჩემმა გოგომ მითხრა, რაღაცას რო ელოდები და თან არ გინდა მოხდეს, წინდაწინ გელანდებაო. ჩემ გოგოს ჯავახიშვილში უნდა მოწყობა, ფსიქოლოგიურზე.

სრულად წაიკითხეთ აქ: ქართლის ხეობებს ასდის ნისლები