სტატიები

„სიყვარული” – ზურა მხეიძე

რა არის სიყვარული? – ამ თემაზე კაცობრიობა დაარსების დღიდან საუბრობს. შევეცდები, ეს საკითხი განსხვავებული, პრაქტიკული კუთხიდან დაგანახოთ, რათა მისი ცხოვრებაში გამოყენება შეძლოთ. ეს ისეთი გრძნობაა, რომელზეც მწერლებს, ხელოვანებს, ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს ძალიან ბევრი მოსაზრება გამოუთქვამთ. ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კვლევაც არსებობს. საკითხის მრავალფეროვნება თვითონ მიუთითებს ამ ფენომენის რთულ ბუნებაზე. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ სიყვარული გრძნობა არ არის. ის ბადებს გარკვეული ტიპის ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია სხვა ტიპის ემოციებთან და მისი მსგავსი სხვა გრძნობა არ არსებობს.

„სიყვარული“ – ეს ცნებაც კი ცოტა უცნაურია. ადამიანი ამ გრძნობას ნებისმიერი რამის ან ვინმეს მართ გამოხატავს მხოლოდ ერთი სიტყვით: „უყვარს“. მას უყვარს რაღაც საგანი, ასეთი და ასეთი ამინდი, მოგზაურობა… და ამ გრძნობას ადამიანის მიმართაც ამავე სიტყვით გამოთქვამს: უყვარს, შეყვარებულია.  სიყვარულს სამი სტადია ახასიათებს:

1. აბსტრაქტული იდეალის შექმნა;
2. ამ იდეალის ძიება სოციუმში. თუ კონკრეტული სუბიექტის მახასიათებლები იდეალის მახასიათებლებს ემთხვევა, მისი აღმოჩენა,ურთიერთობის დაწყება და თუ ეს ურთიერთობა ხანგრძლივია – სტაბილიზაციის პერიოდი, ანუ ძირითადი ფასეულობების შეთანხმების პროცესი;
3. ლტოლვის, რომელიც სიყვარულს თავისთავად ახასიათებს, ოდნავ დაცხრომა, დაქვეითება და გადასვლა
უფრო მეგობრულ ურთიერთობებში. ამ სამ სტადიაზეა საუბარი, მეტ-ნაკლებად სხვადასხვა განმარტებითა და დასახელებებით. ძალიან საინტერესოა, რომ ყველა ემოციას, გარკვეულწილად, თავისი გამომსახველობითი ენა აქვს. მაგალითად, ზიზღს აქვს თავისი ენა: „მეზიზღება“, „ვერ ვიტან“ და ა.შ.

სიტყვა „სიყვარული“ გრძნობის გამომხატველ მთელ გამას აერთიანებს. მივყვეთ ეტაპობრივად და ვნახოთ, როგორ იწყება შეყვარების პროცესი. როგორც ვთქვი, პირველი სტადია, ეს არის კონკრეტული სუბიექტის აღმოჩენა, რომელიც შემდგომ იქცევა სიყვარულის ობიექტად. თავდაპირველად არის მოწონებისა და ყურადღების მიქცევის მომენტი. შემდეგ ამ მოწონების ემოციის განმეორების სურვილი: მინდა მეორედ შევხვდე იმ ადამიანს ან უფრო ახლოს მივიდე მასთან. ამ დროს ჩვენი ფსიქიკა წარმოდგენებითა და ფანტაზიებით საზრდოობს: რა მოხდება, როგორი იქნება მეორე შეხვედრა? და იმავე ემოციის მიღების მოლოდინის გამო, ეს პიროვნებაც
სასურველი ხდება.

შემდეგი საფეხური არის ურთიერთობები: არკვევენ, რამდენად ემთხვევა მათი ფასეულობები და ღირებულებები იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა უფრო ხანგრძლივი და სტაბილური გახდეს. თუმცა თუ რომელიმე სტადია არ გაიარეს ჰარმონიულად, ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამთავრდეს.

სტატია მომზადებულია წიგნის „სიყვარული” მიხედვით.

წიგნს სპეციალურ ფასად შეიძენთ აქ.