ადამიანთა დარაჯობაში გატარებული უთვალავჯერ უთვალავი ღამიდან გამომდინარე, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საუკეთესო ექსპერტიც კი ვარ ადამიანოლოგიაში. თუ არ გჯერათ, ყური დამიგდეთ ძილისპირულზე, სანამ ტკბილ ბურანს და ფერად სიზმრებს მისცემთ თავს. ამ ღამესაც გავივსე და გავიბადრე. ისე გავსუქდი, ცაზე ვერ ვეტეოდი.
მოსეირნე წყვილები აღტაცებულნი შემომცქეროდნენ, ჩემი მზერა კი ერთი მიყრუებული სოფლის, ერთი ქოხმახისკენ იყო მიმართული. მე შემიხედავს მსოფლიოს საუკეთესო სასახლეების სარკმლებში, გაპრიალებულ მინებში მიცქერია საკუთარი ანარეკლისთვის; თვალყური მიდევნებია ლამაზმანებისთვის, სარკეებთან რომ კოხტაობდნენ პაემანზე წასვლის წინ; მაგრამ ასე საინტერესოდ არასდროს მომჩვენებია ადამიანთა თვალთვალი, როგორც ამ უბადრუკი ქოხის უმინებო ფანჯრებიდან ჩანდა. შავი ცხოველის ხახასავით დაფჩენილ ფანჯარაში მბჟუტავი სინათლე კიაფობდა და მე, ღამის ერთადერთ ყველაზე კაშკაშა მნათობს თავისკენ უხილავი ძაფებით მიზიდავდა. ჯერ მორიდებით შევიხედე და მაგიდასთან მჯდომ ქალს ვკიდე თვალი.
სიღარიბის სუნით იყო გაჟღენთილი ჰაერი და კიდევ რაღაცის სუნი იდგა, თავიდან ვერ გავარკვიე. მაგიდაზე მდგარ სანთელთან დახრილი ქალი ბავშვის ხალათს კემსავდა გულმოდგინედ. იქვე შეტყუპებულ რკინის ორ საწოლზე ოთხ ბავშვს ეძინა მშვიდი ძილით. ყველაზე პატარა თმახუჭუჭა და ლოყებბრაწულა ბიჭუნა გახლდათ. ის ხალათიც, ზომით მისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ცვეთის ხარისხით თუ ვიმსჯელებდით, სანამ მისი გახდებოდა, ჯერ უფროსებს უნდა სცმოდათ. ქალი იღიმოდა და ახლა უკვე დაკემსილ ადგილას ფერადი ძაფებით ბურთს ქარგავდა. გვიანობამდე ვუჭვრიტინებდი სარკმლიდან, არა და არ ჩავედი, არა და არ დავილიე. ბოლოს ქალმა საქმე დაასრულა, წამოდგა, შავი თავსაფარი მოიხსნა და ტახტის გვერდით სკამზე გადაკიდა.
მხრებზე შავი დალალები ჩამოეშალა. კომოდის თავზე დადებულ სურათს, რომლიდანაც მოღიმარი ყმაწვილი იყურებოდა, სევდიანად გაუღიმა და ბუტბუტი დაიწყო. მივხვდი ლოცულობდა, ადრეც მინახავს მონასტრებში მლოცველი ქალები. მერე მძინარე ბავშვებთან მივიდა, სათითაოდ დაკოცნა და მათ შემხედველს ცრემლი ჩაუდგა თვალებში. კიდევ დიდხანს დავრჩი ღამის გუშაგად იმ ღარიბულ სახლთან, ვუმზერდი ფერად სიზმრებში გართულ ბავშვებს და მათთან ახლოს ყოფნით გულმშვიდად მძინარე დედას. ბოლოს მივხვდი, კიდევ რისი სუნი ტრიალებდა ჰაერში.. ადამიანები ამას იმედს ეძახიან. საოცარი რამაა იმედი, ყოველთვის იქაა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ და იქამდე შრომობს, სანამ აღარ იქნება საჭირო. იმედი ყოფილა ადამიანთა სალბუნი მტკივანი სულისთვის. იმედიანად მეყოლეთ…