სტატიები

სახელი, იდენტობა და მეხსიერება – ადამიანის დაბრუნება საკუთარ თავთან – მთავარი თემები წიგნიდან

ადამიანის იდენტობა ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე სახელი, რომლითაც მას სხვები მიმართავენ. სახელი თითქოს ყველაზე მარტივი ნიშანია, რომლითაც ერთი ადამიანი მეორისგან უნდა განვასხვავოთ, მაგრამ ლიტერატურაში მას გაცილებით რთული ფუნქცია აქვს: სახელი შეიძლება გახდეს მეხსიერება, წარმომავლობა, სოციალური სტატუსი, მოლოდინი და ზოგჯერ, ადამიანის ბედის განმსაზღვრელი ფორმაც კი. არსებობს სახელები, რომლებსაც ადამიანი ირჩევს, სახელები, რომლებსაც მას არქმევენ და სახელები, რომელთა ტარებაც მას საკუთარი ცხოვრების წინააღმდეგ უწევს. სწორედ ამ ზღვარზე პიროვნებასა და მისთვის მინიჭებულ იდენტობის  ფორმას შორის  იკითხება „ორი ლაზარეს ამბავის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იდეა.

ადამიანი სამყაროში მხოლოდ სხეულითა და ბიოგრაფიით არ ევლინება. სახელი მას გარკვეულ ადგილს ანიჭებს სხვათა მეხსიერებაში და ამავე დროს გარკვეულ როლს აკისრებს. სანამ ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, საზოგადოება უკვე ცდილობს მის განსაზღვრას: ვინ არის, ვის ეკუთვნის, საიდან მოდის, რა ადგილი აქვს და როგორი უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, იდენტობა ყოველთვის ნაწილობრივ პიროვნული არჩევანისა და ნაწილობრივ გარედან თავსმოხვეული განსაზღვრებების გადაკვეთის წერტილია.

„ორი ლაზარეს ამბავში“ ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად იკვეთება, რადგან აქ ერთი სახელი ორ განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აერთიანებს. ლაზარე მხოლოდ საკუთარი სახელის მატარებელი არ არის. ამ სახელში ერთმანეთზე ეხმიანება მეხსიერება, დაკარგული სამეფო, უბრალო ადამიანის ცხოვრება, მორჩილების გამოცდილება, თავისუფლების სურვილი და საბოლოოდ ის პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა, რომელსაც ეს სახელი ტახტზე ასვლისას იძენს.

სწორედ ამიტომ ლაზარეს სახელი შეიძლება წავიკითხოთ არა როგორც,  პერსონაჟის უბრალო აღმნიშვნელი, არამედ როგორც იდენტობის წინააღმდეგობის ადგილი. ვინ არის ადამიანი მაშინ, როდესაც მის შესახებ ყველაფერი უკვე სხვებმა განსაზღვრეს? შეუძლია თუ არა მას საკუთარი თავი დაიბრუნოს მაშინ, როდესაც მის ნაცვლად უკვე არსებობს მისთვის შექმნილი ისტორია?

ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამყაროში, სადაც ადამიანის სოციალური არსებობა მუდმივად დაკავშირებულია სახელებთან, ტიტულებთან და იარლიყებთან. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ სტატუსი ადამიანს განსაზღვრავს, სინამდვილეში კი სტატუსი მხოლოდ სხვების მიერ შექმნილი ინტერპრეტაციაა. ადამიანი შეიძლება იყოს მეფე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ამბობს მის შინაგან ბუნებაზე; შეიძლება იყოს მსახური და მაინც შეინარჩუნოს ისეთი თავისუფლება, რომელსაც მბრძანებელი ვერ ფლობს.

ამიტომ ნაწარმოებში მეფობის იდეა მხოლოდ პოლიტიკური სტატუსის საკითხი არ არის. მეფობა აქ იდენტობის ყველაზე მკვეთრ ფორმად გვევლინება. მეფეს სახელი მხოლოდ არ მიეცემა მასან  ერთად ეძლევა ისტორია, მოლოდინი, ვალდებულება და საზოგადოების მზერა. ტახტზე ასვლა ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე მხოლოდ საკუთარი თავის კუთვნილება აღარ არის. მისი პიროვნება საზოგადოებრივი სიმბოლო ხდება.

და სწორედ აქ ჩნდება ნაწარმოების ყველაზე საინტერესო პარადოქსი: როგორ შეიძლება ადამიანმა გახდეს სიმბოლო ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს?

ლაზარეს პასუხი ამ კითხვაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც მას საბოლოოდ ეძლევა შესაძლებლობა, მეფის სტატუსი მიიღოს, იგი არ ცდილობს საკუთარი წარსულის წაშლას. პირიქით, სწორედ იმ სახელის შენარჩუნებას ირჩევს, რომლითაც მანამდე ცხოვრობდა. „ლაზარე პირველი“ ამ თვალსაზრისით მხოლოდ სამეფო სახელწოდება არ არის. ეს არის საკუთარი იდენტობის შენარჩუნების სიმბოლო იმ მომენტში, როდესაც საზოგადოება ადამიანს ყველაზე მეტად აიძულებს შეიცვალოს.

ტახტი ადამიანს ახალ სახელს სთავაზობს, მაგრამ ლაზარე საკუთარ სახელს არ თმობს.

ამ მცირე სიმბოლოში ნაწარმოების მთელი ფილოსოფიური საზრისი იყრის თავს. ადამიანი შეიძლება შეიცვალოს მისი სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ეს ცვლილება არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი თავის გაუქმებას. პირიქით, ნამდვილი ცვლილება მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ახალ მდგომარეობაში შედის ისე, რომ საკუთარი შინაგანი ისტორია თან მიაქვს.

აქ „ლაზარე“ უკვე აღარ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სახელი. იგი იქცევა იდენტობის მეტაფორად. იმ ადამიანის მეტაფორად, რომელიც სხვადასხვა ძალის გავლით გადის მორჩილებიდან თავისუფლებამდე, უცნობობიდან ცნობადობამდე, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან ძალაუფლებამდე მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს მაინც იმავე სახელში პოულობს.

სახელის ეს დაბრუნება განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომაც, რომ ლაზარეს საბოლოო აღიარება გარეგნული ნიშნებით არ იწყება. მისი ვინაობა არ არის მხოლოდ ტანსაცმლის, ტიტულის ან სამეფო ატრიბუტიკის შედეგი. პირიქით, იგი თითქოს სწორედ ამ ყველაფრის მიღმა უნდა იყოს ამოცნობილი. ამგვარად, ნაწარმოები გვთავაზობს ძალიან ძველ, მაგრამ მუდმივად აქტუალურ ფილოსოფიურ პრობლემას: რა არის ადამიანის ნამდვილი იდენტობის მტკიცებულება — ის, რასაც სხვები ხედავენ, თუ ის, რაც ადამიანის არსში რჩება მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი გარეგნული იცვლება?

თანამედროვე სამყაროში ეს კითხვა კიდევ უფრო რთულდება. ადამიანი მუდმივად ატარებს სხვადასხვა სოციალურ იდენტობას: პროფესიულს, ოჯახურს, საზოგადოებრივს, კულტურულს. თითოეული მათგანი გარკვეულ როლს გვაძლევს, მაგრამ არცერთი არ არის მთლიანად ადამიანი. ჩვენ ხშირად ვიწყებთ საკუთარი თავის აღქმას იმ სახელებითა და სტატუსებით, რომლებიც საზოგადოებამ მოგვცა. საბოლოოდ კი შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვეღარ ვარჩევთ, სად მთავრდება ჩვენ მიერ არჩეული ცხოვრება და სად იწყება ცხოვრება, რომელსაც სხვების მოლოდინები გვკარნახობს.

სწორედ ამ მიზეზით არის „ორი ლაზარეს ამბავის“ იდენტობის თემა უფრო ფართო, ვიდრე ერთი ისტორიული ეპოქის ან ერთი მეფის ამბავი. იგი ეხება ადამიანის მუდმივ ბრძოლას საკუთარი თავის განსაზღვრისთვის. ჩვენ ყველანი გარკვეულწილად ვატარებთ სახელებს, რომლებიც ჩვენამდე არსებობდა. გვარები, ოჯახური ისტორიები, სოციალური როლები, სხვების მოლოდინები, ეს ყველაფერი წინასწარ ქმნის იმ სივრცეს, რომელშიც საკუთარი თავის პოვნას ვიწყებთ.

მაგრამ საკუთარი თავის პოვნა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი სახელის მოფიქრებას. ზოგჯერ იგი ნიშნავს ძველი სახელის ხელახლა გაგებას.

და ბოლოს, ყველაზე საინტერესო კითხვა სწორედ აქ ჩნდება: თუ ადამიანს ყველაფერი შეიძლება წაართვა, ძალაუფლება, სტატუსი, სიმდიდრე, გარეგნული ნიშნები – რა რჩება მისგან?

„ორი ლაზარეს ამბავის“ ერთ-ერთი შესაძლო პასუხი სწორედ ეს არის: რჩება სახელი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ სახელში ჯერ კიდევ ცოცხლობს ადამიანი.

ლაზარეს ისტორია ამგვარად შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ამბავი არა მხოლოდ დაკარგული და დაბრუნებული მეფობის, არამედ დაკარგული და ხელახლა მოპოვებული იდენტობის შესახებ. მისი საბოლოო დაბრუნება ტახტზე, ამ თვალსაზრისით, ერთდროულად არის დაბრუნება საკუთარ სახელთან, საკუთარ წარსულთან და საკუთარ თავთან.