სტატიები

ცხოვრება, როგორც ფილოსოფია და ფილოსოფია, როგორც ხელოვნება – თორნიკე ლელაშვილი

(წერილი ირვინ იალომის რომანის „როდესაც ნიცშე ატირდა“ შესახებ)

ნიცშეს მასწავლებელმა (შემდგომში მოძულებულმა), არტურ შოპენჰაურმა, ფილოსოფია განსაზღვრა, როგორც ხელოვნება: „ფილოსოფოსმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ იგი ხელოვნებას მისდევს და არა მეცნიერებას“.[1] მაშასადამე, ფილოსოფოსი სპეციფიკური სახის ხელოვანია და მისი მასალაც განსაკუთრებულია – ყოფიერება და საკუთარი თავი, როგორც ყოფიერების ნაწილი. ამდენად, ერთი მხრივ, ფილოსოფოსს, როგორც ხელოვანს, შეიძლება ჰქონდეს მიდრეკილება საკუთარი ცხოვრების ხელოვნებად ქცევისა და, მეორე მხრივ, მკითხველს აქვს უფლება, ფილოსოფიური ნაშრომების მიღმა ფილოსოფოსის ცხოვრებაც დაინახოს და შეაფასოს, როგორც ხელოვნება.

შეიძლება ითქვას, რომ ნიცშე ერთგული დარჩა ყოფილი მასწავლებლის მოწოდებისა – იგი შესანიშნავი ხელოვანია, მისი ფილოსოფია ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ შეიძლება იგივე ითქვას მის ცხოვრებაზე? მისი ფილოსოფია, როგორც ტექსტი, და მისი ბიოგრაფია, როგორც ტექსტი, ორივე უაღრესად დრამატულია, თუმცა მაინც განსხვავებული ჟანრებისა. ერთგან მეტია ჰეროიზმი, მეორეგან – ტრაგედია. ზოგჯერ ეს ტექსტები ერთმანეთს კვეთს და ერთმანეთით საზრდოობს, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ერთი იქცევა მეორისათვის მაკურნებლად. ტექსტის უკან მდგარი ავტორი საკუთარი ფილოსოფიით განკურნებას ცდილობს. ვინ არის ნიცშეს ზარატუსტრა? ის, ვინც იკურნება. რისგან იკურნება? საკუთარი თავისგან, საკუთარი სიმძიმისა და სისუსტისაგან. და მაინც, როგორ ჭარბადაც უნდა ჩანდეს ნიცშე საკუთარ ტექსტებში, ტექსტის მიღმა მაინც სხვა კაცი დგას და სხვა ცხოვრება, როგორც სხვა ტექსტი. მას საკუთარი მკითხველი სჭირდება.

არ არსებობს იდეალური და სრული ბიოგრაფიები. საუკეთესოდ დაწერილ ბიოგრაფიათა შორისაც კი რჩება დიდი ღიობები და კითხვის ნიშნები. ხშირად წყაროები მწირია. ბიოგრაფოსს ზოგჯერ უწევს იმპროვიზება, მაგრამ თუკი საქმე სამეცნიერო ტექსტთან გვაქვს, იმპროვიზაცია შეზღუდულია. მეორე მხრივ, თუკი ავტორი ბიოგრაფიის გმირს მხატვრული ტექსტის გმირად აქცევს, მას დიდი თავისუფლება ეძლევა დარჩენილ ღიაობათა ამოვსებისა. თუ ავტორი ნიჭიერი და დახელოვნებულია, კარგად იცნობს თავის მასალას, საკუთარი გმირის ხასიათს, შეუძლია ახალი სიცოცხლე მიანიჭოს მას. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგ ავტორს ისიც შეუძლია, რომ შედარებით უინტერესო ცხოვრება უაღრესად საინტერესოდ აქციოს ხოლმე. მაგალითად, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კანტის ცხოვრების ხელოვნება ამაღელვებელი, დრამატული ან აღმასვლებითა და დაცემებითაა სავსე. ცნობილია ანეკდოტური თქმულება, როგორ გაიყვანეს იგი ერთხელ ქალაქგარეთ მოტყუებით და როგორ ნანობდა – რამდენ რამეს მომაცდინეთო. შემორჩენილია მისი დღის განრიგიც:

  • დილის 4 საათი და 15 წუთი, მსახური აღვიძებს კანტს დავალებისამებრ, შეძახილით – დროა!
  • ზუსტად 5 საათზე საუზმე. ორი ფინჯანი ჩაი, ზედ ჩიბუხი და ლექციისათვის მზადება;
  • 7 – 9 საათამდე ლექციები;
  • 9 – 12:45 მუშაობა ნაშრომებზე;
  • 14:45-დან სტუმრები და სალონური საუბრები ჩაისა და სადილის თანხლებით (დაგვიანების სრული აუტანლობა!);
  • 19:00 საათზე ქალაქში სეირნობა;
  • 22:00 საათზე დაძინება.[2]

იტალიელმა ცოლ-ქმარმა, ერთი სამწერლო ფსევდონიმით – მიკაელ გრიგორიო – გადაწყვიტა, რომ ამგვარი ინტელექტისა და სახასიათო ცხოვრების წესის გმირი დასანანი იყო მსგავსი ერთფეროვნებისათვის და კრიმინალური დეტექტივის გმირად აქცია. 2006 წელს ინგლისურ ენაზე გამოვიდა დეტექტივი „კრიმინალური გონების კრიტიკა“, სადაც ახალგაზრდა პრუსიელი მოხელე, ჰანო შტიფენისი კიონიგსბერგში მომხდარი მკვლელობების გამოძიებას ცდილობს და მას ამაში სწორედ ემანუელ კანტი ეხმარება (ეს ტანდემი რაღაცით ჰგავს შერლოკ ჰოლმისა და დოქტორი უოტსონის დუეტს). ამ დეტექტივს, რომელიც უაღრესად საინტერესო და ერთგვარად სახალისოცაა, მაინც ვერ ვუწოდებდით ბიოგრაფიულ რომანს. აქ კანტი მხოლოდ გმირია, რომელსაც რეალური კანტის ნიშნები აქვს.

ამერიკელი ფსიქიატრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის ემერიტუსის, ირვინ იალომის წიგნები არაერთი ასპექტით განსხვავდება ზემოხსენებული წიგნის და მისი ავტორისაგან. იალომმა შესანიშნავად იცის, როგორც ადამიანის ფსიქოლოგია, ისე მასალა, რაზეც აგებს საკუთარ რომანებს. მისი ბიოგრაფიული რომანების გმირები არიან შოპენჰაუერი („შოპენჰაუერის კურნება“, 2005 წ.), სპინოზა („სპინოზას პრობლემა“, 2012 წ.) და ჩვენს მიერ ხსენებული ნიცშე – „როდესაც ნიცშე ატირდა“ (1992). ყველა ზემოხსენებულ წიგნს ეტყობა, რომ ავტორი კარგად იცნობს როგორც მათს ფილოსოფიას, ისე მათს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. ამასთანავე, როგორც ფსიქიატრი, უღრმეს შრეებს იაზრებს მათი ხასიათის და სულიერი წყობისა. წიგნი ნიცშეს შესახებ ამის კარგი მაგალითია. იალომმა იცის ბიოგრაფია და ოსტატურად ავსებს იმ ღიაობებს, რაც ბიოგრაფიის ფურცლებს შორის ცარიელი დარჩა. ბოლოსიტყვაობაში იგი წერს:

„მხატვრული ნაწარმოები არის ისტორია, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ზუსტად ასეთი ამბის დაწერა მინდოდა! ჩემი რომანი „როდესაც ნიცშე ატირდა“ შეიძლებოდა მომხდარიყო, ფსიქოთერაპიის, როგორც დარგის, უაღრესად დაუჯერებელ ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ამ წიგნში აღწერილი ყველა მოვლენა შეიძლებოდა სინამდვილედ ქცეულიყო, ისტორია სულ ოდნავ რომ შემობრუნებულიყო საკუთარ ღერძზე.“



და ლიტერატურას, კარგ ლიტერატურას, მართლაც შეუძლია შესაძლებელი სინამდვილედ აქციოს. ნიცშეს ბიოგრაფიაში ჩახედულ მკითხველსაც კი გაუჩნდება წიგნის კითხვისას ის აზრი, რომ, რასაც კითხულობს, ნამდვილად ასე მოხდა. რატომ არ შეიძლებოდა, რომ ფროიდის მასწავლებელს, ვენაში და მთელს ავსტრიაში განთქმულ ექიმ ბროიერს შეხვედროდა ნიცშე, რომელიც არაერთ ექიმთან იყო იქამდე? რატომ ვერ მოაწყობდა ამ შეხვედრას უაღრესად თამამი და ენერგიული ლუ სალომე, ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა ქალი, მართლაც Femme Fatale?

  და მაინც, რაზეა ეს წიგნი? ეს არის წიგნი ადამიანის უღრმეს მარტოობაზე, იმედგაცრუებასა და უკანასკნელ იმედზე. ნიცშეს ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, ეს მუდმივი ადამიანური დანაკარგების ისტორიაა. ადრეულ ასაკში კარგავს მამას, უაღრესად დაძაბული ურთიერთობა აქვს დედასა და დასთან, თანდათან კარგავს ყველა მეგობარს, ვინც მისთვის ერთ დროს ძვირფასი იყო – ვაგნერს, როდეს, ოვერბეკს.[4] ეს არის უაღრესად რთული და კომპლექსური ხასიათის ამბავიც. კარლ იასპერსი, თავის მონოგრაფიაში ნიცშეს შესახებ, წერს, რომ 1876 წელი იყო წელი ნიცშეს მარტოობის დასაწყისისა:

 „ნიცშეს გზა ეულობისა დაიწყო და მან უკვე იცის ამის შესახებ. ახალ გზებზე იგი ცდილობს დაახლოებას ახალ ადამიანებთან; ეს ჰგავს ბრძოლას მეგობრობისათვის საბოლოო მიტოვებულობის უფსკრულის პირას. კიდევ სამჯერ გამოვა იგი საკუთარი უშინაგანესი მარტოობიდან ადამიანებისაკენ: რეესთან, ლუ სალომესთან, ჰ. ფ. შტაინთან; სამივეჯერ იმედგაცრუებას იგემებს.“

ამ წიგნში თხრობა სწორედ ლუ სალომესთან განცდილი სასიყვარულო უარყოფის შემდგომ ვითარდება. ახალგაზრდა ქალი მიდის ცნობილ ექიმ ბროიერთან და სთავაზობს მას, რომ ნიცშეს უმკურნალოს. ჯერჯერობით უცნობ ფილოსოფოსს, რომელსაც მალე ყველა გაიცნობს და რომელიც თვითმკვლელობას აპირებს. ბროიერი თანხმდება. ბროიერისა და ნიცშეს გამოგონილი ურთიერთობა უაღრესად საინტერესოა, ფსიქოლოგი ფილოსოფოსს მკურნალობს, ფილოსოფოსი – ფსიქოლოგს. აქაც შესაძლებელია, მეგობრობა განვითარებულიყო, თუმცა როგორც ნიცშეს რეალურ ცხოვრებაში, ეს მეგობრობაც ერთგვარი  ღალატით სრულდება, რადგანაც სიცრუით დაიწყო. ნიცშე უბრუნდება თავის უსაკუთრეს მარტოობას და მალევე იქმნება მის ნაშრომთაგან დღემდე ყველაზე პოპულარული, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. მართლაც, ნიმუში უმაღლესი ფილოსოფიური ხელოვნებისა. წიგნი, რომელიც ამოიზარდა მისი მარტოობიდან, როგორც მცდელობა, ყოველივეს გადალახვისა. მაგრამ, მეორე მხრივ, რას ჰგავს მისი ცხოვრება, როგორც ხელოვნების ნიმუში? რა დამართა მან საკუთარ ცხოვრებას, როგორც ხელოვანმა? მისი ბიოგრაფია, ანტიკური გაგებით, ტრაგიკული ჟანრისაა. იგი ჩინებულად იწყება, უნიჭიერესი ახალგაზრდა, შესაძლოა გენიოსიც, 24 წლისა, ყველაზე ახალგაზრდა, უკვე პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში, ცხოვრებას სრულ გონებრივ უძლურებაში ასრულებს. ნიცშე 1900 წელს გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი წერილი ბოლო წლებისა, ასევე მარტოობის ამოძახილია. 1888 წელს სწერს რაინჰარდ ფონ ზეიდლიცს: „[…]და წლების მანძილზე არავითარი განახლება, არცერთი წვეთი ადამიანურობისა, მისხალიც კი არა სიყვარულისა.“[6]

იალომის წიგნი საშუალებას აძლევს მკითხველს, ნიცშეს ფილოსოფიური შემოქმედების მიღმა, ავტორის კულისებში შეიხედოს. ეს საინტერესო თავგადასავალია. ასევე ღიად რჩება კითხვა მკითხველისათვის – როდის ატირდა ნიცშე? ამას ტექსტიდან გაიგებთ და მეორე, ღია ფორმის კითხვა – შექმნიდა კი იგი ამგვარ ხელოვნებას მარტოობისა და ტანჯვის გარეშე?

წიგნის პირველი ქართული თარგმანი მკითხველისათვის ნამდვილად საჩუქარია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო აზროვნების აკადემიის გამომცემლობასა და მთარგმნელს.

 nicshe

წიგნის შესაძენად დააჭირეთ ფოტოს. 

[1] Eduard Griseba ch,Schopenhauers Nachlass, Bd IV, გვ.28.

[2] Wilhelm Weischedel, Die philosophische Hintertreppe: 34 großen Philosophen in Alltag und Denken, München 2005, გვ. 214.

[3] ირვინ იალომი, როდესაც ნიცშე ატირდა, აზროვნების აკადემია, 2024, გვ. 573

[4] ოვერბეკისადმი გაგზავნილი წერილებიდან: “ […] ბავშვობაშიც კი ისევე მარტო ვიყავი, როგორც ახლა ვარ, ჩემი ცხოვრების 44-ე წელს.ამ საზარელმა ათწლეულმა, რომელიც უკან მოვიტოვე, მდიდარი გემო განმაცდევინა იმისა, თუ რას ნიშნავს, იყო მარტო, რას ნიშნავს იზოლაცია ამ ხარისხისა: იზოლაცია და დაუცველობა ტანჯულისა, რომელსაც არავითარი საშუალება არ აქვს თავი დაიცვას“ http://www.thenietzschechannel.com/correspondence/eng/nlett-1887.html

[5] Karl Jaspers, Nietzsche: Einführung in das Vesrtandni seines Philosophierens, Berlin: Walter de Gruyter, 1950, გვ.72.

[6] Friedrich Nietzsche, Briefe, Berlin: Holzinger, 2013, გვ.320.