სტატიები

ოცდამეთოთხმეტე საღამო – ლალი აფციაური

ეჰ, რასაც მე ვხედავ, ყველაფერს რომ მოვყვე… არადა არ შემიძლია, ერთი რამ არ გიამბო; ეტყობა მთვარესაც აქვს თავისი დრო და ხანი; ეტყობა, მეც შემეპარა ჭაღარა სიბერე – ამბობენ, ადამიანები ხანში რომ შევლენ, გულჩვილები ხდებიანო; ჰოდა აი, ამდენი რამის მოწმე ვარ, ამდენ სევდასა და ნაღველს გაუვლია ჩემ სხივებქვეშ თუ მათ ნატვრაში, იმდენ მწუხარებას შევსწრებივარ, ვინ მოთვლის, მაგრამ ახლა რატომღაც ეს ამბავი გამახსენდა; ბოლომდე არც ვიცი, იმდენი ხანი რატომ ვდიე იმ ადამიანებს გამორჩეულად, მათნაირი ხომ ყველგან ათასობითაა, მე კი ამ ათასებს ათობით ათასი წლებია, დავყურებ და ეს ქცევა საკუთარი თავისგან ახლაც მიკვირს.

ეს მოგონება, როგორც გითხარი, უკვე დიდი ხნისაა, მაგრამ ახლაც სურათივით მიდგას თვალწინ მაშინდელი ღამეები და ცხადად ვხედავ, ყოველ ღამე როგორ მივიჩქარი ცაზე, ჯერ ქლიავისფრადაც რომ არ მოქცეულა, ზოგჯერ ისევ მწიფე ატმის ფერად ღუის და მე მაინც ვცდილობ, რაც შეიძლება მალე ავიმაღლო და ზემოდან კარგად გადმოვხედო ამ სახლს. გაზრდაც იმისთვის მეჩქარება, გგონია, საკუთარი სისავსის შეგრძნებით ვტკბები და იმიტომ ვმრგვალდები ასე სწრაფად, ჩამოდნობა კი თითქოს უფრო მიგრძელდება? – ავსებას იმისთვის ვჩქარობ, რომ იმ სახლს დავხედო და შიგ შევიხედო. განა რა სახლია ასეთი? სახლი თავისთავად ბევრი არაფერი, ჩვეულებრივია, დიდად არც განსხვავდება სხვა სახლებისგან, მის აქეთ და იქით რომ ჩარიგებულან ქუჩის გაღმა-გამოღმა ორ მწკრივად, მაგრამ ეს როგორღაც უკვე დაკნინებულა, დაჩაჩანაკებულა, კარგად თუ დააკვირდები (როცა სავსე ვარ და განსაკუთრებულად ვანათებ, მაშინ ეს უკეთ ჩანს), თითქოს ოდნავ წაფერდებულა კიდეც ერთ მხარეს და ცალი წარბი მეორეზე მეტად ჩამოჰფარებია გამოღამებულ ფანჯარა-თვალებს. ერთ დროს თავმომწონე ვაჟკაცივით აწკეპილი ულვაშიც ჩამოშვებია და წვერიც მოსდებია როგორღაც უგერგილოდ, წელშიც მოშვებულა და ძლიერი, ამაყი ქედიც სულ ოდნავ, მაგრამ მაინც დადრეკია თითქოს (ამას მარტო სავსემთვარეობისას ვხედავ). სახლს გარშემო კოპწია ეზო-ყურე აკრავს, ავ თვალს რომ არ დაენახვება, ისეთია, სულ მტკაველ-მტკაველ მოსუფთავებული და მოვლილი ერთგული, გამრჯე ხელით; იმ სახლში ერთი მარტოხელა ქალი ცხოვრობს, ქმარი ომში დაჰკარგვია და ახლა წელებზე ფეხს იდგამს, რომ ერთადერთი შვილი ისე გაზარდოს, უმამობამ რაც შეიძლება ნაკლებად დაუჩაგროს, ნაკლებად დაატყოს თავისი უსუსური სიცარიელის დაღი. ამიტომ ორმაგად ეფერება, გაორმაგებული კი არა, გაათკეცებული თავდადებით შრომობს მუხლჩაუხრელად და ეზო-კარსა თუ ბაღ-ბოსტანს თავს ევლება, რომ შვილს რაც შეუძლია, არაფერი მოაკლოს. უჭირს ქალს, მაგრამ თავს მაინც არ ზოგავს;

ხშირად ისე გვიანობამდე შემორჩება ხოლმე ბოსტანს, მიკვირს კიდეც, რაღას ხედავს, მაგრამ სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, იქიდან არ გავა, როგორც გინდა უმძიმდეს, ძილს არ გაიხშირებს და დილაბნელზე უკვე ფეხზეა, სანამ მე გავეცლებოდე აქაურობას, ის უკვე ლობიოს კვლებსა და ჭარხლის ფოთლებს დაჰფოფინებს;

საკუთარი ხბო-ძროხა არ ჰყავთ, მაგრამ მეზობლებისას უვლის ერთგულად, ხელბარაქიანი მეზობლებიც ისე არასდროს გაუშვებენ ქალს სახლში, თბილ-თბილი რძე და ახლად შედღვებილი კარაქი ან ფუმფულა ხაჭო არ გაატანონ დედისერთა ობოლთან. მადლიერია ქალი, მადლობას უხდის თეთრშუბლა ჭკვიანთვალებიან ძროხასაც, როცა წველის და ის ისეთი თვალებით გამოხედავს ხოლმე, უსიტყვოდ ეუბნება, მეც ხომ დედა ვარ, მეც ხომ ვიციო; მადლობას უხდის სახლის გულკეთილ დიასახლისს, თავისი შვილების ლუკმას შუაზე რომ უყოფს და აბა, ეს რა სათქმელიაო, თან ალერსით ეუბნება; მერე, მეზობლის ჭიშკრიდან გამოსული, მზერას ცას მიაპყრობს და ღმერთს აღუვლენს თვალცრემლიან მადლობას, სამყაროს გაუგზავნის გულმხურვალე დალოცვას, შვილის გაზრდაში ასე რომ მეხმარებითო და ჰპირდება, სანამ სული მიდგას და რამე შემიძლია, მამამისის და ქვეყნის ღირსეულ, კარგ ვაჟკაცად გავზრდი, მერე ისიც რომ გამოადგეს ყველას, სადაც საჭირო იქნებაო. რამდენჯერ ჩემთვისაც გულით გადაუხდია მადლობა, შენ რომ არ მინათებდე, ამდენ საქმეს რას ავუვიდოდიო, ზოგჯერ კი მაგისი თავიც აღარ აქვს საბრალოს, მაგრამ მე ხომ ვიცი, მე ხომ მადლობის მისაღებად არ ვერთგულებ, როცა ბაღ-ბოსტნის მოვლაში გვიანობამდე შერჩება, მილეულიც რომ ვიყო, ვცდილობ, უფრო გამოვნათდე, რომ უკეთ დაინახოს მოსავლელი კომბოსტოს კვლები თუ სახლისკენ მიმავალი ბილიკი. დავცქერი წვრილ მაჯებსა და ნატიფ ხელებზე, ასეთი შრომის ატანა რომ უწევთ, მინდა, თვალებზე მომდგარი ცრემლი შევუშრო, მაგრამ ამდენი არ შემიძლია, ამიტომ ვცდილობ, რაც გამომდის, იმით დავეხმარო და ჯაფა ამით მაინც გავუადვილო.

შვილი პატარაა და ჯერ საქმეში კარგად ვერ ეშველება; რაშიც შეუძლია და ეხმარება, ბევრი ვერაფერია, მაგრამ დედის გულს დიდ შვებად რომ ეფინება, ამას ვხედავ – მის თვალებში ვხედავ, მისი ტუჩის კუთხეებში გამკრთალ ღიმილში, თვალებთან გაჩენილი ნაადრევი ნაოჭების ხაზებში ვხედავ, ასეთ დროს რომ სწორდებიან და თითქოს ქრებიან. ზოგჯერ ბიჭი ბაღჩაში ან ბოსტანში კი არის დედასთან ერთად, მაგრამ მოშორებით ჩამოჯდება ხოლმე და წიგნს ჩაჰკირკიტებს – სამეცადინო აქვს. მერე ერთად მიდიან სახლში და აი იქ კი მე უნდა ვიყოჩაღო, იმიტომ რომ სახლში ლამფა ან სანთელიც კი არ აბადიათ და დედას ნახევრად სიბნელეში უხდება ვახშმის მომზადება, ბიჭი კი ბუხარში ფიჩხითა და ხმელი წკირებით ანთებული ცეცხლის ალზე მეცადინეობს, ცდილობს, ძალიან სწრაფად ისწავლოს, თორემ ცეცხლი მალე ჩაქრება და ნაკვერჩხლების მინავლულ შუქზე მოუწევს დანარჩენის წაკითხვა. ამიტომ მე უნდა მივაშველო ჩემი სინათლე.

კარგა ხანია, იმ სახლის ფანჯრებში აღარ შემიხედავს, რადგან ბიჭი გაიზარდა და მეც აღარ ვარ მათ სახლში საჭირო, მაგრამ ახლაც ნათლად მიდგას თვალწინ კოპწია ბაღი, ბებერი, მაგრამ მაინც თავგამოდებით მსხმოიარე ხეები, ძალაგამოლეული ტოტები ლამის მიწამდე რომ დაუშვიათ, საგულდაგულოდ მოვლილი ეზო-ყურე, დაღლილივით ოდნავ გვერდზე წაფერდებული, მოხუცებული სახლი, ცალ გვერდზე წვერივით ხავსი რომ მოსდებია, ოდნავ დაბრეცილი ფანჯრები, დღის დასალიერზე იქიდან გამომავალი ოდნავი სინათლე, ფანჯრებს შიგნით კი, იმ სუსტი შუქით ძლივს განათებულ ოთახში, დინჯად საქმიანობს ჯერ ისევ ახალგაზრდა, მაგრამ ჯაფით ოდნავ მხრებში მოხრილი ქალი, პატარა ბიჭი ბუხარს მისჯდომია, კალთაზე ცეცხლის ალს მიმარჯვებული წიგნები გადაუშლია და მთელი მონდომებით ცდილობს, შიგ რამე ამოიკითხოს.