სტატიები

თვითშეფასება, როგორც საკუთარი თავის აღქმის სისტემა – დაკვირვებები “ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგიიდან”

ადამიანის თვითშეფასება ხშირად იქ იწყება, სადაც ის საკუთარ თავზე პირველად ისმენს შეფასებას. „ნიჭიერი ხარ“, „ზარმაცი ხარ“, „ძალიან მგრძნობიარე ხარ“, „შენგან არაფერი გამოვა“, „ყველაფერს კარგად აკეთებ“ – ერთი შეხედვით უბრალო სიტყვები შეიძლება დროთა განმავლობაში ადამიანის შინაგანი სამყაროს ნაწილად იქცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა უკვე აღარ გვახსოვდეს, ვინ დაგვარქვა ეს სახელი –  უბრალოდ თავად ვიწყებთ საკუთარი თავის ასე აღქმას.

სწორედ თვითშეფასების ამ რთულ მექანიზმს ეხება მარინა კაჭარავა წიგნში „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია“. ავტორის მიხედვით, თვითშეფასება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან იქმნება: რას ვფიქრობ საკუთარ თავზე, რას ვფიქრობ, იმასთან დაკავშირებით თუ  სხვები  რას ფიქრობენ ჩემზე და რას ვფიქრობ მე სხვებზე. ამ ურთიერთქმედებიდან ყალიბდება ის წარმოდგენა, რომელსაც საბოლოოდ საკუთარ „მე“-დ აღვიქვამთ.

ამიტომ კითხვაზე – „როგორი ვარ?“ – პასუხი ყოველთვის მხოლოდ ჩვენს შინაგან თვისებებში არ უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენის ნაწილი საერთოდაც სხვისი შეფასებებიდან გვქონდეს მიღებული. ბავშვობაში ნათქვამი ერთი ფრაზა, მშობლის მუდმივი კრიტიკა, მასწავლებლის შეფასება, თანატოლების დაცინვა ან, პირიქით, მუდმივი გადაჭარბებული ქება შეიძლება ადამიანის თვითაღქმაში ისე ჩაინერგოს, რომ ზრდასრულ ასაკშიც განაგრძოს მოქმედება.

განსაკუთრებით საინტერესოა შემთხვევა, როდესაც ადამიანი სხვის მიერ მიწებებულ იარლიყს საკუთარ იდენტობად აქცევს. წიგნში განხილულია სწორედ ასეთი მექანიზმი: როდესაც ბავშვს მუდმივად „მატყუარას“, „ხულიგანს“, „ცუდ ბიჭს“ ან „უნიჭოს“ უწოდებენ, არსებობს საფრთხე, რომ ეს შეფასება მისი ქცევის ნაწილადაც იქცეს. ადამიანი თითქოს იმ როლს ირგებს, რომელსაც მისგან ელიან.

აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად არის ის, რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ნამდვილად ჩვენი აზრი?

ზრდასრულ ასაკში ეს პროცესი შეიძლება უფრო დახვეწილი ფორმით გაგრძელდეს. ადამიანი საკუთარ თავს შეიძლება უწოდებდეს, „უშნოს“, „წაგებულს“, „დაუცველს“, „არავისათვის საინტერესოს“ ან სხვა მსგავს სიტყვებს. დროთა განმავლობაში ეს სიტყვები უბრალოდ ემოციური რეაქცია აღარ არის – ისინი აზროვნების ჩარჩოდ ფორმირდება. თუ ადამიანი საკუთარ თავს მუდმივად უმეორებს, რომ მისგან არაფერი გამოვა, ყოველი მარცხი ამ წარმოდგენას კიდევ ერთხელ ადასტურებს, ხოლო წარმატება შესაძლოა შემთხვევითობად ან უმნიშვნელო მოვლენად ჩათვალოს. წიგნში ეს კავშირი პირდაპირ არის ნაჩვენები: საკუთარ თავზე ნეგატიური იარლიყების მიკერება ნეგატიური აზროვნების გაგრძელებასაც უწყობს ხელს.

ამგვარად, დაბალი თვითშეფასება მხოლოდ საკუთარი თავის „არ შეყვარება“ არ არის. ის შეიძლება გახდეს ფილტრი, რომლის გავლითაც ადამიანი საკუთარ გამოცდილებას კითხულობს. ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ადამიანს სრულიად განსხვავებულად შეიძლება აღექვას, რადგან განსხვავებული იქნება არა მხოლოდ მოვლენის შეფასება, არამედ ის შინაგანი წარმოდგენაც, საიდანაც ეს შეფასება მოდის.

თუ ადამიანს წინასწარ სჯერა, რომ სხვებზე ნაკლებია, სხვისი უყურადღებობა მისთვის შეიძლება უბრალო შემთხვევა აღარ იყოს. ის მას საკუთარ არასრულფასოვნებას დაუკავშირებს. თუ საკუთარ თავს წარუმატებლად მიიჩნევს, ერთი შეცდომა შეიძლება მარცხის მტკიცებულებად იქცეს. თუ ფიქრობს, რომ სხვებს არ მოსწონთ, ნეიტრალურ რეაქციაშიც კი უარყოფას დაინახავს. ამიტომ თვითშეფასება მხოლოდ იმაზე არ მოქმედებს, რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე  ის გავლენას ახდენს იმაზეც, როგორ ვკითხულობთ სამყაროს.

წიგნში ეს თემა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება: თვითშეფასება რეალობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ არ ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების განურჩევლად გადაჭარბებულად შეფასებას. ადეკვატური თვითშეფასება სწორედ საკუთარი თავის რეალისტურ აღქმას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, საკუთარ თავზე ზრუნვა არც საკუთარი ნაკლოვანებების უარყოფაა და არც მათი გადაჭარბება  ეს არის უნარი, დაინახო საკუთარი თავი უფრო სრულად.

შესაძლოა, სწორედ აქ იწყება თვითშეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება: მაშინ, როდესაც ადამიანი პირველად ცდილობს გაარჩიოს საკუთარი ხმა იმ ხმებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მის ნაცვლად საუბრობდნენ. „მე ასეთი ვარ“ –  ზოგჯერ ფაქტი კი არა, ძველი შეფასებაა. „მე ამას ვერ შევძლებ“ – შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების რეალური ცოდნა კი არა, წარსულში მოსმენილი ფრაზის გაგრძელება იყოს. „მე არავის მოვწონვარ“ – შეიძლება საკუთარი გამოცდილების ზუსტი აღწერა კი არა, სამყაროსთან ურთიერთობის ის ჩარჩო იყოს, რომელიც ოდესღაც ჩამოყალიბდა.

საკუთარი თავის შეცნობა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ძლიერი მხარეების აღმოჩენას არ ნიშნავს. ის ასევე მოითხოვს იმის დანახვას, თუ როგორ შევქმენით საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა და რამდენად გვეკუთვნის ის სინამდვილეში. შეიძლება ადამიანი წლების განმავლობაში ებრძოდეს საკუთარ თავს მაშინ, როცა სინამდვილეში ის იმ იარლიყებს ებრძვის, რომლებიც ოდესღაც მას მიაკრეს.

„ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგიის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას: საკუთარი თავის შეცვლა ხშირად იწყება არა იმით, რომ სხვა ადამიანად ვიქცევით, არამედ იმით, რომ საკუთარ თავზე არსებულ ძველ წარმოდგენებს თავიდან ვაკვირდებით. ვამოწმებთ, რომელი მათგანია ჩვენი გამოცდილებით დადასტურებული და რომელი – უბრალოდ ერთხელ მოსმენილი სიტყვა, რომელიც იმდენჯერ გავიმეორეთ, რომ საბოლოოდ საკუთარი ხმის მსგავსი გახდა.

და შესაძლოა, თვითშეფასების აღდგენის პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იყოს – გავჩერდეთ და დავფიქრდეთ: როცა საკუთარ თავზე ვფიქრობ, ნამდვილად ჩემი ხმით ვსაუბრობ თუ იმ ადამიანების ხმებით, რომლებიც ოდესღაც ჩემზე რაღაცას ამბობდნენ?