სტატიები

ემოციების მართვა – ანა ღვინიანიძე

ემოციების მართვა – ანა ღვინიანიძე

ემოციის მართვის უნარი ვისაც უფრო განვითარებული აქვს, ისინი უფრო კარგად მიჯნავენ ერთმანეთისგან ამ პასუხისმგებლობებსაც. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობაა, არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვები, თუკი გადაწყვეტენ კონკრეტული ემოციის გამოხატვას. არ დააზიანონ, ეს ერთი და მეორე, თუკი გადაწყვეტენ უარი თქვან ემოციის გამოხატვაზე, ეს არ ხდება, ეგრეთ წოდებული, ბოღმიანობა – ღვარძლიანობის საფუძველი, ანუ ესეც არის სინამდვილეში ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ მე ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ვაცნობიერებ, სინამდვილეში ასე უკეთესია ან ვაღიარებ, რომ ჩემზე მოქმედებს განსაზღვრული შეზღუდვები, რომლებიც გამოხატვას შეუძლებელს ხდის.

ემოციების მართვის უნარი, საბოლოო ჯამში, შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. პირველი – ემოციების მიერ აღძრული ქცევა ან ქმედება წამოვიწყო, რადგან, არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუსაბამოდ ძლიერი აქვთ აღკვეთის უნარი, ისინი, ხშირ შემთხვევაში, იმყოფებიან თავშეკავების მდგომარეობაში, არ დგამენ რაღაც განსაზღვრულ ნაბიჯებს. აი, მაგალითისთვის, მე განვიცდი კეთილგანწყობას ვიღაც კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგრამ იმდენად ძლიერია ჩემში თავშეკავების განცდა, რომ ვარჩევ, საერთოდ არ ვაგრძნობინო და არ გამოვხატო ეს, არანაირად არ იკითხებოდეს ჩემს დამოკიდებულებაში მისადმი კეთილგანწყობა. ეს არის ზუსტად ინჰიბირების შემთხვევა. მაგრამ წამოწყების შემთხვევაში ემოცია პრაქტიკულად მიბიძგებს რაღაცა გადაწყვეტილებისკენ, ან რაღაც ქმედების განხორციელებისკენ და მე მაქვს უნარი, − თუკი გარემოებებიც მიწყობს ხელს, − წამოვიწყო შესაბამისი ქმედება, ანუ არ დავრჩე აღკვეთის მდგომარეობაში, მუდმივად არ ვიმყოფებოდე თავშეკავების მდგომარეობაში.

ამავდროულად არსებობს საპირისპირო უნარი, რომელსაც ეწოდება ემოციის მიერ აღძრული ქმედების აღკვეთის უნარი, ანუ თავშეკავების უნარი. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, თავშეკავების კარგად განვითარებული უნარი რამდენად ბევრ დადებით შედეგთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ გადახედავთ სასკოლო მზაობის კვლევებს, აღმოაჩენთ, რომ ამ უნარის მატარებელ ბავშვებს აქვთ კარგად განვითარებული სოციალური კავშირები იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ სინამდვილის პრინციპის მიხედვით, დათმონ რაღაცა ქმედების განხორციელების სურვილი. ეს ერთი და მეორე, რაც ყველაზე ხშირ შემთხვევაში ეხება ზუსტად აღკვეთას, არის ბრაზისა და მსგავსი ემოციების გამოხატვის სიხშირე. მაგალითად, რამდენად ხშირად გამოვხატავ ბრაზს, დამანგრევლად და დამაზიანებლად? მათ ვისაც, დავუშვათ, აქვთ აღკვეთის უნარი უფრო მეტად განვითარებული, თავისთავად გაცილებით გაწონასწორებული ურთიერთობები აქვთ, რადგან ნაკლებია ავისმომასწავლებლობის განცდა მათთან ურთიერთობაში. ნაკლებად გაქვთ განცდა იმისა, რომ მოულოდნელად დაგატყდებათ თავს რისხვა.

როგორც წესი, ბრაზის პირისპირ დგომა, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს, ადამიანებში ძალიან ღრმა და მოუშუშებელ იარებს ტოვებს იმიტომ, რომ ისინი, ვინც მოწმეები იყვნენ ბრაზის თავშეუკავებელი გამოხატვისა, მაგალითად: ნივთების მსხვრევა, სხვა ადამიანის ცემა და ა.შ., სწავლობენ, რომ ბრაზი არის მხოლოდ და მხოლოდ დამანგრეველი. ისინი იშინაგანებენ რწმენას, რომ ბრაზის განცდა არის სირცხვილი, რადგან ბრაზს აიგივებენ უშუალოდ დამანგრეველ ქმედებასთან. ბრაზის მართვის უნარი უმნიშვნელოვანესია. ცალკეც კი არსებობს სახელმძღვანელოები იმისთვის, რომ ადამიანს ასწავლოთ ბრაზის მართვა. სამაგიეროდ, ვერ შეხვდებით სახელმძღვანელოს, სადაც სიხარულის ან კმაყოფილების მართვა იქნება ცალკე განხილული.

დადებითი ემოციების დატევის სირთულე, − რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ეს, − სინამდვილეში ბევრ ადამიანს აქვს. მათში ძლიერი დადებითი ემოცია დამატებით ფორიაქსაც აღძრავს ზუსტად ისევე, როგორც ბრაზის განცდის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რა აქვს ნასწავლი კონკრეტულ ემოციაზე ადამიანს. ვთქვათ, ძლიერ სიხარულს, აღტყინებას ან აღფრთოვანებას განიცდის… რა ისწავლა აღფრთოვანებასა და სიხარულზე? სხვათა შორის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისჯებოდნენ სიხარულისა და დადებითი ემოციების განცდისთვის. ამიტომ, მათ გაშინაგანებული აქვთ რა ეს დამოკიდებულება, გაურბიან კმაყოფილების განცდას, სიხარულს, სიამაყის გრძნობას ისე, როგორც საშიშს, რადგან მათთვის დადებითი ემოციები დაუკავშირდა უსიამოვნო შეგრძნებებს. იმიტომ, რომ ბევრი ასეთი მითითება მოჰყვა: „რა გიხარია?“ „სულელებს უხარიათ მხოლოდ“ და ა.შ. მსგავსი აღნიშვნები, სინამდვილეში, უბიძგებს ამ ადამიანებს, რომ ზუსტად ეს სიხარული, კმაყოფილება და სხვ., გადაიყვანონ ისეთი ემოციების კატეგორიაში, რომელთა დაუფლების შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეიკავო თავი, არ გამოხატო არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოადგენს. ემოციის მართვის უნარი არა მხოლოდ უსიამოვნო და ძლიერი ემოციის მართვის უნარს გულისხმობს, არამედ დადებითი ემოციების მართვის უნარსაც.