სტატიები

„მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ…“ – ანუ როგორ დამეხმარა ჩემი შვილი

დედობა, როგორც საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო გზა… ეს ფრაზა ცოტა ეგოისტურად ან ბანალურად შეიძლება ჟღერდეს ვინმესთვის, მაგრამ შინაარსს ბევრად ჰუმანურს და ბავშვისთვის სასიკეთოს ატარებს, ამაში კი გზადაგზა დარწმუნდებით.

საკუთარი თავის გაცნობა რომ მარტივი არ იყო, ყოველთვის ვიცოდი, ოღონდ იცით, როგორ? ყველაზე მაღალ წერტილში შემოდებული წიგნივით (ანდაც ნივთივით), რომლის არსებობაც იცი, მაგრამ ცდილობ თვალი აარიდო, „სამომავლოდ გადადო“.

ჰოდა, 4 წლის წინ გაჩნდა ადამიანი, ვინც დააჩქარა რეფლექსიის პროცესი. ასეთი საჭირო და დროული არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში პიროვნული განვითარება, რა თქმა უნდა, სუბიექტურად აღვიქვამ ამას, რადგან ყველას ხომ თავისი ბიოლოგიური დრო აქვს ამ საჭიროების?!

რთულია, მაგრამ თუ ერთხელ მაინც დაიწყე ცვლილებები, არასდროს გინდება იქ დაბრუნება, საიდანაც დაიწყე, სულ წინ გინდა იარო. ხსნაა, როდესაც გამომწვევ მიზეზს პოულობ, ამაზე მეტად კი აღმოჩენა. მოკლედ, ძალიან ბევრი ეტაპია და თავი რომ არ შეგაწყინოთ, რაზე ვსაუბრობ, როგორ და რანაირად დამეხმარა ჩემი შვილი, უფრო გასაგები რომ გახდეს, მოვიყვან რეალურ სიუჟეტს ჩვენი ცხოვრებიდან.

ბავშვები ხასიათის გამოვლენას რომ იწყებენ მკვეთრად, ეს ეტაპი განსაკუთრებით მომწონს, დამკვირვებლის როლს ვირგებ და ვცდილობ, ფაქტი შეფასებების გარეშე გავიაზრო, რომ ჩემს შვილთან ურთიერთობაში გამომადგეს მიღებული ინფორმაცია.

ვუყურებდი ჩემს პატარა გოგოს, არ დავმალავ და როგორც მშობლებმა ვიცით, აღფრთოვანებული ვიყავი, თუ როგორ შეეძლო მიზნის მისაღწევად ათასი გზა ეცადა.

ერთ დღესაც (ეს ერთი დღე 2 წელს ითვლის დაახლოებით) შევატყვე, რომ პირველივე მცდელობა თუ წარუმატებლად დასრულდებოდა, იწყებდა ტირილს, ნებდებოდა, აღარ აგრძელებდა ცდას. დავუჯექი და ვუთხარი, რომ ერთხელ თუ არ გამოვა, კიდევ ვცადოთ, შევცვალოთ მიზნისკენ მიმავალი გზები და ა. შ. თან მიკვირდა, რა მოხდა? რატომ შეიცვალა? ის ხომ აქამდე არ ნებდებოდა?

და მაინც, რამ გამოიწვია ეს ცვლილება?  2-3-დღიანი ფიქრის შემდეგ, ერთ-ერთი სიუჟეტის დროს პასუხმაც არ დააყოვნა: დღის ბოლოა, დედა მარტოა 2 ბავშვთან ერთად, მისი ფიზიკური და ემოციური რესურსი ამოწურულია, ანუ მართლაც ძალიან დაღლილია და ამ დროს უცბად, წყალი იღვრება იატაკზე. ეს კი კულმინაციური სცენაა, რომელსაც გადამეტებული რეაქცია მოჰყვა მშობლის მხრიდან, ნაცვლად: უი, არაუშავს, შემდეგში ფრთხილად ვიქნები, წამომცდა:  აუ, ჯანდაბა, როგორ დამეღვარა, ეს საქმე მაკლდა (ინტონაციას მიხვდებით, როგორც უნდა წაიკითხოთ წუწუნი)!

ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვები აკვირდებიან ჩვენს თითოეულ რეაქციას, რომლებსაც ხშირად ინსტინქტურად ვაკეთებთ და  ყურადღების მიღმა გვრჩება. აი, საიდან „დაისწავლა“ ჩემმა შვილმა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა დაბრკოლების შექმნისას. მერწმუნეთ, კუბებისგან ცათამბჯენის გაკეთება/ვერგაკეთება წარმოადგენს ამ ასაკში გამოწვევას, პირდაპირ დიდი ცხოვრებისეული დაბრკოლებებით არ იწყება მათი გასვლა ცხოვრებისეულ ასპარეზზე.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელსაც ბავშვთან ურთიერთობისას ვიყენებ:

  1. ზოგჯერ გამიზნულად ვუშვებ შეცდომას, რათა მქონდეს ადეკვატური, წინასწარ განსაზღვრული რეაქცია და ბავშვმა კარგად აღიქვას ის.
  2. ვასწავლი, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება მიიღოს პროცესით. ჩემს პატარას ძალიან უყვარს აშენება, ნებისმიერი რამით შეუძლია რაღაც კონსტრუქციის აგება. მაგალითად, ორცხობილის ყუთებით და როდესაც ძალიან მაღლა ადის და ენგრევა, ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ აი, ხიდი უკვე გააკეთა, აბა ახლა კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ამ ყუთებისგან.
  3. მის თვალწინ რაღაც არ გამომდის მარტივად, მაგალითად, ქილის თავსახურის მოხსნა, მის გასაგონადაც (ოღონდ ამ ყველაფერს ბუნებრივი ფორმა აქვს) ჩემ თავს ვეუბნები: ლილე, მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ. ახლა არ გამოვიდა, შემდეგ ჯერზე გამოგივა, თუ არ გამოვა არც ეგაა ტრაგედია, ჩვენ ვცადოთ.

და დავასრულებ იმ შეხედულების გამეორებით, რითაც დავიწყე: ყოველ დღე, ყოველ წამს იმაზე უკეთ მაცნობენ  საკუთარ თავს ჩემი შვილები, ვიდრე მე ეს შემეძლო განმარტოებით ან საგანგებოდ, „ჩაღრმავებით“ გამეკეთებინა.

 

ლილე კვირტია

იხილეთ ლილეს ბლოგი აქ: liles_library