სტატიები

„დიდი სიამოვნებით წავაკითხე იმ ბავშვს, რომელიც ჩემში ცხოვრობს“ – მარიამ წიკლაური

ჩემი პირველი, უსაყვარლესი, განსხვავებული და სრულიად არასტანდარტული მელა „პატარა პრინცში“ გავიცანი მილიონობით სხვა ბავშვივით. ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟი მართლაც ზღაპრული ამბიდან მოსული და სამარადჟამოდ დარჩენილი ჩვენთან. ის ვინც გვითხრა, „რომ ყველაზე მნიშვნელოვანს თვალით კი არა, გულით ვხედავთო“… გულით ხედვის ოსტატობაა საბავშვო ლიტერატურაც…

ცხადია ბევრ სხვა ნაწარმოებშიც შეგვხვედრია მელაკუდები და მელიები, ფოლკლორზე რომ არაფერი ვთქვათ… რა კარგია, რომ ისინი ყოველთვის არ არიან წუწკები, ქათმიპარიები და მატყუარები. ალბათ, მელიებისთვისაც საშინელებაა ამგვარი იარლიყის მიკერება, მაგრამ ვერაფერს გვაგებინებენ ადამიანებს. ზოგჯერ კი  გამოჩნდებიან ხოლმე კეთილი მწერლები და მათ ამ იარლიყებს ხსნიან. ასე გაუმართლა ბოგისაც, უკუდო მელიას, რომელმაც კეთილი ავტორის მარიამ ჯამდელიანის წყალობით ერთ მშვენიერ საბავშვო წიგნში ამოყო თავი. წიგნს ჰქვია „კუდამელა ბოგის თავგადასავალი“, ის „აზროვნების აკადემიის გამომცემლობამ“ გამოუცა ბავშვებს, დაუხატა ილუსტრატორმა სოფო კიკნაველიძემ. წიგნი დაიწერა „ფასკუნჯის“- გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლის მასტერკლასების ფარგლებში.  ასაკი 7+ , ასეა მითითებული, მაგრამ მე 60+ ასაკისამაც დიდი სიამოვნებით წავაკითხე იმ ბავშვს, რომელიც ჩემში ცხოვრობს და ჯერ 7 წლისაც არაა.

უკვე შემიყვარდა ეს წიგნი. გირჩევთ, თქვენც გაიცნოთ. აუცილებლად შეგიყვარდებათ, გაჰყვებით კვალში, თვალს მიადევნებთ და იგრძნობთ, როგორი ემპათიით განეწყობით მელია ბოგის მიმართ. წიგნი მოცულობით არაა დიდი, მაგრამ დიდ ამბავს იტევს – ძალიან სადად, ლამაზად, გემოვნებით მოთხრობილს. თანამედროვე ბავშვებისთვის გასაგები ენა და თხრობის სტილი ხშირად არ გვხვდება არც წიგნებში, არც სახელმძღვანელოებში, აქ კი ყველაფერი რიგზეა ამ მხრივ. სხვა მხრივაც. ქარგა –კლასიკური ზღაპრისაა – პერსონაჟი ტოვებს  მშობლიურ კერას, გარემოს, დიდ მოგზაურობაში მიდის, განსაცდელში პოულობს ჭეშმარიტებას და ბრუნდება უკან უფრო გამოცდილი, უფრო დაბრძენებული. ამ ნაწარმოებით იქნებ უძღები შვილის არაკიც გაგახსენდეთ… საზოგადოდ კარგი საბავშვო ნაწარმოები დიდებისთვისაც სასიამოვნო საკითხავი უნდა იყოს და ბავშვებისთვის ხომ იმდენად საინტერესო, ჩამთრევი, ფიქრის აღმძვრელი, ბევრი კითხვის გამჩენი… და ფიქრებთან ერთად ემოციებიც უნდა გაუღვივოს ბავშვებს. რადგან სწორედ ემოციები არის სამყაროსთან სასაუბრო ენა! სამყარო კი თავის ყველა გამოვლინებაში ელოდება ადამიანებთან ურთიერთობის გზების გამოძებნას, მეგობრობას…

ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ძნელია კარგი საბავშვო წიგნების წერა, მაგრამ ვინც ამ საქმისთვის იბადება  და უყვარს ეს სფერო, მათთვის ყველაფერი იოლზე იოლია. ასეა ამ შემთხვევაშიც. ეს იოლად დაწერილი წიგნია, მენდეთ, და თან მისტიკურად სახელდებული პერსონაჟებით. სახელების შერჩევა ეს ცალკე ხელოვნებაა და ყველა პერსონაჟის სახელი იმდენად მომხიბვლელი და ორიგინალურია, აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას ამ დეტალს. სახელ-მახასიათებლები სრულიად გამოხატავენ პერსონაჟების ბუნებას. სულმოუთქმელად წავიკითხე ბოგის ამბავი. ემოციაც აღმიძრა, კითხვებიც გამიჩინა: რატომ არ ჰქონდა კუდი ბოგის? ასეთი დაიბადა? იქნებ ფათერაკი შეხვდა და ამ ამბავზე წიგნის გაგრძელებაში გავიგებთ? ან როგორ გაჰყვა ასე უკანმოუხედავად ბიჭს ქალაქში? რატომ არ იფიქრა, რომ მისი გაუჩინარება ძალიან ანერვიულებდა ოჯახს და მეგობრებს. როგორ მოახერხა, რომ არ ჰყეფდა და მაინც ძაღლი ეგონათ? მაგრამ ისიც ვიცით, როგორი იდუმალი იყო ბოგისათვის მდინარის გაღმა ნაპირზე მოხვედრის წადილი. ეს ინტერესი ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა!

შეუცნობელის შეცნობის სურვილი ზრდის ადამიანსაც… მელაკუდებსაც, ყველას და ყველაფერს ირგვლივ…

ბევრი რამ ნახა ქალაქში ბოგიმ, ბევრი ფათერაკიც გადახდა, ერთგული ადამიანებიც შეიძინა, ლამის უნდობლობამ იმსხვერპლა, მაგრამ კარგია, რომ ბოლო კეთილია და ის მაინც თავის სახლში დაბრუნდა. თითქოს ხელახლა დაიბადა იმ დღეს. სიმბოლურია ალბათ, რომ სწორედ დაბადების დღეს მოუწია შინ დაბრუნება. არც გზა შინისკენ ყოფილა იოლი, მაგრამ შინ დაბრუნება აუცილებელია! და ეს შეძლო ბოგიმ!

არ იფიქროთ, რომ ეს წიგნი მხოლოდ მელიაზეა, არა, აქ ძალიან კარგ დედიკოებს და მამიკოებს გაიცნობთ: მელიადედებსა და ადამიანდედებს, მელიამამებს და ადამიანმამებს, შვილების თანამოაზრეებს; გაიცნობთ სკოლის ამბებს, მელიებისსკოლისა და ადამიანების სკოლის ამბებსაც, გაიცნობთ მელიების და ადამიანების სოციალურ გარემოს და ისეთ ტიპაჟებსაც შეხვდებით, რომლებსაც სხვისი დაცინვა და ჩაგვრა სიამოვნებთ, ან პირიქით –სხვაზე ზრუნვა ანიჭებთ სიხარულს. ერთგულება, ღალატი, ზრუნვა, ნდობა და უნდობლობა… უჰ, ვინ ჩამოთვლის რამდენი საკითხზე აქვს ავტორს ნაფიქრი და რამდენ რამეზე სურს დააფიქროს თავისი პატარა მკითხველი!

ველით ამ ნაწარმოების გაგრძელებას.

წიგნზეც ასეა აღნიშნული, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია.

სასიამოვნოა, რომ ავტორის პირველივე წიგნმა განგვაწყო, ვენდოთ მას და დაველოდოთ გაგრძელებას. დაველოდოთ სხვა ახალ წიგნებსაც. წინ ხომ პატარა მკითხველების ცნობისმოყვარეობისა  და სიყვარულის ციცინათელებიანი სივრცეებია…

 

მარიამ წიკლაური, ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი.

#ავტორიავტორზე