მთვარის ნაამბობს გალაკტიონ ტაბიძე ლექსად აქცევდა.
ჰანს ქრისტიან ანდერსენი – მინიატურებად.
ეს ის დროა, როდესაც დიდ პატივში არ გახლდათ მინიატურის ჟანრი ანუ ლექსი პროზად, ისევე როგორც ლიტერატურული ზღაპარი.
არადა ანდერსენს სწორედ ეს მარგინალურად შერაცხილი ჟანრები მოხიბლავდა, თუმც საქართველოში მისი სახელი მხოლოდდამხოლოდ ზღაპრის მთხრობელს გაუიგივდებოდა.
და აი ზაზა უჯმაჯურიძეს უშუალოდ დანიური ენიდან უნდა ექცია „რა მიამბო მთვარემ“ ქართული ლიტერატურის კუთვნილებად (აზროვნების აკადემიის გამომცემლობა, 2024), წინასიტყვაობაში კი ერთი მხრივ თვითონ მწერლის სიტყვები მოეშველიებინა:
სიდიდით შემეძლო ეს წიგნი დამემსგავსებინა „ათას ერთი ღამისათვის“, თუკი მოვისურვებდიო.
მეორე მხრივ კი მოეხმო ერთი ინგლისური გამომცემლობის შეფასება:
ამ თხზულებას მოკლე „ილიადად“ რომ იხსენიებდა.
კიდევ რას გვამცნობდა მთარგმნელი და:
1834 წელს ფელიქს მენდელსონი გამოაქვეყნებდა რომანტიზმის მოკლე ნაწარმოებთა ერთ-ერთ უმშვენიერეს კრებულს ფორტეპიანოსათვის:
„სიმღერები სიტყვების გარეშე“, –
და მის პოეტურ გამოძახილად უნდა შექმნილიყო „რა მიამბო მთვარემ“, როგორც:
„სურათებიანი წიგნი სურათების გარეშე“.
თავდაპირველად ის 20 საღამოს რომ მოიცავდა – 1840 წლის გამოცემა, შემდეგ კი საღამოების რიცხვი 33-მდე უნდა გაზრდილიყო.
ცხადია ამ საბოლოო აღნაგობაში სიმბოლური აზრი ჩაქსოვილიყო:
33 იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ასაკს მიანიშნებდა და გარეგნულადაც გამოჰკვეთდა მთვარის ნაამბობთა მისტიკურ, ტრანსცენდენტურ შინაარსს.
ეგ არის – სახარებისეული იგავების პოეტურ სულისკვეთებას არაბესკების პოეტური სულისკვეთება შეენაცვლებოდა.
მთვარეს ღიმილით უნდა შემოენათებინა მწერლისათვის და მიეხვედრებინა, რომ:
თუკი აჰყვებოდა და ზეგარდმო ნაამბობებს ჩაინიშნავდა, შესაძლოა „ათას ერთი ღამის“ მისებურად დასურათებული წიგნიც გამოსვლოდა.
მისტიფიკაცია იმ მხრივაც უნდა გაგრძელებულიყო:
თითქოსდა ეს ყოველივე ანდერსენის ფიქრებში გამოტარებული და შემდგომ ფურცელზე ნაუცბათევად ჩახატული გახლდათ და მხოლოდ მასალად გროვდებოდა, რათა ოდესმე ვინმე გენიოსს – მხატვარს, პოეტსა თუ მუსიკოსს – უკეთეს ქმნილებად გარდაესახა, მაგრამ „ათას ერთი ღამის“ ხსენება კანთიელად მიგვანიშნებს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ჩანახატებს ანდერსენი; და თუ გარეგნულად მოკრძალებულად გამოიყურებოდა ეს მცირე ფორმატის წიგნი არაბული ზღაპრების გრანდიოზულ კორპუსთან შედარებით, შინაგანი აღნაგობით სწორედ იმისკენ მიისწრაფოდა და მის თავისებურ მემკვიდრედ წარმოდგებოდა.
ლექსი პროზად ისეთივე რთული სათარგმნელია, როგორც ლირიკული ქმნილებანი, ერთ უსწოროდ, უხეიროდ წამოცდენილ სიტყვასაც რომ შეუძლია ესა თუ ის მინიატურა წაახდინოს.
მაგრამ ზაზა უჯმაჯურიძე არამარტო სულით არის პოეტი, არამედ საკმაოდ დახვეწილი პოეტური კულტურითაც გამოირჩევა, რასაც ცხადყოფს მისი ლირიკული თარგმანები, გაერთიანებული არაორდინალურ კრებულად: „ვაშლის ქალაქთა უფლისწული“, რომელშიც ჰანს ქრისტიან ანდერსენის ლექსებიცაა შესული და კიდევ:
ტუვე დიტლევსენის, ტომას დილანის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ემილ ოუტსტრუპის, იოჰანეს ჰელმის, უოლტ უიტმენის, ადელაინ კრესპის, რობერტ ფროსტის, ედნა სენტ ვინსენტ მილეის, უილიამ ვორდვორთისა თუ შრილა ბჰაქტივინოდა თჰაკურასი.
სიუჟეტები მეტად მკრთალია მთვარის ნაამბობთა ოცდაცამეტივე საღამოსი და მთლიანად განწყობილებებზეა აგებული, მთარგმნელისათვის განსაკუთრებით ძვირფასი რომ აღმოჩნდებოდა ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური ასოციაციებიც და იდუმალებით განმსჭვალული ტოპონიმებიც, პირველივე ღამეს მთვარეს ის რომ უნდა მოეყოლა:
თუ როგორ მიცურავდა ინდოეთის მოწმენდილ ცაზე და მისი სახე განგის მდორე წყლებში ირეკლებოდა, სხივები ბანანის ხეებით დაწნულ გაუვალ მესერში გაღწევას ცდილობდნენ, კუს ბაკანივით ამოზნექილში, უეცრად ამ უსიერი ტყიდან ინდოელი გოგონა რომ უნდა გამოსულიყო – ჯეირანივით მოხდენილი და ევასავით ლამაზი, ისეთი ჰაეროვნებითა და სიმარდით აღვსილი, მის კანქვეშ ფიქრებიც რომ ამოიკითხებოდა.
გერმანიის ერთ პატარა ქალაქში კომედიასაც უნდა დასწრებოდა, საჯინიბო რომ გადაექციათ თეატრად.
მოფუსფუსე პარიზში ლუვრის მდიდრულ ოთახშიც უნდა შეეხედა და ივლისის რევოლუციისას დაღუპული ჭაბუკის ცხედარი ეხილა, აკვანში რომ ეწინასწარმეტყველა მისთვის ვიღაცას:
საფრანგეთის ტახტზე მოკვდებიო, –
და დედამისი მას შემდეგ მეორე ნაპოლეონზე ოცნებობდა.
გმირ წინაპართა დიდი სამარხიც უნდა მოეხილა, ქვებს შორის მაყვლები და კვრინჩხი რომ იზრდებოდა და…
გასჩენოდა შეგრძნება:
ეს ხომ ნამდვილი პოეზიაა ბუნებაშიო.
მაგრამ ჩაუვლიდა ორი მდიდარი მემამულე და:
ერთი მშვენიერი ხეების ხილვით რომ დატკბებოდა, მეორე მათში ათ ურემ შეშას დაინახავდა.
მგზავრს დაწყევლილად უნდა მოსჩვენებოდა, რაკიღა მათი გამოისობით ზღვის ჰაერი აქამდე ვერ აღწევდა.
ვინ გოგონასთან ერთად აქ გასეირნებას ინატრებდა.
ვის დიდთოვლობისას გეზის მაჩვენებლად შეეგულებინა.
მხატვარს კი, ხეებისა და ამღერებული ბულბულების გარემოცვაში, ზუსტად უნდა ჩაეწერა ყველა ფერი და ტონალობა; და ისე აღექვა ყველაფერი, როგორც სარკე ხედავს სურათს.
თითქოსდა სასხვათაშორისოდ ჩართულ ეპიზოდს თავისთავად უნდა გაეცხადებინა ჰანს ქრისტიან ანდერსენის შთაგონების იდუმალი მუხტი:
ისიც ხომ სარკესავით აღიქვამდა ბუნების სურათებს და თავის მინიატურებსა და ზღაპრებში გადაჰქონდა ყველა ის ფერი და ტონალობა, ზაზა უჯმაჯურიძის თარგმანის წყალობით ასე საგრძნობი რომ უნდა გამხდარიყო ქართულ ენობრივ სამოსელშიც.
ერთ საღამოსაც ისეთ გუნებაზე უნდა დამდგარიყო მთვარე, წარღვნის წყლებს ზემოთ მოცურავე ნოეს კიდობანი გაეხსენებინა, ღიმილით რომ დაჰყურებდა და ადამიანებს ახარებდა ახალი მსოფლიოს დადგომას, ძველისაგან რომ უნდა აღმოცენებულიყო.
და დამწუხრებულს დაეხედა, როგორ ტიროდნენ ისრაელის შვილნი ბაბილონის წყლებთან, სვეტებზე კი დადუმებული არფები ეკიდებოდა.
რომეოც რეალურ პიროვნებად უნდა განეცადა, მისი აცოცება ჯულიეტას აივანზე მიწიდან ქერუბინივით აფრენილი სიყვარულის ამბობისათვის რომ უნდა გაეიგივებინა.
და მზერა მიედევნებინა ტყვე გმირისათვის წმინდა ელენეს კუნძულზე, ეული კლდიდან რომ გადაჰყურებდა მსოფლიო ზღვას, გულში კი დიდი ფიქრები უდუღდა.
და აქ უნდა მოედევნებინა მწერალს, რომ:
ადამიანის სიცოცხლე მოთხრობასავითაა მთვარისათვის.
და უნებურად გაემჟღავნებინა თავისი აღქმა გარესინამდვილისა:
ადამიანებს მოთხრობებად რომ ხედავდა, გამზადებულ სიუჟეტებს შეჰყურებდა, საითაც კი გაიხედავდა.
დაე მკვდრეთით აღმდგარი ქალაქიც შემოეტანა ადამიანთა თვალთახედვაში – ის პომპეი, რომლის თავზეც ვეზუვს მარადიული ჰიმნები უნდა ემღერა.
გარდასულ დროთა სცენებიდან კი გამოეხმო ხატი მგლოვიარე დედისა გოლგოთის ჯვრის ქვეშ.
და კიდევ ქალებისა, ფსალმუნთა წიგნით ხელში ეკლესიისაკენ რომ მიაბიჯებდნენ და შეგვაგონებდნენ, რომ გველოცა მათთვის, რომელნიც აქოჩრილ ტალღებში სამარეს ეძებდნენ.
ხოლო ამასობაში ემცნო მთვარეს კიდევ უფრო უცნაური მოვლენა, ვიდრე პომპეია, მკვდარ ქალაქს ამჯერად ქალაქი-მოჩვენება რომ უნდა შენაცვლებოდა ანუ ვენეციის ზღაპრულ რეალობას გაჰყოლოდა.
მოულოდნელ გადასვლას უნდა ამოეტივტივებინა სახება კაცისა, ღრმა განცდები რომ ჰქონდა და ხელოვნება თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ…
მაგრამ ის, რომ თვითონ იგი არ უყვარდა ხელოვნებას.
წამიერად კიდეც უნდა შეშფოთებულიყო მთვარე, ვაითუ თავი მოიკლასო, მაგრამ კაცი ისე ჰგოდებდა, მთვარეს დააწყნარებდა ის აზრი:
კაცი, რომელიც ცრემლებისაგან დაიცლება, თავს აღარ მოიკლავსო.
ბუნების მომხიბლავ სურათებს უნდა გადაწვნოდა ვატიკანში აღმართული ღმერთების ქანდაკებანი, ლაოკოონის ქანდაკებას თითქოს ოხვრაც რომ უნდა აღმოხდომოდა, და მთვარე მალულად რომ ეამბორება მუზების მკერდს, ყველაზე დიდხანს მისი მზერა მაინც ნილოსის ოთახზე უნდა შეჩერებულიყო, სადაც უზარმაზარი ღმერთი იდგებოდა, სფინქსზე კი უნდა ჩამომჯდარიყო ფიქრებში წასული სიყვარულის პატარა ღმერთი – ამური.
და მთვარეს ბევრჯერ რომ ენახა, ღარიბულ ბინაში როგორ ატრიალებდა პატარა ბიჭი ბორბალს, ამ სურათს ჟამთაცვლასთან გააიგივებდა:
ხომ ასევე ტრიალებდა და იტრიალებს მისი დიდი ბორბალიც, რათა ახალი ღმერთები შეჰქმნასო.
ციხის შენობისთვისაც უნდა მოეკრა თვალი, როგორ ფხაჭნიდა პატიმარი კედელზე გამოსამშვიდობებელს, ოღონდ:
სიტყვებს კი არა, მუსიკას.
და არ უნდა გაჰკვირვებოდა მთვარეს, რაკიღა თუ ვინმეს, მას მოეხსენებოდა, რომ:
როდესაც სიტყვები უძლურია, იქ ჰანგი საუბრობს.
და ისიც უნდა ეღიარებინა:
მთვარის სხივები ხომ ყველაფერს ვერ კითხულობენ, რასაც მოკვდავნი წერენო.
დაე სიტყვამ შეინახოს თავისი საიდუმლო და თვით მთვარის სხივებიც ამაოდ უტრიალონ აქეთ-იქიდან ამ საიდუმლოს ამოსაცნობად, სიტყვამ – მისმა ჩამონაკვთულმა ფორმამ და მასში დავანებულმა იმ შეუცნობმა მუსიკამ, ერთიანობაში რომ შეუძლია განგაცდევინოს სამყარო დასაბამიდან უკუნითი უკუნისამდე, ღვთაებრივად გაელვებულ წამში, რომლის ანარეკლებიც მიმოფანტულია ცისქვეშეთში და ამ ანარეკლებითაა, სულს რომ ვიბრუნებთ.
ეს ის ანარეკლია, ასე ძალუმად რომ ასხივებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის სურათების გარეშე შექმნილი სურათებიანი წიგნიდანაც: „რა მიამბო მთვარემ“ – სიტყვებს მოაქვთ ეს მადლი და სადაც სიტყვა უკმარი ხდება, იქ მუსიკა ეფინება ჩვენს სულებს, ის გვესაუბრება, ის გვიამბობს მთვარის სახელით, მის სხივებზე ჩამოწვეთებული მელოდიებით.