სტატიები

„პირველნი – უკანასკნელნი და უკანასკნელნი – პირველნი“. დღეს ამას ვზეიმობთ“ – ანა ქირია

სახარებიდანაა სიტყვები: „პირველნი – უკანასკნელნი და უკანასკნელნი – პირველნი”. დღეს ამას ვზეიმობთ – დადგენილი იერარქიების რღვევასა და შეუძლებლის მოხდენის შესაძლებლობის ახდენას! ეს ყველაფერი კი დროში ხდება. დრო გარდაქმნა და ცვალებადობაა, მაგრამ, თან, დიდი მოთმინება და გამძლეობაცაა – ხედავდე და გჯეროდეს, როგორც ბავშვს, მაგრამ პატარა იყო, ჯერ არ გქონდეს, ხელს არ იქნევდე და მაინც ესწრაფვოდე… გუშინდელი თამაში ბავშვების ხნიერ და, თან, სულ ახალგაზრდა დროსთან მოგებული თამაშია, გარდაქმნასა და გამძლეობაში გამოდგომის გამოცდა!

ახლა „დავეშვები” და უფრო კონკრეტულად ვიტყვი სათქმელს: ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ამ ნიჭს კალაპოტი არა აქვს, სისტემა, დისციპლინა, კონცენტრაცია და ფოკუსი აკლია. ამიტომ, გამარჯვებები უფრო სპონტანური ხასიათისაა, დროში ვერ განიგრძობა და სასწაულის სახე აქვს. გუშინ პირველივე წუთს გავიდა გენიალური ხვიჩას გოლი და მთელი მომდევნო თამაში გულში და ხმამაღლა ვიძახდი გუნდის მიმართ: „კონცენტრაცია და ფოკუსი!”; „შეინარჩუნე!”, „მყარად იდექი!”, „თავბრუ არ დაგეხვეს და თავში არ აგივარდეს!” 94 წუთი გავიდა და დაცვის ხაზი არ ჩავარდა… მეკარე – დიდი ზურგი – კი (აქაც და საერთოდ) ასხივებდა იმ კონცენტრაციასა და ფოკუსს, სიმყარეს, გამძლეობასა და თავდაჯერებულ სიმშვიდეს, რაც ერს გვაკლია, გვჭირდება და, ჩუმად თუ ხმამაღლა, ყველანი ვნატრობთ – ძლიერი ზურგი და გამართული ხერხემალი; ის ახდენილი კოლექტიური ნატვრაა და ხალხიც უტყუარი ალღოთი იტაცებს. მე თვითონ გუშინდელიდან სიხარულისგან ვიცინი და მომდევნო წამებში მეტირება, ჩემს თავსა და მთელ ხალხსაც ვხედავ ამათ ადგილას და, ვფიქრობ, ასეთი გარღვევა რომ გამოგვივიდეს… ნიჭის უეცარი და უსწრაფესი ამოფრქვევები, სასწაული და მოულოდნელობა, შერწყმული სიმტკიცესა და კანონზომიერ მედეგობასთან, ქაოსი და კოსმოსი… კვარაცხელია და მამარდაშვილი – ორი სიმბოლური ფიგურა. კვირას არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ დღეს ჩემი ერით, გუნდით და თავით (რადგან მეც მათი ნაწილი ვარ) ვამაყობ, მიყვარს და, რაც მთავარია, პატივს ვცემ. სიამაყის, სიხარულის, სიყვარულისა და პატივისცემის ამ დაუვიწყარი შეგრძნებისთვის კი მადლობას ვიხდი.

სამომავლოდ, იმედია, კიდევ ბევრი კოსმიური წარმოდგენა დაიდგმება ქაოსში, ხოლო ეს ქაოსი კვლავ ბევრ კოსმოსსა და კოსმიურ წესრიგს გატეხს და ახალ, სხვა ისტორიას დაწერს.

PS. ფოტოზე რონალდუა. პლანეტაზე მცხოვრებთაგან ერთ-ერთ ყველაზე დიდ პატივს მას ვცემ და გუშინ ჩემი რაღაც ნაწილი სთხოვდა კიდეც, არ სწყენოდა, მაგრამ მეორე ნაწილი ამბობდა: „სწყინს და ცხარდება, რა მაგარია!” საკუთარ კერპებთან თამაში და მათი „აგდება” ძალიან სასიამოვნო სიამოვნებაა.

ანა ქირია – ფილოსოფოსი, აზროვნების აკადემიის გამომცემლობის ავტორი.