რეალური თავისუფლება დგება მაშინ, როცა ჩაეხსნები ყველაფერს, რაც განაპირობებს შენს „მეობას“ გარედან, როცა ხდები ის, რაც მართლა ხარ და როცა სხვანაირად ყოფნა არ შეგიძლია.
ჩემთვის ეს იწყება სწორედ იმით, რომ ადამიანი ფიქრის ობიექტად გაიხდის თავისივე ფიქრის პროცესს. მე ამას ვუწოდებ თვითშემეცნებას. მას გნოზისსაც ეძახიან. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: „ფილოსოფია არის აზროვნება აზროვნებაზე”. რაც გვინდა დავარქვათ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ნებისმიერ დროს, როდესაც მე ვიყურებოდი გარეთ და მინდოდა ან ვფიქრობდი რამეზე, ვიყავი სუბიექტი და ის „რამე” იყო ობიექტი. მაგრამ როცა უცებ ეს სუბიექტი და ობიექტი გახდა ერთი და იგივე, მე დავუკვირდი ჩემს თავს და მივხვდი, რომ საერთოდ გადალაგდა მთელი ჩემი შინაგანი დამოკიდებულება არა მარტო გარე სამყაროს, არამედ შიდა სამყაროს მიმართაც. პირველ რიგში, რაც ჩემს ფასეულობათა სისტემაში ზედა პლანზე წამოვიდა, ეს იყო თავისუფლების ცნება.
მაშ, „რა ცნებაა თავისუფლება?” ამის განცდისას ადამიანი შეიძლება შეკრთეს და შეშინდეს კიდეც, რადგან გამოდის, რომ მან თავისივე ხელით უნდა დათმოს თავისივე თავისუფლება. მიდი, გაბედე და გადადგი ეს ნაბიჯი! თითქოს რაღაც გეწინააღმდეგება შიგნით. „რა გინდა ახლა, სხვის ჭკუაზე ვიარო?” არა, სხვის ჭკუაზე ნამდვილად არ უნდა იარო, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შენ უნდა იარო იმის ჭკუაზე, რომელიც არის შენში და შენზე მეტია, რომელიც ლაპარაკობს, მაგრამ უსიტყვოდ. როგორც ჯალალ ედ დინ რუმიმ თქვა: „ჩემში არის ხმა, რომელიც სიტყვების გარეშე მელაპარაკება”. ეს არის ინტიმური მომენტი. არ ვიცი, ვიღაცისთვის ასეთი მომენტი დგება იმიტომ, რომ ფილოსოფიაში ჩაყოფს ცხვირს, ვიღაცისთვის იმიტომ, რომ რელიგიურია, ვიღაცისთვის იმიტომ, რომ ცხოვრება სახეში გაულაწუნებს, ვიღაცისთვის იმიტომ, რომ შეყვარებული უღალატებს, ვიღაცისთვის იმიტომ, რომ გარდაეცვლება ახლობელი – ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც შენ უცბად გამოდიხარ შენი თავიდან და უყურებ შენს თავს და იმ წერტილს, სადაც იდექი და თითქოს ფიქრობ: „მე ვინ ვარ: ვინც უყურებს თუ ვისაც უყურებენ?” ანუ ვისაც ვუყურებ, ის ჩემი ფრონტალური არსებაა – ვინც წინ გამოდის, და ის იჩემებს ამ თავისუფლებას, მე, მე, მეს გაიძახის. ეგოცენტრული ტიპია. მას უნდა რაღაცები. მაგრამ წამის შემდეგ დგება ისეთი მომენტი, რომ მე შემიძლია, დავუკვირდე ჩემს აზრებს, მე შემიძლია, ვასკანირო ჩემი აზრები.
ადამიანმა თამაშივით რომ გაიხადოს ეს დაკვირვება, ძალიან კარგი იქნება. თავიდან ამას ძილის წინ აკეთებ უნებლიეთ, მერე დღის განმავლობაშიც და ხვდები, რომ ამას ლამის შეუწყვეტლივ აკეთებ. ფაქტობრივად, შეყვარებული ხარ იმ მდგომარეობაზე, როდესაც შენს თავს განიცდი, უყურებ და აღიქვამ გარედან. თითქოსდა დაუსრულებელი პროცესია, მაგრამ, მგონი, ამაზე საოცარი პროცესი არაფერია. გვერდიდან რომ უყურებ შენს თავს, მაშინ – „აბა, როგორ ვილაპარაკო?“ „აბა, რა არის ლამაზი?“ „აბა, სწორი როგორ არის?“ „აბა, სად არის ის კანონი, რომელიც ადრე დედაჩემისგან, მამაჩემისგან და გარე სამყაროსგან მქონდა მოცემული?“ – მთელი ეს წესები, აღმოჩნდება, რომ შენში უკვე ჩადებულია. მე არ ვიცი, ეს ვინ ჩადო, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე არის და შენ გაქვს იმანენტური განცდა, თუ რა არის სილამაზე, რა არის სიკეთე, რა არის ჰარმონია და ეს ასეც უნდა იყოს, ამ მომენტში ქრება კიდეც კეთილისა და ბოროტის ცნებები, იმიტომ რომ ამ მომენტში ცნება შეიძლება დაიყოს მხოლოდ ასე: ნაღდი და არანაღდი. ამ მომენტიდან ადამიანი შემმეცნებლიდან შემოქმედად გარდაისახება, რაც სერიოზული სულიერი მეტამორფოზაა.
ამონარიდი წიგნიდან “განსხვავებული საზრისები”