სტატიები

ტრანსფორმაციული შეხვედრა – როდესაც ნიცშე ატირდა და მე გავიღვიძე

აზროვნების აკადემიას ბევრი საჭირო და სასარგებლო წიგნი აქვს გამოცემული, რომელთა მეშვეობითაც ბევრ რამეს ვსწავლობთ ადამიანებზე და ცხოვრებაზე.

ირვინ იალომის რომანი „როდესაც ნიცშე ატირდა“ ჩემი ცხოვრების არც თუ ისე მხიარულ პერიოდში ჩამივარდა ხელთ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი ჩემთვის ის მეგობარი გახდა, რომლის დახმარებითაც იმ ქაოსს, რაც ჩემს გონებაში იყო, თავი დავაღწიე. ეს ის წიგნია, რომელიც გაძლევს პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებზეც სულ ფიქრობდი, მაგრამ ზოგჯერ ხმამაღლა საუბარს ვერავისთან ახერხებდი.

სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით ავტორი უნდა გავიცნოთ. ირვინ იალომი სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის „მესამე ტალღის“ წარმომადგენელი და მრავალი მხატვრული და სამეცნიერო წიგნის ავტორია, რომლის ნაწარმოებებიც მსოფლიო ბესტსელერები გახდა.

წიგნი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, ალბათ განსაკუთრებულად დააინტერესებთ იმ ადამიანებს, რომლებიც გატაცებული არიან ფსიქოლოგიით და ერთხელ მაინც აღმოჩენილან ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე; როდესაც, გინდა თუ არა, საკუთარ თავსაც და შენს ცხოვრებასაც ახლებურად უწყებ ყურებას და ბევრ რამეს გადააფასებ.

ავტორმა გასაოცარი რომანი დაწერა, დიდებულ პერსონაჟთა მეშვეობით, შესანიშნავად აღწერა ის პროცესები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზს. მან რეალური ადამიანები გამოგონილ ვითარებაში დაუკავშირა ერთმანეთს და მკითხველიც განსაცვიფრებელი ამბების თანამონაწილე გახადა. დიახ, როდესაც წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ შენც ერთ-ერთი პერსონაჟი ხარ, რომელიც აანალიზებს და იაზრებს იმ ყველაფერს, რასაც პერსონაჟები განიცდიან და ფიქრობენ.

რომანის მთავარი გმირი ორმოცი წლის ექიმი იოზეფ ბროიერია, რომელიც თავდავიწყებითაა შეყვარებული საკუთარ პაციენტზე (ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონია), მაშინ, როდესაც ულამაზესი მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავს. ზუსტად მაშინ, როდესაც ექიმი ცოლთან ერთად საკუთარ ხორციელ ვნებასა და თავს დატეხილ გაურკვეველ გრძნობას გაურბის, მას ახალგაზრდა, იდუმალი და ლამაზი ქალი დამაინტრიგებელ წერილს სწერს, რომელშიც შეხვედრასა და მეგობრის დახმარებას სთხოვს.

ახალგაზრდა ფილოსოფოსი და პროფესორი ფრიდრიხ ნიცშე წლებია იტანჯება თავის ტკივილით, უმადობით, მხედველობის დაქვეითებითა და ზღვის ავადმყოფობის სიმპტომებით, ასევე, ცალმხრივი სიყვარულითა და ღალატისგან მოგვრილი ტანჯვით, რომელიც ლუ სალომეს, ზემოხსენებული დამაინტრიგებელი წერილის ავტორს უკავშირდება. ზუსტად ამ დანაშაულის შეგრძნებამ და უდიდესმა სიმპათიამ, რაც ახალგაზრდა ქალს, ლუ სალომეს, ნიცშეს მიმართ გაუჩნდა, აიძულა ის, რომ ექიმი ბროიერისთვის თხოვნით მიემართა – დაეხმაროს მის მეგობარს თვითმკვლელობაზე ფიქრისგან განკურნებაში. თუმცაღა მათი ეს შეთანხმება ნიცშემ არასოდეს უნდა გაიგოს.

მკითხველისთვის (გარდა ბევრი სასიამოვნო მოულოდნელობისა) კიდევ ერთი ცნობილი და საოცრად საინტერესო პერსონაჟი ჩნდება ნაწარმოებში – ახალგაზრდა ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ეს-ეს არის თავის კარიერას იწყებს და მიდის იმ დიდებულ აღმოჩენამდე, რომლითაც შემდეგ მთელ მსოფლიოს გააკვირვებს.

ერთი შეხედვით, ფოიდისა და ბროიერის წინაშე რთული ამოცანაა, სახელად ნიცშე, პაციენტი, რომელიც არაფრით ჰგავს სხვებს და რომელთან ლაპარაკის დროსაც, ბროიერს თავად უჩნდება ისეთი განცდა, რომ ის კი არა, ნიცშე არის მისი ექიმი და ფსიქოლოგი; ის, ვინც სიმართლეს ეუბნება; ის, ვინც ათავისუფლებს, მოუწოდებს რა, იყოს წრფელი და მართალი საკუთარ თავთან.

ერთ-ერთი რამ, რაც კითხვის დროს უთუოდ ხდება, არის ის, რომ საკუთარ თავში იწყებ მოგზაურობას. ჭეშმარიტება და სიმართლე, რომელიც ყოველთვის იცოდი (მაგრამ რომელსაც მუდამ გაურბოდი) ხელშესახები და რეალური ხდება – იღვიძებ, ცოცხლდები. ყველა ადამიანი თავად ირჩევს, სიმართლის რა დოზის მიღება შეუძლია, თუმცაღა იალონი ამ წიგნის სახით ბევრ რამეს ხდის ფარდას და, თუ ამ ყველაფერს მიიღებ, კითხვის პროცესი ერთგვარ გარდასახვად გადაიქცევა.  სიმართლის არჩევა ყოველთვის მოქმედებას მოითხოვს – ან ნიცშეს მსგავსად, უარი უნდა თქვა რაღაც-რაღაცებზე და ვიღაც-ვიღაცებზე, ან ექიმი ბროიერის მსგავსად სიმართლე სინათლის სვეტად უნდა აღიქვა, რომელიც მიმართულებას გიჩვენებს და საკუთარი ნამდვილი „მე“-სკენ მიგიძღვის. მხოლოდ მაშინ ხარ რეალურად ცოცხალი, როდესაც იცი, ვინ ხარ, სად ხარ და რატომ ხარ იქ, სადაც ხარ. როგორც ნიცშე ამბობს:

„სიმართლის პოვნის ვალი ყოველ პიროვნებას აქვს საკუთარი თავის წინაშე. ნამდვილი არჩევანი, სრული არჩევანი, მხოლოდ სიმართლის მზის ქვეშ შეიძლება აღმოცენდეს.“

რომანი ისტორიულ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუმცაღა ეს ისტორიული ფაქტები ავტორის განსაცვიფრებელ ფანტაზიას ისე ერწყმის, რომ კითხვის დროს რეალობას სწყდები და დროსა და სივრცეში იკარგები. 

 

ტექსტი ასევე გამოირჩევა მსუბუქი და სასიამოვნო თხრობის სტილით, მკითხველისთვის გასაგები ენით მოტანილი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებითა და მოსაზრებებით. აქ ყველაფერზეა საუბარი: ადამიანურ სისუსტეებზე, პიროვნულ კრიზისზე, საკუთარ თავთან ჭიდილზე, სიყვარულზე, დიდ დანაკარგზე, ძლიერ ვნებებზე – მოკლედ, მართლაც ყველაფერზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ „როდესაც ნიცშე ატირდა“ არის წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს სერიოზული და საინტერესო წიგნების კითხვა; წიგნების, რომელთაც ადამიანის შეცვლის ძალა აქვთ.

მე კი დავყურებ ახლა ბოლო ფურცელს და ვხვდები, რომ ამ ფურცლის ჩაკითხვის შემდეგ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები პირველ გვერდს, რომ ეს საოცარი მოგზაურობა, ნაწარმოების დიდებულ პერსონაჟებთან ერთად ისევ ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციო.

 nicshe

წიგნის შესაძენად დააჭირეთ ფოტოს.