სტატიები

შეუმდგარი ცხოვრების ხატის წნეხი – როგორ შეიძლებოდა მეცხოვრა და, ნაცვლად ამისა, როგორ ვცხოვრობ

ana-gvinianidze-qartuli-fsiqoanalitikuri-jurnali

ერთ – ერთი ნიშანდობლივი რამ, რასაც, დღესდღეობით, ადამიანებისგან ვისმენ, იმისი დაუძლეველი განცდაა, რომ ადამიანი რაღაცას ვერ ასწრებს. გაუმჟღავნებელი დარდით, განფენილი, დაუსახელებელი, გაუსიტყვიერებელი და მოუხელთებელი ფორიაქით მოცული ადამიანი ჭმუნავს იმაზე, რომ „დრო არაფერზე არ ჰყოფნის,“ „რაღაც უკეთესი ხდება სადღაც სხვაგან,“ რომ „რაღაცას აკლდება“ და „მისი ცხოვრება იმას არ ეძღვნება, რასაც საჭიროა, ეძღვნებოდეს.“

დღევანდელი ადამიანი ხშირად ახმოვანებს ისეთ სადარდებელს, როგორიცაა: „ვჩქარობ, მაგრამ არ ვიცი, სად მეჩქარება,“ „ვერაფერს ვერ ვასწრებ,“ „ცხოვრებას ჩამოვრჩი,“ „მეშინია, რომ ცხოვრებას ჩამოვრჩები,“ „ვერ ვამართლებ მოლოდინებს.“

ამ წუხილით მოცული ადამიანები ხშირად ითხოვენ ფსიქოთერაპიული შეხვედრების გახანგრძლივებას იმისათვის, რომ „ყველაფრის“ მოყოლა და გადმოცემა „მოასწრონ.“ თუმცა, დროის უკმარისობის ყოვლისმომცველ განცდას იშვიათად თუ შეიძლება უწამლო ფსიქოთერაპიული შეხვედრების გახანგრძლივებით.

დღევანდელი ადამიანის შინაგან სამყაროზე შეუმდგარი ცხოვრების ხატის წნეხი – როგორ შეიძლებოდა ეცხოვრა და, ნაცვლად ამისა, როგორ ცხოვრობს – წარმოუდგენლად ძლიერია. თანამედროვე ადამიანი „ისრისება,“ უმწეოდ ბორგავს და ცდილობს, ხელიდან დაუსხლტეს შეუმდგარი ცხოვრების ხატის „მოჩურჩულე“ ან „მოდუდუნე,“ ზოგჯერ ხმამაღალი ყვირილით გამოხატულ უკმაყოფილებას და მტრულობას, ამ ხატთან დაკავშირებული წარმოდგენებისა და რწმენების მუდმივმოქმედ, უწყვეტად მიმდინარე სამსჯავროს და სასჯელაღსრულებას, რომლის წიაღშიც ადამიანი წარმოდგენილია როგორც უუნარო და უვარგისი, არასრულფასოვანი და უმოქმედო; როგორც ცოცხალი არსება, რომელიც არასდროსაა დამაკმაყოფილებელი და, რომელმაც ვერ იცხოვრა ისე, როგორც მისგან მოითხოვეს.

ამ ყველაფერთან ერთად, ორი კანონზომიერება შეინიშნება. პირველი: ადამიანს უჭირს, გადმოსცეს, უშუალოდ, როგორი ცხოვრებაა მისთვის სრულყოფილი და მეორე: აღწეროს, როგორ შეუძლია, ამ ცხოვრების შექმნა და განსხეულება.

ხშირად, გაუცნობიერებელი და გაუსიტყვიერებელი განსვლა ადამიანის სასურველსა და არსებულ ცხოვრებას შორის იმდენად საგრძნობია, რომ ის ვერ ახერხებს, ხელიდან დაუსხლტეს კაეშანს, დარდს ან ჭმუნვას, რომელსაც სასურველსა და არსებულს შორის მოქცეული განიცდის. თუმცა, ამავდროულად, უჭირს სასურველი თუ სრულყოფილი ცხოვრების აღწერა თუ დახასიათება. თანამედროვე ადამიანს განცდა აქვს, რომ მისგან მუდმივად რაღაცას მოითხოვენ, მაგრამ – რას, ამის გადმოცემა და ჩამოყალიბება, დროთა მანძილზე, უფრო და უფრო უჭირს. ის ეჭვობს, რომ რასაც მიაღწია, ის არაა, რისთვისაც „უნდა მიეღწია,“ თუმცა, ვერც იმას ასახელებს, რას ელიან მისგან ან რისთვის „უნდა მიეღწია,“ მისი სხეული გაჟღენთილია განცდით, რომ „რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს,“ თუმცა, ვერც იმას სწვდება მისი სიტყვები, როგორ „უნდა იყოს“ რაღაც.

ადამიანი ხშირად მარცხდება იმის ჩამოყალიბების მცდელობებში, თუ, უშუალოდ, რას მოითხოვენ და რას ელიან მისგან. გზააბნეულობის ეს გამოუთქმელი განცდა კი, მას განფენილი, ამოუწურავი ფორიაქის ველად აქცევს.

რა გინდა ჩემგან? – საზოგადოებრივი მდგენელი

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სოციალური ქსელებია. ზოგჯერ მიჭირს კიდეც, გავიხსენო, როგორ ვცხოვრობდი სოციალური ქსელების არსებობამდე. თუმცა, მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომელთა ცხოვრებაშიც, მხოლოდ ზრდასრულობის ასაკში შემოიჭრა სოციალური ქსელების არსებობა და, ამავდროულად, ვუსმენ ადამიანებს, ვისი არსებობაც არ დაწყებულა სამყაროში, რომლის განუყოფელი ნაწილიც სოციალური ქსელები იყო.

სოციალური ქსელები ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენის შესანიშნავი საშუალებაა. დღესდღეობით, სწორედ სოციალურ ქსელებში ისახება და ისაზრდოება მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საჭირო მუხტი, სულისკვეთება და ქმედებისთვის მზაობა. თუმცა, სოციალური ქსელებია ის სივრცეებიც, საიდანაც ყოველდღიურად ვიგებთ, რომ კბილების გახეხვის წესიდან დაწყებული სიყვარულითა და კურნებით დასრულებული, თითქმის ყველაფერზე, „მცდარი“ წარმოდგენები გვქონდა.

მას შემდეგ, რაც ადამიანებს ცოდნის და წარმოდგენების გავრცელების თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობები და თავისუფლება გადმოგვეცა სოციალური ქსელების სახით, ბევრი ჩვენგანი, უნებლიეთ, განზრახ თუ განუზრახველად, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ცდილობს, სხვებისგან ყურადღების საკუთარი წილი მიიტაცოს. ბევრი ჩვენგანი ცდილობს, სხვებს გააგონოს, რას გრძნობს, რას ფიქრობს, რას ელის. სოციალური ქსელები ხდება ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სივრცეც, როგორიცაა აღიარების მოთხოვნილება და სხვ. ჩვენ თითქმის უწყვეტად ვიმყოფებით „დამკვირვებელი თვალის“ მეთვალყურეობა – ზედამხედველობის ქვეშ და დავიწყების, „თვალს მოფარების“ უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რადგან შესაძლოა, ჩვენი სიტყვები, გამოსახულებები და ჩვენ მიერ დატოვებული „კვალი“ – ჩვენ მიერ ამ კვალის წაშლის შემდეგაც კი, – აგრძელებდეს არსებობას არათუ ადამიანის მეხსიერებაში, არამედ ციფრულ „მეხსიერებებში,“ – სივრცეებში, – რომლებშიც ასლებს ვქმნით და ვინახავთ. შესაბამისად, ვერასდროს იქნები დარწმუნებული, რომ შენი შექმნილი, განთავსებული და გავრცელებული, შენ მიერ უკვე დავიწყებული შინაარსის „ასლი“ სადღაც, „მეხსიერებებში“ არ ინახება. დღევანდელი ადამიანი დავიწყების სურვილის და დავიწყების ფუფუნების დაკარგვის საფრთხეს და მასთან დაკავშირებულ, გაძლიერებულ შფოთვას განიცდის.

„ყველაფერი, რასაც აქამდე ჯანმრთელ კვებაზე ფიქრობდით, მცდარია,“ „გავრცელებული შეცდომები კანის მოვლისას,“ „რომელ მიდგომებსაც აქამდე მიზნის დასახვისთვის იყენებდი, სავარაუდოდ, უშედეგო მიდგომებია,“ „რაც აქამდე ძილზე იცოდი, ყველაფერი სისულელეა,“ „ეს ვარჯიში და არა ის, რომელსაც გთავაზობდნენ, დაგეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში…“

თანამედროვე ადამიანში უკიდურესად ხშირად ღვივდება „აი, თურმე, რა ყოფილა” განცდა, რომელიც იმისი უწყვეტი შეხსენების შედეგია, რომ წარმოდგენები, რომლებიც აქამდე გქონდა, მცდარია. ის რწმენები, რომელიც შენს ცხოვრებას წარმართავდა, გამოუსადეგარი, უვარგისი და, რაც მთავარია, დამაზიანებელია; თუ იმ ხედვისამებრ ცხოვრობ, რომელიც გუშინ გქონდა და გწამდა, წარმოდგენები, რომლებიც გარემოში და საკუთარ ცხოვრებაში დაკვალიანების და გზააბნეულობისა და მიუსაფრობის განცდის შემსუბუქების შედეგიან გზად გესახებოდა, „მეცნიერულად დაუსაბუთებელია“ და ამიტომ, იმთავითვე, გამოუსადეგარია; სირცხვილიც კია, მის მიხედვით იცხოვრო.

დღევანდელი ადამიანი ვერ ასწრებს გეზის განსაზღვრას, რადგან განსაზღვრული გეზი და მიმართულება ყოველთვის „ნაკლოვანია“ და არასდროსაა „დამაკმაყოფილებელი,“ განსაზღვრული გეზის ერთგულება კი შეუძლებელი ხდება, რადგან წარმოუდგენლად სწრაფად გროვდება არჩეული მიმართულების წინააღმდეგ დაგროვილი „მტკიცებულებები,“ რომელთაც შემაძრწუნებელი თავდაჯერებულობით, ზოგჯერ ერთწინადადებიანი, ხისტი მოწოდებებითაც კი გთავაზობს მორიგი „მეცნიერული კვლევა,“ რომლის არც წაკითხვა გიცდია და არც მის შესახებ ფხიზლად მსჯელობა, უბრალოდ, ისედაც დარცხვენილმა და დადანაშაულებულმა იმაში, რომ, თურმე, რაღაც კიდევ ვერ გაითვალისწინე, ენდე „მცოდნე“ ადამიანს და, რადგან აღარც დრო და აღარც სასიცოცხლო ძალა აღარ გაქვს, რომ არსებული ცოდნის მორიგი „გადასინჯვის“ სარწმუნოობაში თავად დარწმუნდე, ზოგჯერ უბრალოდ იტანჯები იმისი უწყვეტი განცდით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, რომ რაღაცას არ ჰყოფნი, რომ რაღაცას დააკლდი და შენი ცხოვრება ისე არ მიედინება, როგორც „საჭიროა.“

„და მაინც… ვერ გადამიწყვეტია, როგორ გავიხეხო კბილები…“

სად ვარ მე ამ ყველაფერში?

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების „ნაქარგობის“ შექმნაში საყოველთაო და საზოგადოებრივი მდგენელის გარდა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მის პირად გამოცდილებებს აქვს. ადამიანის პირადულის ურთიერთქმედება საზოგადოებრივთან ქმნის კიდეც მის არსებულ და სასურველ ცხოვრებას.

თანამედროვე ადამიანი დავალდებულებულია საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვით. თუმცა, მასზე – ადამიანზე – გარემოს იმგვარი ზემოქმედება, რომლის სამიზნესაც ის წარმოადგენს, უკიდურესად ართულებს სურვილის გამოკვეთას და გამყარებას, მის ავკარგიანობაში გარკვევას და, თუკი ის ამას ვერ ახერხებს, საკუთარი თავის მიერვე შერაცხილია როგორც „წარუმატებელი,“ „დაკარგული,“ „ცხოვრებას ჩამორჩენილი“ ადამიანი. საკუთარი ოცნებების განსხეულება – განხორციელებაზე დაუღალავი ზრუნვა თანამედროვე ადამიანის ერთ – ერთი განმსაზღვრელია. დაუნებებლობის, საკუთარი ოცნებების ახდენისთვის ბრძოლისკენ მოწოდებები და ბრალეულობის განცდის, სინანულისა და თავის დადანაშაულებულად გრძნობის მუქარა – დაპირებებიც დღევანდელი ადამიანის ცნობიერების წიაღიდან ჩუმად მოქმედი წარმმართველებია.

თანამედროვე ადამიანს მუდმივად ახსენებენ, რომ როგორ წარიმართება მისი ცხოვრება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა, რომ თუ რაიმე მისი სურვილისამებრ არ წარიმართა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს ამაზე პასუხი და ისედაც განმხოლოებულსა და განცალკევებულს, სხვებთან დაუკავშირებლობის უწყვეტი განცდით მოცულს, მეტად უბიძგებენ მარტოსულობისკენ. დღესდღეობით, ბევრი ადამიანი ამაყობს, რომ საკუთარ თავს და არა – სხვას ადანაშაულებს იმაში, რომ თავის სურვილებსა და მოთხოვნილებებს პირწმინდად ვერ ემსახურება, თუმცა, არც კი იცის, რა უნდა ან რა სჭირდება.

რაც შეეხება პირად და პიროვნულ გამოცდილებებს, კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდაში თანამედროვე ადამიანის სიძუნწე და ხელმომჭირნეობა, ძირითადად, მისი მარადდაუკმაყოფილებელი შინაგანი თუ გაშინაგანებული აღმზრდელებისგან ხელიდან დასხლტომის, მათში ხანგრძლივი კმაყოფილების აღძვრის მცდელობაა, რასაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს „უკეთესი“ გადაწყვეტილებების მიღებით: „უკეთესი“ ნივთების, „უკეთესი“ ქალის, „უკეთესი“ კაცის ძებნით, რაც, რა თქმა უნდა, მოიაზრებს არა დამაკმაყოფილებლის, არამედ სრულყოფილის პოვნას, რაშიც იმთავითვე, ჩანასახშივე დამარცხებულია. მას საკუთარი სურვილისათვის და ნაკლოვანისათვის თავის მიძღვნის უუნარობისგან გამომდინარე, თითქმის არასდროს სცალდება დროებითის კაეშნისგან დასხლტომა და ისევ უბრუნდება მარადუკმაყოფილო, იმედგამაცრუებელი მშობლის მიერ მიჩენილ ადგილს: მშობლისგან შეზრდა – განუცალკევებლობის სინამდვილეს, რომელსაც ოცნებაში თუ მუდმივად ნაკლზე სწორებაში უშედეგოდ გაურბოდა. თუმცა, ნაკლოვანის სურვილისთვის თავის მიძღვნის უუნარობა სწორედ ისაა, რაც მშობლებისგან მისი განუცალკევებლობის მარცხს აღნიშნავს და ადასტურებს. მისი მყიფე „მე“ კი ვერ ახერხებს იმ საზოგადოებრივი ზემოქმედებების წინაშე გამყარებას, რომელიც ითარგმნება, როგორც: „შენ შეგეძლო, ყველა შენი მოთხოვნილება და სურვილი დაგეკმაყოფილებინა, მაგრამ შენ ეს ვერ შეძელი.“

ამასობაში კი, პასუხგაუცემელი გრჩება, რა გჭირდება ან რა გინდა, რადგან სხვისი სურვილი მუდმივ ზედამხედველად ადგას შენს სურვილს, როგორც რაღაც მცდარს, შეუსაბამოს და არსებობის უფლების არმქონეს.

ვისი სურვილი გსურდა?

 

ანა ღვინიანიძე
ალტერბრიჯის უნივერსიტეტი
საქართველოს კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება

სტატია ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალიდან