ჩემი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში, ჩემი ასაკის ბავშვებისთვის ნაკლები ქართული წიგნი გამოიცემა. ვფიქრობ, ეს წიგნი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე.
წიგნი მოგვითხრობს ლაზარეზე, რომელიც მანუჩარ სავარსამიძის (ერისთავი) მარჯვენა ხელია. ლაზარე ძალზედ გონიერი და განათლებული ადამიანია. რომ არა ლაზარეს რჩევები, მანუჩარი ვერაფერს გაართმევდა თავს.
ერთ დღეს მანუჩარს მეფე გაუწყრება იმის გამო, რომ მან ადამიანები გაყიდა, რაც აკრძალული იყო. მანუჩარმა მეფისგან დამცირება და დასჯა ვერ აიტანა. გადაწყვიტა ქალაქისთვის ალყა შემოერტყა, ღამით სამეფო ოჯახს თავზე დადგომოდა და ამოეხოცა, ხოლო მეფე-დედოფლის მოკვეთილი თავები სახალხოდ დაემცირებინა. ეს უბედური დღეც დადგა. მანუჩარმა ამოხოცა მთელი ოჯახი და უდიდესი ცოდვა დაიდო.
ალბათ გაინტერესებთ, რას შვებოდა ამ დროს ლაზარე? ლაზარე მანუჩარის ყველა გადაწყვეტილებას ისმენდა. აქედან გამომდინარე ამ ყველაფრის მონაწილე იყო. მართალია არ ემხრობოდა მანუჩარს, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლიდა. მანუჩარის მეორე მსახური, იკუნკულიძე არ ჰგავდა ლაზარეს. ის სასტიკი და დაუნდობელი იყო. მანუჩარის დავალება მან პირნათლად შეასრულა. დახოცილ სამეფო ოჯახს ერთი წევრი აკლდა, ტახტის მემკვიდრე, პატარა უფლისწული. მანუჩარმა გადაწყვიტა აოხრებულ სასახლეში უფლისწულის მოსაძებნად ლაზარე გაეგზავნა. ლაზარემ იპოვა პატარა ჩვილი, შავგვრემანი უფლისწული და იმ წამიდან დაიწყო ლაზარესა და გატაცებული უფლისწულის დაუვიწყარი თავგადასავალი…
ვფიქრობ, რომ წიგნს განსაკუთრებულად საინტერესო სიუჟეტი აქვს და მკითხველი ერთდროულად შიშს, იმედგაცრუებას, სიხარულს და უამრავ ასეთ ემოციას შეიგრძნობს.
სათავგადასავლო ჟანრის წიგნები დიდად არასდროს მიზიდავდა და არც გამჩენია სურვილი ოდესმე წამეკითხა, მაგრამ „ორი ლაზარეს ამბავმა“ ყველაფერი სხვანაირად დამანახა.
ეს არის წიგნი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველს ძალიან მოეწონება.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის მოსწავლე – კესო კომლაძე