ერთ-ერთ საინტერესო თეორიას ,,დროის შეკუმშვა“ ჰქვია და გულისხმობს, რომ მით უფრო მეტი დრო გვექნება და მით უფრო სრული იქნება ჩვენი ცხოვრება, ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც უფრო საინტერესო რაღაცებს გავაკეთებთ და რაც უფრო მეტი ტკბილ/მწარე მოგონებას შევქმნით დროის ერთეულში. წარმოვიდგინოთ აბსოლუტურად რუტინული დღე, როდესაც თქვენ ავტოპილოტივით ადექით; როგორც ემზადებით ხოლმე, ისე მოემზადეთ; როგორც მიდიოდით სამსახურში, ისე წახვედით; როგორც მუშაობდით, ისე იმუშავეთ; სახლშიც ის მიირთვით, რასაც მიირთმევთ ხოლმე. – მოკლედ, ეს აბსოლუტურად რუტინული დღე თქვენი მოგონებების ყულაბაში საერთოდ არაფერს არ ჩააგდებს, ანუ გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, ეს დღე თქვენს ცხოვრებაში არც ყოფილა, იმიტომ, რომ მასში არაფერი არ ფორმირდა, არაფერმა გამოანათა.
გაიხსენეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღეები, რომლებიც გახსოვთ და უპასუხეთ კითხვას, თუ რატომ დაგვამახსოვრდა ისინი. იცით, რას აღმოაჩენთ? იმიტომ გვახსოვს კონკრეტული დღეები, ზოგი იმდენად მძაფრად, რომ საათობრივადაც შეგვიძლია, გავწეროთ, რომ იმ დღეს რაღაც არაჩვეულებრივი, არარუტინული, განსაკუთრებული ხდებოდა. არ არის აუცილებელი, ვიღაც დაქორწინდეს ან კრიზისული სიტუაცია შეიქმნას – ეს არ არის აუცილებელი! ჩვენ შეგვიძლია, რომ მოვიწყოთ ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრება. რას ნიშნავს ეს? მაგალითად: ისეთი ადამიანის მოკითხვას, რომელსაც დიდი ხანია არ შეხმიანებიხართ, გიყვართ და დადებითი ურთიერთობა გაქვთ მასთან; ყოველდღე რომ კითხულობთ, იმ ხალხის მოკითხვა რუტინაა და დიდი ხნის მოუკითხავს რომ შეეხმიანებით, ეს თავისებურად შეგავსებთ და ბატარეის დატენვის ამბავიც გააქტიურდება. ან კიდევ შეიძლება, ვიღაცასთან არ გქონდათ კარგი ურთიერთობა, ყოფილი თანამშრომელი იქნება თუ სხვა ვინმე, უმეტეს შემთხვევაში, რომ შეეხმიანოთ ამ ადამიანს და ამ დაურეგულირებელი ურთიერთობების გამო თქვენი სინანული გამოხატოთ, ძირითადად, ძალიან დადებითი ემოციით აივსებით; ეს არცერთს არ დაგავიწყდებათ.
რაღაც ახალი უნდა მოსინჯოთ – თუ მიჩვეული არ ხართ საჭმლის მომზადებას, სცადეთ და გარისკეთ! იმას კი არ ვამბობთ, რომ სამუდამოდ მზარეული გახდეთ, გირჩევთ, მოსინჯეთ, სხვანაირად გააკეთეთ რაღაცები. კაბინეტში თუ მუშაობთ, ეზოში გადით, თუ ბევრს დადიხართ ფეხით, შეეცადეთ, ველოსიპედით იაროთ. მოკლედ, რაღაცები უნდა გააკეთოთ, რომ ამ თქვენს ოთახებში ინტერესისა და მიმზიდველობის დონე აწიოთ.
ამონარიდი წიგნიდან – “ცხოვრება ორმოცის შემდეგ”