სტატიები

„ლაბირინთიდან წიგნამდე” – მარიამ ჯამდელიანი

ყველა ზღაპარი როდი იწყება „იყო და არა იყო რა“- თი. ზოგ ზღაპარში მოსახვედრად პატარა მკითხველს, შესაძლოა, ლაბირინთის გავლა მოუწიოს, რომლის ბოლოშიც „უზომოდ ხანგრძლივი ძილიდან“ გამორკვეულ პატარა მამონტს გადაეყაროს –არქეოლოგებმა რომ ყინულის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს, სახელად ანტონი დაარქვეს და პალეონტოლოგიის მუზეუმში გააქანეს.

ასე იწყება ლელა ცუცქირიძის ახალი საბავშვო წიგნი მეგობრობაზე, სამყაროს შეცნობასა და შინ დაბრუნების დაუოკებელ სურვილზე.

მუზეუმში მოხვედრილი ანტონი, არც მეტი, არც ნაკლები, კეთილ ტირანოზავრ სოლომონს გადაეყრება, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სამოთხეში მოხვედრილა, ამადაც ერთგულად იცავს მუზეუმის წესებს და როგორც ექსპონატს შეეფერება – უძრავად და უხმაუროდ დგას დამთვალიერებლების წინაშე. დიდი და ბრძენი მეფის მოსახელე ტირანოზავრი პატარა მამონტსაც აუხსნის მუზეუმში ყოფნის წესებს და მასაც სიჩუმისკენ მოუწოდებს.

ანტონი, ყველა სხვა დამთვალიერებლის მსგავსად, ბიჭუნა იოსაც უსულო ექსპონატი ჰგონია, მანამ, სანამ ანტონს ცნობისმოყვარეობა არ წასძლევს და ბიჭუნას წერა-კითხვის შესწავლას არ სთხოვს. რვა წლის იო ჯერ გაოცდება, შემდეგ კი გადაწყვეტს ბეჯითი მამონტის დახმარებას და მათი მეგობრობის ამბავიც აქედან იწყება.

ერთ დღესაც, ანტონი მშობლიურ არქტიკას აღმოაჩენს რუკაზე, გაახსენდება „თოვლით თითქმის მთლიანად დაფარული უზარმაზარი მდელოები და ფიჭვის ტყეები, მამონტებთან ერთად იქ ბეწვიანი მარტორქები, გამოქვაბულის დათვები, ჩრდილოეთის დიდრქიანი ირმები, ბიზონები თუ ეშვიანი ლომვეფხვები“, მოაგონდება საყვარელი მშობლები და უსათუოდ შინ დაბრუნებას გადაწყვეტს.

და როდესაც ძალიან, ძალიან გვინდა შინ დაბრუნება, აუცილებლად ვბრუნდებით კიდეც ერთგული და კეთილი მეგობრების დახმარებით – ისე როგორც პატარა მამონტი დაადგა სახლის გზას არქტიკისკენ მიმავალი უზარმაზარი ყინულმჭრელი გემით.

წიგნი ისეა შედგენილი, საუკეთესო დამხმარე რესურსად შეიძლება იქცეს მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. გარდა იმ კეთილი ამბისა, რომელსაც ავტორი იუმორით გვიამბობს, წიგნი ბავშვებს შემეცნებით დავალებებსაც სთავაზობს: რებუს-კროსვორდები, გასაფერადებელი გვერდები და სახალისო კითხვარი ხშირად აბრუნებს პატარა მკითხველს ტექსტთან.

წიგნში მოზარდებთან სამსჯელო არაერთ თემასაც ვხვდებით. მშობლებსა და მასწავლებლებს ხშირად გვიწევს ბავშვებთან საუბარი თავშეყრის ადგილებში მოქცევის წესებზე. წიგნის გმირი ტირანოზავრი სოლომონიც გულმოდგინედ უხსნის პატარა მამონტს მუზეუმსა თუ ქუჩაში ქცევის წესებს, ასწავლის იმასაც, თუ როგორ დაიცვას თავი საფრთხისაგან, რომ წერა-კითხვა სუპერ-ძალაა და მისი მეშვეობით მრავალი პრობლემის გადაჭრა შეიძლება.

ვფიქრობ, ავტორისეული ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული პატარა, მხიარული და საინტერესოდ შედგენილი წიგნი „ნანომტი ამტომი“ ბავშვების საყვარელ გზამკვლევად იქცევა ცხოვრებისეულ გზასა და სათავგადასავლო ლაბირინთებში.

#ავტორიავტორზე

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას წიგნზე „მამონტი ამტომი”.

მარიამ ჯამდელიანის წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციასაც ჩვენს საიტზე გაეცნობით – „კუდამელა ბოგის თავგადასავალი”