სტატიები

რატომ შეიძლება იყოს კრიზისი ზრდის შესაძლებლობა? – ფსქიოანალიტიკური პერსპექტივები

    “ფსიქოლოგების მიერ, კრიზისად მიჩნეულია მდგომარეობა, რომლის დროსაც პიროვნება ვეღარ უმკლავდება გარე თუ შიდა ფაქტორებით გამოწვეულ ტანჯვას, რომელსაც მზარდი ტენდენცია აქვს და მის განსამუხტად, უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, უწევს მოქმედება ან გადაწყვეტილების მიღება.  მზარდი დაძაბულობა იწვევს ფსიქიკურ რყევას. ეგო ცდილობს დააბალანსოს როგორც შიდა- ფსიქიკური, ასევე გარე რეალობისგან წამოსული მოთხოვნები, რა დროსაც, აღწერილ შინაგან კონფლიქტთან გასამკლავებლად მიმართავს გარკვეულ დაცვის მექანიზმებს. ფსიქოანალიზში, კრიზისის ცალკე კონცეპტი არ არსებობს, მაგრამ ფროიდი და მისი მიმდევრები კრიზისად, განიხილავენ ინტენსიური  შიდაფსიქიკური კონფლიქტის ან არასტაბილურობის მომენტს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგანი ფაქტორებით, როგორიცაა განდევნილი ლტოლვები ან გადაუჭრელი კონფლიქტები, ან გარე ფაქტორებით, როგორიცაა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენები ან ტრავმა.

კრიზისის დროს, ინდივიდი განიცდის ძლიერ შფოთვას და ეუფლება ერთგვარი გადაუდებლობის განცდა (არსებული სიტუაციის მყისიერად განმუხტვის სურვილი). თავისთავად, ფსიქოსექსუალური განვითარების ყველა გარდამტეხი ეტაპი, კრიზისად განიხილება, როგორც გადამწყვეტი მომენტები ფსიქიკური განვითარების პროცესში. ფროიდი, ვილჰელმ იენსენის გრადივას განხილვისას, მენტალური კრიზისის ერთგვარ მისეულ გაგებას გვთავაზობს. ვკითხულობთ, რა, რომ: „კრიზისია, როცა სრული დაბნეულობისა და გაფანტულობის მდგომარეობაში (ისეთ ქარცეცხლში, რასაც ჩვეულებრივ ვხვდებით ავადმყოფობის კულმინაციაში), ორი დაპირისპირებული ძალიდან, არც ერთს აღარ ძალუძს ურთიერთშორისი ზღვარის გავლება და დინამიური ფსიქიკური რეჟიმის აღდგენა“. ამავე დროს, ფროიდი, ანალიტიკური კუთხით, მიიჩნევდა რომ, ანალიზი შედეგიანია, თუ პაციენტის პათოგენური გამოცდილება წარსულს ეკუთვნის (პაციენტის ეგოსთვის დისტანცირება რომ იყოს შესაძლებელი).

მწვავე კრიზისის პირობებში კი, ანალიზი ნებისმიერი მიზნით გამოუსადეგარია, რადგან ამ დროს, ეგოს მთელ ინტერესს მტკივნეული რეალობა იპყრობს, რის გამოც, იგი თავს იკავებს ანალიზისგან8. შესაბამისად, როცა პაციენტი კრიზისშია, ფსიქოთერაპევტს უწევს ფსიქოანალიტიკური ჩარჩოდან გამოსვლა თერაპიული ჩარჩოს სასარგებლოდ. ეს გრძელდება, იქამდე ვიდრე შიდა- ფსიქიკური ბალანსი არ იქნება აღდგენილი და საკმარისი ფსიქიკური რესურსი ხელახლა მობილიზებული ანალიზის გასაგრძელებლად.

ფსიქოანალიზის თანამედროვე განშტოებებიდან, ეგო ფსიქოლოგიის მიმართულება ეწინააღმდეგება ფროიდის სწორედ ამ მოსაზრებას და მიიჩნევს რომ, მიმდინარე კრიზისი, შეიძლება გახდეს ზრდისა და საკუთარი მე-ს აღმოჩენის შესაძლებლობა, რადგან ის არაცნობიერ კონფლიქტების აქტუალიზაციას ახდენს, რაც მათი თერაპიის შედეგად დამუშავების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ კუთხით, საინტერესოა განვიხილოთ ფსიქოანალიზის დღევანდელი გამოწვევები, კლინიკურ პრაქტიკაში არსებული კრიზისის ფონზე.”

მაია კერვალიშვილის სტატია  ჟურნალიდან,  თემა: ” დღევანდელობის კრიზისის გააზრება ფსიქოანალიტიკური პრიზმიდან”.

ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი (შესაძენად დააჭირეთ სათაურს)