სტატიები
“დეპერსონალიზაცია, თვითგადარჩენის მექანიზმი რეალურის (LE RÉEL) წინაშე”
“დეპერსონალიზაცია მრავალ პათოლოგიაში გვხვდება და სხვადასხვა ფსიქიკურ სტრუქტურებში დაიკვირვება, ამ შემთხვევაში კი, როგორც ტრავმატული მოვლენის შედეგს, ისე განვიხილავთ. ტრავმატიზმის წინაშე მყოფი კარიმისთვის და ბეირუთის პორტის აფეთქების შედეგად დაზარალებული სხვა ლიბანელებისთვის, დეპერსონალიზაცია თავდაცვის მექანიზმად გვევლინება. შეიძლება ითქვას, რომ ეს 214 არის ერთგვარი ფსიქიკური დივერსია იქ, სადაც განდევნამ ვერ იმუშავა. ფროიდი ნაშრომში სიამოვნების პრინციპის მიღმა ტრავმატიზმს განმარტავს, როგორც აგზნების ფარის მთლიანობის რღვევას გარეგანი აგზნების ძალის უცაბედი ზემოქმედებით. ფსიქიკური აპარატის შეუძლებლობა მოახდინოს ლტოლვითი ზე-დაძაბულობის ლიკვიდაცია ტრავმატიზმის მიზეზი ხდება. სიამოვნების პრინციპი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება გარე ძალადობრივი და მოულოდნელი მოვლენის გამო, რომელიც ძლიერ შიშს და ტერორს იწვევს. ჩვეულ ნევროტულ თავდაცვით მექანიზმებს არ შეუძლიათ აგზნების კონტეინირება, რაც მე-ს მთლიანობას უქმნის საფრთხეს. ლაკანისთვის ტრავმატიზმი რეალურთან შეხვედრაა. მოვლენის მოულოდნელობა არ არის ერთადერთი გაუთვალისწინებელი რამ ამ სიტუაციაში, ასევე არაპროგნოზირებადია ამ შეხვედრის შედეგები სუბიექტში. ეს არის შეხვედრა რაღაც უსახელოსთან, რასაც ზოგიერთი დეპერსონალიზაციით უპასუხებს5. მსგავსი ტრავმატული მოვლენის წინაშე აღმოჩენილი სუბიექტი პასუხისმგებელი არ არის ამ მოვლენაზე, ის მოუმზადებელი ხვდება მას. მაგრამ, ის პასუხისმგებელია თავის პასუხზე, არჩევანზე, რასაც ის აკეთებს ტკბობასთან მიმართებაში. მხოლოდ მომხდარ რღვევასთან დაკავშირებული შედეგები აძლევს მოვლენას ტრავმატულ ხასიათს. დეპერსონალიზაცია იქნება ერთ- ერთი იმ პასუხთაგანი, რომელსაც სუბიექტი რეალურთან შეხვედრის სიმბოლური ინტეგრაციის მცდელობისთვის იპოვის.
დეპერსონალიზაცია ეს არის მდგომარეობა, სადაც სუბიექტი თავს იმდენად მოდიფიცირებულად, შეცვლილად გრძნობს, რომ არც საკუთარი თავი და არც გარე სამყარო აღარ ეჩვენება ფამილიალურად. მას გაუცხოების, ირეალურობის განცდა ეუფლება. ის ხდება საკუთარი თავის დამკვირვებელი, თითქოს ნებისმიერი თანხვედრა საკუთარ თავთან პრობლემატური ხდება. დეპერსონალიზაციის მომენტებს შფოთ ვითი დაბნეულობა ახლავს თან, იმის გამო, რასაც გრძნობს სუბიექტი, რის წინაშეც ის გამოსახატ სიტყვებს ვერ პოულობს”
საკუთარი სხეულის დამკვირვებლის პოზიციიდან ყურება, ტრავმატული მოვლენის აღმნიშვნელთა ჯაჭვში მყისიერი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა; ტკბობის აღმნიშვნელთა ჯაჭვში მოხელთებას ხდის შესაძლებელს, იმისთვის რომ უკან არ დაბრუნდეს, არ განმეორდეს. ეს პოზიცია აკავშირებს სუბიექტურობას, რომელიც თავისთავად განიცდება, და სხეულს, როგორც ამ სუბიექტურობის ძველ ადგილს/ ნავსაყუდელს, ისე რომ რაც აქ, ამ დისტანცირებულ სხეულში ხდება არ ახდენს გავლენას იმ ათვლის წერტილზე, საიდანაც სუბიექტი თავის სხეულს შორიდან უყურებს
სუბიექტისთვის, რომელიც სხვა ტკბობას (Jouissance Autre), რეალურს ექვემდებარება, დეპერსონალიზაცია შეიძლება თვითგადარჩენის მექანიზმს, ერთგვარ გამოსავალს წარმოადგენდეს რეალური ტრავმატიზმის წინაშე. ეს გამოსავალი საკუთარ სხეულთან ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს, რაც ტრავმული სიტუაციის სუბიექტივაციის საშუალებას იძლევა.
რენე რუსიონისთვის პარადოქსულია ტრავმირებული სუბიექტების თვითგადარჩენის სტრატეგიასთან დაკავშირებული ძირითადი დაცვის მექანიზმი: სუბიექტი ვერ ახერხებს რეალობაში ექსტრემალური სიტუაციიდან გაქცევას, ამიტომ ის“განუდგება თავის სუბიექტურ გამოცდილებას, დატოვებს, მოიკვეთს მას საკუთარი თავისგან”. სუბიექტი თავისი იმ ნაწილის ანესთეზირების საჭიროების წინაშე დგას, რომელიც აუტანელ ტკივილთანაა კავშირში, ის“კლავს” საკუთარ თავში ამ ნაწილს, იმისთვის რომ გადარჩეს. მაგრამ როგორ ხდება, რომ მატრავმირებელ მოვლენასთან ფრონტალური შეჯახების დროს ზოგიერთი სუბიექტი დეპერსონალიზაციის სიმპტომებს ანვითარებს, ზოგი კი იგივე სიტუაციაში განსხვავებულად რეაგირებს?
ვიცით რომ, ყველა ტრავმატიზმს აქვს ძალა და აქტუალური ხასიათი. თუმცა, აქტუალური ტრავმატიზმი ძველი ტრავმატიზმების კვალზე გადის და ააქტიურებს, მათ რეაქტუალიზაციას ახდენს. სუბიექტებს, რომლებსაც დეპერსონალიზაციის კრიზისი აღენიშნებათ, ისეთი ლატენტური ნარცისული ჭრილობის წინაშე დგანან, რომელიც მე-ს და არა-მე- ს დიფერენციაციის ასაკს შეესაბამება. ეს ნარცისული ჭრილობა, ნარცისული ობიექტის არარსებობისადმი შეუწყნარებლობის შემთხვევაში, რეგრესიის გზით ყოველ ჯერზე აქტიურდება. ეს არის ის რაც ბუვემ უკვე აღნიშნა, ის ამბობს, რომ დეპერსონალიზაციის აქტუალური ფენომენი ბავშვობის კრიზისის მიახლოებითი რეპროდუქციაა, რომლის დროსაც დაირღვა სუბიექტის ობიექტთან დიფერენციაციის ნორმალური ევოლუცია: პათოლოგიური შემთხვევის უშუალო მიზეზი, როგორც ჩანს, მსგავსია იმისა, რამაც განვითარების პროცესი შეაფერხა. ”
ამონარიდი ჟურნალიდან ავტორები: ჰოდა დაგერი, ალინ ჰუსეინი თემა: – “ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა კრიზისის დროს: პოსტ-ტრავმული გამოცდილება ბეირუთის აფეთქების შემდეგ”.
ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი (შესაძენად დააჭირეთ სათაურს)
